მეტალურგიის დარგის ერთ-ერთ უმსხვილეს ქართულ საწარმოს, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია ახალი მენეჯმენტი ჰყავს. “რუსთავის ფოლადის” ახალი გენერალური დირექტორი BMG-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ კომპანიისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტი უნაკერო მილების წარმოების გაფართოება და ექსპორტის ზრდაა.
რაც შეეხება არმატურას, კომპანია ამ ბიზნესიდან გამოსვლას და მის გაყიდვას გეგმავს. რუსთავის ფოლადის დირექტორი ამბობს, რომ 2024 წელს უნაკერო მილების წარმადობის გასამმაგება შეძლეს, სამომავლო გეგმებში კი ამ მაჩვენებლის კიდევ გაორმაგება შედის.
წელიწადნახევარზე მეტია, რაც „რუსთავის ფოლადს“ ახალი მენეჯმენტი ხელმძღვანელობს. რომ მოგვიყვეთ, რა არის თქვენი გუნდის სტრატეგია და როგორია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები ამ დროისთვის?
მოგესალმებით, დიახ ჩვენ 2023 წლის ბოლოდან ვართ კომპანიაში. დარწმუნებული ვარ, მაყურებლებმა იციან, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ძირითადი პროდუქტებია არმატურა, რომელიც მეტწილად ქართული ბაზრისთვისაა განკუთვნილი და უნაკერო მილები. ისტორიულად ასე იყო, 2023 წლამდე, ბოლო წლებში კომპანიის მთავარი აქცენტი ქართული ბაზრისთვის განკუთვნილ არმატურაზე კეთდებოდა. ჩვენ აქცენტი უნაკერო მილებზე გადავიტანეთ. რატომ? იმიტომ, რომ გვჯერა, გვაქვს დიდი შესაძლებლობა, გავზარდოთ მილების წარმოება და გაყიდვები, რადგან ეს პროდუქტი უფრო მაღალ დამატებულ ღირებულებას ქმნის. ჩვენ გვაქვს ცოდნა ამ ტიპის პროდუქტის დასამზადებლად. ის საკმაოდ პოპულარულია მსოფლიო ბაზარზე, ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, 2024 წელს ჩვენმა შემოსავალმა 290 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 20%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. მთავარი წარმატება კი EBITDA მაჩვენებლის შემობრუნება იყო, 2023 წელს ის მინუსში იყო, 2024-ში კი – პლუსში. ეს მაინც არ არის საკმარისი ჩვენთვის და გვჯერა, რომ ამ კომპანიას აქვს უზარმაზარი შესაძლებლობა წარმოების გაზრდისა და ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
თქვენ ნაწილობრივ უკვე უპასუხეთ ჩემს შემდეგ შეკითხვას, როგორ შეაფასებდით ამ წელიწადნახევარს? რისი გაკეთება შეძლო ახალმა მენეჯმენტმა ამ პერიოდში?
ორი სიტყვით შემიძლია შევაფასო ეს პერიოდი - რთული და საინტერესო. იმიტომ, რომ უნაკერო მილების წარმოებაზე მეტი აქცენტის გაკეთება არც ისე ადვილია. ჩვენ უნდა შეგვეცვალა კულტურა, მთელი საწარმოო ჯაჭვი. საწარმოში ახალი სადნობი საამქრო, ფოლადსადნობი კომპლექსი 2022-2023 წლებში აშენდა. ის უკვე აქ იყო, მაგრამ სათანადოდ არ მუშაობდა, რადგან მილებისთვის გვჭირდება უკეთესი ხარისხი, ნაკლები დანახარჯი, უნდა გავამახვილოთ ყურადღება მილებისთვის შესაფერისი ფოლადის წარმოებაზე. ამის შეცვლა იყო საჭირო და გასულ წელს ჩვენ ეს მოვახერხეთ. თუ მილებზე ვისაუბრებთ, 2023 წელს ჩვენ თვეში 1000 ტონაზე ნაკლებს ვაწარმოებდით, რაც ნიშნავს, რომ წელიწადში 10,000 ტონა ვაწარმოეთ. ხოლო 2024 წელს 30,000 ტონამდე გავზარდეთ, რაც ნიშნავს, რომ მილების წარმოება გასამმაგდა. ეს უდიდესი წარმატებაა. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ სვლას მილების წარმოებისა და გაყიდვების ზრდისკენ.
როგორია თქვენი ამჟამინდელი წილი ადგილობრივ ბაზარზე? ამ შემთხვევაში არმატურას ვგულისხმობ, რადგან როგორც ვიცით, ეს პროდუქცია სრულად ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი...
ისტორიულად, ჩვენი წილი არმატურის ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 25% იყო. 30% – სხვა ქართველი მწარმოებლებისთვის და დაახლოებით ნახევარი იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდიოდა. როგორც ვთქვი, ჩვენ ამჟამად უნაკერო მილების წარმოებაზე ვართ ფოკუსირებული და არმატურა ჩვენთვის არც ისე საინტერესოა. ამიტომ, როდესაც გავზარდეთ მილების წარმოება, ზოგჯერ ვამცირებდით არმატურის წარმოებას. ახლა კომპანიის წილი ბაზარზე 20%-ზე ნაკლებია, მაგრამ ეს ჩვენთვის აბსოლუტურად კომფორტულია, რადგან მარჟა ტონა მილზე სამჯერ აღემატება მარჟას ტონა არმატურაზე. როგორც აღვნიშნე, ჩვენ ფოკუსირებული ვართ მილებზე, რაც ნიშნავს, რომ ვამცირებთ არმატურის წარმოებას. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბაზარი, ეს პროდუქტი ჩვენთვის არც ისე საინტერესოა და ახლა განვიხილავთ, რომ შესაძლოა, ეს ბიზნესი გავყიდოთ.
არმატურის ბიზნესის გაყიდვას გულისხმობთ? რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულების გაყიდვა და უნაკერო მილების წარმოებაზე გადართვა?
დიახ, არმატურას ვგულისხმობ. არმატურა ძალიან მარტივი პროდუქტია. ეს არ არის მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქცია. არმატურის წარმოება ფოლადის მწარმოებლებისთვის ყველაზე მარტივი პროდუქციაა. თქვენ უბრალოდ ადნობთ ფოლადს, ამზადებთ არმატურას და სულ ესაა, შემდეგ აგზავნით მომხმარებელთან. ეს არის ძალიან მაღალ კონკურენტული და მერყევი ბაზარი. ის დამოკიდებულია მშენებლობის სექტორში არსებულ სიტუაციაზე. დღეს შეიძლება მიიღოთ მარჟა 100 დოლარი ტონაზე, ხვალ ის იქნება ნული, ზეგ კი 30 დოლარი. თუმცა მეორე მხრივ, უნაკერო მილების წარმოება მოითხოვს ცოდნას, მაღალკვალიფიციურ კადრებს, ეს არის ძალიან ინტენსიური წარმოება და უფრო სტაბილური, რადგან ბაზარი არც ისე მერყეობს. ამ შემთხვევაში არა ადგილობრივ ბაზარზე, არამედ მსოფლიო ბაზარზე ხარ დამოკიდებული. ჩვენი წილი გლობალურ ბაზარზე შედარებით მცირეა და ამიტომ რაიმე საფრთხეს ვერ ვხედავთ, რადგან ჩვენი პროდუქტისთვის ყოველთვის არის ადგილი. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სამჯერ მეტი შემოსავალი ტონაზე. ამიტომ, ეს არის ჩვენი აქცენტი.
შეგიძლიათ გვითხრათ, ვის მოიაზრებთ თქვენი არმატურის ბიზნესის პოტენციურ მყიდველად? არის თუ არა ის ადგილობრივი ბაზრის რომელიმე მსხვილი მოთამაშე?
ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ განვიხილავთ არმატურის ბიზნესის გაყიდვას. ჩვენ საწარმოში ძირითადად სამი მთავარი საამქრო გვაქვს: ფოლადსადნობი, საამქრო, რომელიც არმატურას აწარმოებს და მილების მწარმოებელი საამქრო. შესაბამისად, შეგვიძლია მარტივად გამოვყოთ არმატურის საამქრო. ყველა ეს პროცესი დაკავშირებულია ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შეთანხმებებთან, ამიტომ ვერ ვიტყვი, ვისზე განვიხილავთ გაყიდვას, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი განხილვა გვაქვს.
უფრო კონკრეტულად, რას უკავშირდება თქვენი ეს გადაწყვეტილება? ახსენეთ, რომ არმატურის ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია, ვეღარ უწევთ ადგილობრივ მოთამაშეებს კონკურენციას?
საქართველოს ფოლადის ინდუსტრიას რამდენიმე პრობლემა აქვს. მთავარი პრობლემა ნედლეულის ნაკლებობაა. უცხოეთიდან ნედლეულის იმპორტი საკმაოდ ძვირია. ამიტომ საქართველოში არსებული ყველა ფოლადის ქარხანა ადგილობრივ ნედლეულს ვიყენებთ, მისი რაოდენობა კი როგორც აღვნიშნე, ლიმიტირებულია. ამ ნედლეულისგან შეგვიძლია ვაწარმოოთ მილები ან არმატურა. როგორც აღვნიშნე, მილების წარმოება უფრო მომგებიანია, ამიტომ მასზე გვაქვს აქცენტი. ეს ძალიან მარტივია.
ისევ არმატურის მიმართულებით რომ გავაგრძელოთ, საქართველოში მიმდინარე წელს 8 თვის განმავლობაში არმატურის იმპორტზე გადასახადი იყო დაწესებული, რა შედეგი ჰქონდა ამ რეგულაციას ადგილობრივ ბაზარზე და თქვენს კომპანიაზე?
მოდით, ამას არა გადასახადი, არამედ სპეციალური ზომები დავარქვათ, რადგან ეს სპეციალური ზომებია. აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს მთავრობის მხრიდან, რადგან ჩვენ სამართლიანი კონკურენციის მომხრე ვართ. სამართლიანი კონკურენცია ნიშნავს, რომ ყველა მწარმოებელი ღია ბაზარზე ოპერირებს და მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავე პირობებშია. როგორც იცით, საქართველო ღია საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ კონკურენცია მწარმოებლებს იმავე გარემოდან, იმავე ღია საბაზრო გარემოდან. ხოლო ეს სპეციალური ზომები მიმართულია იმ მწარმოებლების წინააღმდეგ, რომლებიც არასაბაზრო პირობებში ოპერირებენ. ამიტომ საქართველოს მთავრობამ სამართლიანი გარემო შექმნა კონკურენციისთვის. თუ მკითხავთ, შემცირდა თუ არა მნიშვნელოვნად არმატურის იმპორტი? არა. კვლავ ბევრი იმპორტირებული არმატურაა საქართველოს ბაზარზე. ჩვენ კონკურენციას ვუწევთ თურქ მწარმოებლებს. თურქეთი ერთ-ერთი ცნობილი ფოლადის მწარმოებელი ქვეყანაა, ახლა ბევრი მწარმოებელია თურქეთიდან საქართველოს ბაზარზე. ეს ზომები არის იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ქართველი მწარმოებელი სამართლიან კონკურენციაში იყოს სხვა მწარმოებლებთან. ეს არის მთავარი აზრი. ამ ზომების გარეშე, ქართველი მწარმოებლებისთვის ძნელი იქნებოდა გადარჩენა. ამიტომ მე ამ ზომების მომხრე ვარ და ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება ძალიან სწორ დროს.
საინტერესოა, მზარდია თუ არა არმატურის მიმართულებით თქვენი კომპანიის გაყიდვები ადგილობრივ ბაზარზე, თუნდაც ამ სპეციალური ზომების გათვალისწინებით?
ამ ზომების შემდეგ, ჩვენ გაყიდვები ოდნავ გავზარდეთ. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ზომების გარეშე, წარმოება რთული იყო. მაგრამ სტრატეგიულად, ამას ჩვენთვის სურათი არ შეუცვლია, რადგან უნაკერო მილების წარმოება კვლავ უფრო მიმზიდველია.
ვიდრე საექსპორტო ბაზრებზე და ამ მიმართულებით გეგმებზე გადავალთ, მინდა გამოწვევებზეც გკითხოთ. ერთი გამოწვევა თქვენ უკვე ახსენეთ, ნედლეულის დეფიციტი. რა ძირითადი პრობლემების წინაშე დგას ამჟამად ქართული მეტალურგიის ინდუსტრია?
შემიძლია ვთქვა, რომ ამ სექტორში მხოლოდ სამი გამოწვევაა. ეს არის ნედლეულის ნაკლებობა, რადგან დაახლოებით 18,000 ტონა ჯართია ხელმისაწვდომი ყოველთვიურად ამ ბაზრისთვის, სულ ესაა. შეგიძლიათ უცხოეთიდან შემოიტანოთ, მაგრამ ეს დაგიჯდებათ 100-150 დოლარით მეტი ტონაზე, რაც არ არის კარგი. მეორე საკითხია თავად პროდუქციის ბაზარი. საქართველო ძირითადად მხოლოდ არმატურას მოიხმარს, უნაკერო მილების ბაზარი არ არის, მაგრამ ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა არაა. მესამე მთავარი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელთან გამკლავებაც რთულია, ესაა გამოცდილი მუშახელის ნაკლებობა. არა თავად მუშახელის, არამედ კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. შეგიძლიათ დაიქირაოთ ბევრი ადამიანი, თუკი ხელფასს გაზრდით. მაგრამ რაც შეეხება გამოცდილებას, ეს პრობლემაა, რადგან საქართველოში არ არსებობს სპეციალური უნივერსიტეტები ფოლადის ინდუსტრიისთვის. ჩვენ ძველი რუსთავის ფოლადისგან ჯერ კიდევ გვაქვს ტრადიცია, ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ რუსთავის ფოლადში 70-იანი ან 80-იანი წლებიდან, ისინი გამოცდილები არიან, კვალიფიციურები, მაგრამ მათი ასაკი... ისინი ახალგაზრდები არ არიან. ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა ვასწავლოთ ხალხს. ამას ვაკეთებთ ახლა. შეგიძლიათ დაიქირაოთ ახალგაზრდები მაღალი მოტივაციით, რომლებსაც სურთ სწავლა, რომლებსაც სურთ საკუთარი თავის განვითარება და ჩვენ მათ ვასწავლით. ეს ერთადერთი გზაა. ჩვენ ასევე მოწვეული გვყავს ექსპერტები უცხოეთიდან, რომ ვასწავლოთ ახალგაზრდა ქართველ კადრებს. ჩვენს კომპანიაში საშუალო ხელფასი 2025 წელს 20%-ით გაიზარდა. თუმცა როგორც ვთქვი, ფოლადის ინდუსტრიაში გამოცდილი კადრების ნაკლებობაა. ამიტომ ახლა ჩვენს ქარხანაში დაახლოებით 40 ადამიანი მუშაობს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ინდოეთიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან. ჩვენ ასევე ვიწვევთ კონსულტანტებს, ისინი მუშაობენ ნაწილობრივ, დროდადრო. მთავარი მიზანია ვასწავლოთ ახალგაზრდა, მოტივირებულ ქართველებს, მივცეთ მათ ცოდნა, განვავითაროთ ისინი
ჩემი შემდეგი კითხვაც კადრების საკითხს ეხება. ჩვენ ვიცით, რომ ამ ტიპის მსხვილ წარმოებაში თანამშრომელთა გაფიცვები ხშირია. თქვენს შემთხვევაში ეს მიმდინარე წლის მარტში ხდებოდა. როგორ ახერხებს თქვენი მენეჯმენტი ამ ტიპის პრობლემების მოგვარებას?
პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ გაფიცვა სამართლებრივი პროცესია. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონია გაფიცვა, რადგან ეს არ იყო ლეგალური. ხალხმა უბრალოდ შეწყვიტა მუშაობა და ჩვენთან საუბარი დაიწყო. პრობლემა იყო ის, რომ ჩვენ მუდმივად ვცვლით ყველაფერს ქარხანაში. 2023 წელს ჩვენ ვერც კი ვაწარმოებდით მრგვალ ნამზადს მილებისთვის. გვქონდა აღჭურვილობა, გვყავდა ხალხი, მაგრამ ვერ ვაწარმოებდით, რადგან იყო გამოცდილების და ცოდნის ნაკლებობა. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ შევცვალოთ ტექნოლოგია, წარმოების პროცესი, ის, თუ როგორ მუშაობენ ადამიანები. თუმცა ყველა არ ეთანხმება ამას. მაშინაც კი, თუ ეს პროცესი ხელფასების ზრდასთან არის დაკავშირებული. ჩვენ გავზარდეთ ხელფასები. მაგრამ თქვენ იცით, რომ ადამიანებისთვის ყოველთვის რთულია რაღაცის შეცვლა. ზოგჯერ ადამიანები ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი ცხოვრება ისე, როგორც წინა პერიოდებში იყო. ეს იყო მთავარი მიზეზი ამ კომუნიკაციის. ჩვენ მათ ეს ავუხსენით და მივაღწიეთ შეთანხმებას. მუდმივად ვზრდით ხელფასს, ვაკეთებთ სპეციალურ მოტივაციას, როდესაც კონკრეტული პირის ხელფასი დამოკიდებულია მისი მუშაობის შედეგებზე, შევცვალეთ სამუშაო პროცესი. შემიძლია ვთქვა, რომ ზოგი თანამშრომელი დაეთანხმა ამას და ზოგმა დატოვა კომპანია. ესეც ნორმალური პროცესია. ზოგიერთ დანადგარზე ჩვენ თავად შევცვალეთ კადრები. ახლა, ამ მძიმე პერიოდის შემდეგ, ჩვენ გვყავს ხალხი, ვინც მზად არის ცვლილებებისთვის, ვინც მზად არის შეცვალოს ტექნოლოგია, შეცვალოს საკუთარი თავი, ვისაც ესმის, რომ მათი ხელფასი დამოკიდებულია შედეგებზე. შემიძლია ვთქვა, 99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება.
შეგიძლიათ თქვათ, რამდენმა ადამიანმა დატოვა კომპანია გაფიცვის შემდეგ და რამდენი დარჩა? ასევე თქვენ ახსენეთ, რომ ხელფასები გაზარდეთ...
ჩვენს კომპანიაში ხელფასები 2025 წელს 20%-ით გაიზარდა. რაც შეეხება იმ ადამიანებს ვინც ამ ვითარებაში კომპანია დატოვა, დაახლოებით 30-ია მათი რაოდენობა. ახლა ჩვენ 1400-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს. მე ვესაუბრები მათ დროდადრო. თუ ელაპარაკებით ხალხს, 95%-ს ესმის ყველაფერი. 95% მზად არის იმუშაოს. თუმცა ასევე როგორც წესი, არსებობს ადამიანების მცირე ჯგუფი, ვინც ყველაფრის წინააღმდეგია. შესაბამისად, მათ დატოვეს კომპანია.
რეგულაციებზეც რომ ვისაუბროთ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულებით არაერთი რეგულაცია შემოვიდა. რამდენად ზრდის ეს რეგულაციები ხარჯებს და როგორ ერგება კომპანია ამ მოთხოვნებს?
ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამ ზომების მომხრე ვართ, რადგან პასუხისმგებლიანი კომპანია ვართ. მიმაჩნია, რომ ისეთი ინდუსტრიაც კი, როგორიცაა ფოლადის მრეწველობა, სუფთად უნდა მუშაობდეს, რადგან ყველა, ვინც „რუსთავის ფოლადში“ მუშაობს, რუსთავში ცხოვრობს. მათი ოჯახები და შვილებიც რუსთავში ცხოვრობენ. ჩვენი მიზანია, წარმოება იყოს სუფთა და უსაფრთხო ყველასთვის. ამიტომ, ჩვენ 100%-ით ვუჭერთ მხარს ამ ზომებს. ვიყენებთ ყველა საჭირო აღჭურვილობას. შემიძლია ვთქვა, რომ წარმოების ღირებულება მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. ეს არ არის დიდი პრობლემა, რადგან, თუკი ხარისხზე მუშაობ, შეგიძლია ფასი 10, 15 ან 20 დოლარით გაზარდო. გარემოსდაცვითი საკითხების ღირებულება კი 3, 5 ან 10 დოლარია. კონცენტრაცია უნდა მოახდინო შენს პროდუქტზე, მის ხარისხზე და არა გარემოსდაცვით ზომებზე კამათზე. ამიტომ, ჩვენ 100%-ით ვართ მომხრე, ვნერგავთ ყველაფერს, რაც გვჭირდება და რასაც მთავრობა მოითხოვს. ეს აბსოლუტურად ნორმალური პროცესია.
თქვენ ახსენეთ, რომ მეტალურგიის დარგისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მცირე ბაზარია. როგორია ამ სექტორის განვითარების პერსპექტივები საქართველოში, მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში?
ვფიქრობ, ყოველთვის იქნებიან კომპანიები, რომლებიც იმუშავებენ არმატურის ბაზარზე, რადგან არმატურა კვლავ საჭიროა საქართველოში და ვიღაც აწარმოებს მას. მაგრამ, როგორც ვთქვი, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის, რადგან ჩვენს კომპანიას გვაქვს სხვა ცოდნა - მილების წარმოების ცოდნა და შესაბამისი აღჭურვილობა. ჩვენ გაგვიმართლა, ყველას ასე არ უმართლებს. ამიტომ, არმატურა კვლავ იწარმოება საქართველოში. სხვა პროდუქტებისთვის, მაგალითად, უნაკერო მილებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია საექსპორტო პოტენციალის განვითარება. ეს ერთადერთი გზაა ფოლადის ინდუსტრიის განსავითარებლად. ერთი საინტერესო ფაქტი შემიძლია გითხრათ, 2024 წელს, მას შემდეგ რაც მილების წარმოება გავზარდეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტზე იმაზე მეტი ღირებულების ქართული მილები გავიტანეთ, ვიდრე ამავე პერიოდში ქართული ღვინო გავიდა ექსპორტზე ამ ბაზარზე. ჩვენ ყველას ვუხსნით, რომ საქართველოს ყველა იცნობს, როგორც ღვინის ცნობილ მწარმოებელს, მაგრამ ზოგიერთი მიმართულებით, ჩვენი პროდუქციის ექსპორტი ღვინისას აღემატება.
ჩემი შემდეგი შემდეგი კითხვა სწორედ ექსპორტის საკითხს ეხება. როგორია თქვენი კომპანიის ამჟამინდელი პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე?
ჩვენ მიერ წარმოებული უნაკერო მილების 100% ექსპორტზე გადის. პროდუქციის ნახევარი აშშ-ში გადის, ნახევარი - ევროპაში. ეს ქვეყნებია იტალია, ნიდერლანდები, გერმანია, პოლონეთი, მცირე რაოდენობით რუმინეთი. მცირე მოცულობები მეზობელ ქვეყნებშიც გადის. თუ მილების მსოფლიო ბაზარზე ვისაუბრებთ, ჩვენ საკმაოდ მცირე წილი გვაქვს და მიგვაჩნია, რომ ეს უპირატესობაა, რადგან ნამდვილად არ ვართ დამოკიდებული მსოფლიო ბაზრის რყევებზე, არსებული მოცულობის გაყიდვა ყოველთვის შეგვიძლია. რატომ აშშ? იმიტომ, რომ შეერთებული შტატები ნავთობისა და გაზის მილების პირველი ბაზარია. აშშ-ში საკმარისზე მეტი სივრცეა, შტატებს წლიურად 1 მილიონ ტონაზე მეტი მილების იმპორტი აქვს. სწორედ ამიტომ, ეს ჩვენი მთავარი ფოკუსია. რატომ ევროპა? იმიტომ, რომ ევროპა ჩვენთან ახლოსაა და ეს არის ძალიან დიდი ბაზარი მექანიკური მილების თვალსაზრისით. ორივე ეს ბაზარი მზად არის, იყიდოს ჩვენი პროდუქცია. ისინი ითხოვენ ხარისხს, სერვისს, მიწოდების დროს და მზად არიან გადაიხადონ. ეს კარგი შანსია, გავზარდოთ ჩვენი წილი საექსპორტო ბაზარზე.
თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენი წარმოება არც ისე დიდია. თუმცა რამდენად სტაბილურია ამ პროდუქციაზე მოთხოვნა და ფასები საექსპორტო ბაზრებზე? როგორც ვიცით, ამჟამად ფოლადის გლობალურ ბაზრებზე მერყევი ვითარებაა და მეტალურგიის დარგის წარმომადგენლების ნაწილი ფასების ვარდნას და მოთხოვნის სიმცირეს უჩივის...
თუ ფოლადის მსოფლიო ბაზარზე ვსაუბრობთ, სხვადასხვა პროდუქტზე უნდა ვილაპარაკოთ. არსებობს საბირჟო პროდუქტები, როგორიცაა კვადრატული ნამზადი, არმატურა, ხვეულები. ამ ტიპის პროდუქტები იწარმოება ყველა ქვეყანაში, უამრავი მწარმოებელია და ისინი თითქმის ერთნაირია. ვერ გაარჩევ, სად იწარმოა ეს არმატურა - საქართველოში, თურქეთში თუ სადმე სხვაგან. ამ ტიპის პროდუქტებზე ფასები ყოველთვიურად იცვლება. თქვენ მართალი ხართ, ახლა არ არის საუკეთესო პერიოდი ფოლადის მსოფლიო ბაზარზე, ფასები ეცემა. ამიტომ ზოგიერთმა მწარმოებელმა შეამცირა წარმოება. ეს ნორმალური სიტუაციაა, რადგან დღეს თუ არ არის საუკეთესო დრო, ხვალ უკეთესი იქნება, შემდეგ ისევ გაუარესდება და ა.შ. ჩვენი პროდუქციის შემთხვევაში კი ცოტა სხვაგვარადაა, რადგან მილების მომხმარებლები ნავთობისა და გაზის კომპანიები არიან. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევხედოთ არა ფოლადის, არამედ მაგალითად, ნავთობის ბაზარს. ეს ბაზარი კი ყოველთვის უფრო სტაბილურია, წარმოების, ნავთობის რაოდენობის თვალსაზრისით და უფრო მაღალ დამატებულ ღირებულებას ქმნის. მაგალითად, დღეს საქართველოში არმატურის ფასი დაახლოებით 550 დოლარია ტონაზე, ქარხანაში, დღგ-ს გარეშე. ხოლო მილის ნორმალური ფასი დაახლოებით 1000 დოლარია ტონაზე. ეს უზარმაზარი განსხვავებაა.
დასასრულისკენ რომ წავიდეთ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები პროდუქციის წარმადობის გაზრდის და საექსპორტო ბაზრების განვითარების მიმართულებით?
როგორც აღვნიშნე, მთავარი აქცენტი მილების წარმოების ზრდაზე გვაქვს და 2024 წელს წარმადობა 30 000 ტონამდე გავზარდეთ. წელს ცოტა მეტს ვაწარმოებთ. ჩვენი შემდეგი გეგმაა წელიწადში 60 000 ტონა, რის მიღწევასაც 1-2 წელში ვგეგმავთ. ახლა ჩვენ საწარმოო პრობლემების წინაშე ვდგავართ, რადგან ჩვენი ძირითადი აღჭურვილობა საკმაოდ ძველია, ვგულისხმობ დანადგარებს, რომელიც მილებს აწარმოებს. პირველი ნაბიჯები იყო დიდი ინვესტიციების გარეშე ან მცირე ინვესტიციებით და ამ მაჩვენებლებს მივაღწიეთ. შემდეგი ნაბიჯები მოითხოვს მცირე ინვესტიციებს, რის განხორციელებასაც ახლა ვიწყებთ. დარწმუნებული ვარ, 2027 წლისთვის კვლავ გავაორმაგებთ ჩვენს წარმოებას და მივაღწევთ 60 000 ტონას. შემდეგ, დაგვჭირდება ცოტა მეტი ინვესტიცია. უკვე ვამუშავებთ ამ გეგმებს და 2028-2029 წლებში მზად ვიქნებით, მივაღწიოთ 120 000 ტონას წელიწადში. ეს არის მთავარი მიზანი. მომდევნო ერთი-ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 5-10 მილიონი დოლარის ინვესტირებას ვგეგმავთ. რაც შეეხება საექსპორტო გეგმებს, 2024 წელს 30,000 ტონა გავიტანეთ ექსპორტზე, წელს კი მინიმუმ 35 ათასი ტონა იქნება, რაც დაახლოებით 20%-იან ზრდას ნიშნავს. ასევე შეჯამებისთვის მინდა ვთქვა, ქვეყნების უმეტესობა არმატურას აწარმოებს, თუმცა თუკი უნაკერო მილებზე ვსაუბრობთ, მსოფლიოში 30-ზე ნაკლები ქვეყანა აწარმოებს ამ პროდუქტს. შესაბამისად, ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო შეიძლება იყოს ძლიერი მოთამაშე ამ ნიშაში. ჩვენი მიზანია, განვავითაროთ ეს შესაძლებლობა საქართველოში, გავზარდოთ მილების წარმოების მოცულობა, ვასწავლოთ ხალხს, როგორ აწარმოონ ეს პროდუქცია და გავხდეთ ძლიერი, სანდო მწარმოებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის.




























