GEOCASE-ის დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ სასანქციო პოლიტიკასა და იმ ეფექტებზე საუბრობს, რაც საქართველოს დასანქცირებას შეიძლება მოჰყვეს.
მისი შეფასებით, ევროკავშირსა და აშშ-ს სანქციებს შორის განსხვავება ის არის, რომ ევროკავშირისგან განსხვავებით, აშშ ნაკლებად შებოჭილია ასეთი ღონისძიებების გატარების თვალსაზრისით.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, როდესაც სასანქციო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, არცერთ სასანქციო პოლიტიკას არ აქვს ჯადოსნური ჯოხის ეფექტი. ხშირ შემთხვევაში ეს არის საშუალოვადიანი პერსპექტივა და იშვიათ შემთხვევაში არის გრძელვადიანი პერსპექტივა. არის შემთხვევები, როდესაც ამ ყველაფერს შედეგი საერთოდ არ მოჰყვება. ვინაიდან, სახელმწიფო ძალიან თავისებურია, ჩვენ არ შეიძლება თვითკმარი ვიყოთ ან არ შეიძლება საერთაშორისო პოლიტიკისგან განზე გავდგეთ. ჩვენ გარკვეული სისტემის წევრი უნდა ვიყოთ. აქედან გამომდინარე, ანგარიში უნდა გავუწიოთ ამათუ იმ დინებებს. ჩემი მოსაზრებით, ასეთ სასანქციო ღონისძიებებს საშინაო პოლიტიკაში, წესით გავლენა უნდა ჰქონდეს, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ შემადგენელი ნაწილია დიდი საგარეო სურათის.
აშშ ევროკავშირისგან განსხვავდება იმით, რომ ასეთი ღონისძიებების გატარებისას ნაკლებად შებოჭილია, რადგან ევროკავშირი უფრო რთული სისტემაა. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში ძალიან თავისუფალნი არიან ისეთ შეფასებებში, როგორიცაა დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების შელახვა და ა.შ. ასეთი კრიტერიუმები, რომელიც სტანდარტებს, ღირებულებებს უკავშირდება, დისკრეცია ანუ თავისუფლება აზრის ფორმირებისა უფრო მეტია, ვიდრე ევროკავშირში. ამრიგად, როდესაც ვმსჯელობთ ევროკავშირი იქნება თუ აშშ, სანქციების ალბათობაში, ეფექტში ან მყისიერებაში ეს ყველაფერი მხედველობაში უნდა მივიღოთ. რაც შეეხება ევროკავშირის ასპექტს, ევროკავშირის მხრიდან ინდივიდუალური სანქციების დაწესება პრობლემატურია, თვითონ ევროკავშირის ბუნებიდან გამომდინარე. ევროკავშირს რჩება რეალურად ის ინსტრუმენტები, რაც ქვეყანასთან აქვს. ეს არის კანდიდატის სტატუსი, უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება", - განმარტავს ყიფიანი.
GEOCASE-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ზღვრამდე მივა, სავარაუდოა, რომ ევროკავშირი აღნიშნული სამ ოფციას შორის მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური კუთხით.