მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მინიმალური ხელფასის შემოღებამ საქართველოში

5dc9054c43f9c
ირაკლი მაკალათია
11.11.19 20:00
5651
საქართველოს პროფკავშირების ინიციატივით, მინიმალური ხელფასი თვეში 320 ლარით უნდა განისაზღვროს, ხოლო დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით კი, 520 ლარი და 91 თეთრით, ხოლო გასულ წელს მოქალაქე მაკა მინდიაშვილის საკანონმდებლო წინადადება დასაქმებულთათვის მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებად 5 ლარს გულისხმობდა, რაც კვირაში 40 საათიანი სამუშაო პირობებში თვეში მინიმალური ხელფასი 800 ლარს უდრის, ხოლო 48 საათიანი სამუშაო პირობებში - 960 ლარს. ბოლო ინიციატივას მისი მაღალი ზღვარის გამო დიდი გამოხმაურება არც ჰქონია.

რაც შეეხება პროფკავშირებისა და დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის მიერ მოთხოვნილ მინიმალური ხელფასის ზღვრებს, არც ერთი მაჩვენებელი არ ეფუძნება რეალურ მეთოდოლოგიურ გაანგარიშებებს, მხოლოდ ემოციური განწყობითა და ზოგადი სტატისტიკური ინფორმაციის დაკვირვების შედეგად არის მიღებული. კერძოდ; პროფკავშირების წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ თვეში 320 ლარზე დაბალი ხელფასი 130 000 დაქირავებით დასაქმებულს აქვს და კანონპროექტიც სწორედ მათ შეეხებათ, ხოლო ბექა ნაცვლიშვილის მოსაზრებით კი, მინიმალური ხელფასი უნდა შეადგენდეს საშუალო ხელფასის 45%-ს. პირველ შემთხვევაში მეთოდოლოგიურად არ არის განმარტებული, თუ რატომ აირჩიეს 320 ლარი და რატომ არა უფრო მაღალი ან უფრო დაბალი ხელფასის ზღვარი, ან დაქირავებით დასაქმებულთა რა სოციალურ კატეგორიის მოცვაზეა საუბარი. ამავე დროს არ არის გათვალისწინებული ეკონომიკის დარგებსა თუ რეგიონებს შორის განსხვავებული ხელფასების დონეები. ასევე, გვყავს დასაქმებულები რომლებიც ორ ან მეტ ადგილზე მუშაობენ თითოეული 320 ლარზე ნაკლებს უხდის თუმცა ჯამში 320 ლარზე მეტი ხელფასი აქვთ, (მაგ; ბუღალტრები), ხელფასების დათვლაში კი, ხელფასების მოცულობები იქნა აღებული და არა კონკრეტული ადამიანების ჯამურ ხელფასი, ამიტომ 130 000 დასაქმებული დაუზუსტებელი რიცხვია, რაც აღნიშნული კანონპროექტის მეთოდოლოგიურ ნაკლოვანებას წარმოადგენს. არ ვსაუბრობთ რომ ამ ადამიანებს სოციალურად კარგი პირობები აქვთ, მხოლოდ პროფკავშირების მიერ შემოთავაზებული ციფრების კონსტანტირებას ვახდენთ. ამავე დროს ნათქვამია, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად უნდა გადაიხედოს, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ეკონომიკურ კონდიციებში უნდა იყოს ქვეყანა, როცა მინიმალური ხელფასის მორიგი გადახედვა მოხდება.

მაშინ როცა საშუალო ხელფასის გამოთვლას და არსებულ საშუალო ხელფასს აკრიტიკებენ, რომ ის ვერ ასახავს რეალურ სურათს, რატომ იყენებენ მას მინიმალური ხელფასის გამოთვლაში და არ გვთავაზობენ ახალ მეთოდოლოგიას?

თუ მინიმალური ხელფასის გაანგარიშებისათვის საშუალო ხელფასის მაჩვენებელს ვიყენებთ - როცა დაწესდება საშუალო ხელფასის 45%-ად მინიმალური ხელფასი, ეს გამოიწვევს 520 ლარზე მცირე ხელფასების ხელოვნურად აწევას და 520 ლარზე გათანაბრებას. საშუალო ხელფასის ახალი გადაანგარიშებისას კი, როცა ყველა ეს ხელფასის მაჩვენებელი შეიკრიბება და მისი საშუალო გამოითვლება, საშუალო ხელფასის დონეც გაიზრდება და საშუალო ხელფასის 45%-იც უფრო მაღალი აღმოჩნდება ვიდრე დადგენილი მინიმალური ხელფასი 520.91 ლარი, რაც მომდევნო წელს მინიმალური ხელფასის თავიდან გადათვლის საჭიროებას დააყენებს. თუ ცხადია, ეს ერთჯერადი ინიციატივა არ არის.

რა შეიძლება გამოიწვიოს მინიმალური ხელფასის მიღებამ?

რა მოხდება თუ თქვენ, როგორც დამსაქმებელს გაიძულებენ გაზარდოთ ხეფასი, რას მოიმოქმედებთ? ხელფასი ეს არის დაქირავებით დასაქმებულის ანაზღაურება, რომელსაც იხდის დამქირავებელი. თუ დამქირავებელს კანონის ძალით ვაიძულებთ, რომ გაზარდოს ხელფასი, ამით მას გაეზრდება წარმოების დანახარჯები, მოგების მაქსიმიზაციის მოტივით კი გააძვირებს გამოშვებულ პროდუქციას ან ეცდება შეამციროს წარმოების დანახარჯები, რისთვისაც გაანთავისუფლებს თანამშრომლებს, ხოლო ეს თანამშრომლები პირველ რიგში დაბალ ანაზღაურებადი ადამიანები იქნებიან. მეორე და ნაკლებად შესაძლო ვარიანტი - მაღალ ანაზღაურებად თანამშრომლებს შეუმცირებს ხელფასებს, რაც პირველ რიგში კვალიფიციური კადრების მოტივაციის შემცირებას გამოიწვევს და შესაბამისად აისახება წარმოებაზე. ასევე დაბალ საფეხურზე მყოფი დასაქმებულების კარიერული ზრდის მოტივაციაც შემცირდება, შესაბამისად ადამიანები თვითგანვითარებაზეც აღარ იფიქრებენ. ის არგუმენტი, რომ მწარმოებელი მაინც გადაიხდის, დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში შეიძლება გავრცელდეს ერთეულ მსხვილ ფინანსურ კომპანიებზე, სამაგიეროდ მცირე და საშუალო ბიზნესზე პირდაპირ პროპორციულად აისახება ფინანსური ვალდებულების წნეხი, რომელთაც მოუწევთ დასაქმებულთა განთავისუფლება ან/და პროდუქციის გაძვირება. ამ პირობებში დიდ კომპანიებსაც გაეზრდებათ ფინანსური დანახარჯები. მაშინ როცა საუბარია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, ხოლო მინიმალური ხელფასის შემოღებით მათ ხელოვნურად ვუზრდით დანახარჯებს, ამით ვანადგურებთ არსებულ მცირე ბიზნეს სუბიექტებს და პარალელურად ხელს ვუშლით მცირე ბიზნესის დაწყებას.

საბოლოოდ მინიმალური ხელფასი, რომლის მიღება დაბალ შემოსავლიანი დასაქმებულების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის გვინდა, სწორედაც რომ დაბალ შემოსავლიანი ადამიანების ცხოვრების დონის გაუარესებას გამოიწვევს და პირველ რიგში მათზე აისახება ის ნეგატიური ეკონომიკური ეფექტები, როგორიცაა: სამსახურიდან დათხოვნა, არაფორმალური დასაქმება, ახალი სამუშაო ადგილების შემცირება და პროდუქტებზე ფასების ზრდა.

არაფორმალური დასაქმება

ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა არაფორმალური დასაქმებაა, როცა დამსაქმებელი დასაქმებულებს მინიმალური ხეფლასის ქვემოთ ხელფასს სწორედაც რომ ,,კონვერტით’’, გადასახადების გვერდის ავლით გადაუხდის, ამ პირობებში დამსაქმებელს უფრო მეტი გავლენა ექნება რომ დაბალი ანაზღაურება გადაუხადოს დაქირავებულს, ან მაღალი ხელფასის ჩარიცხვის შემდეგ ნაწილს უკან დააბრუნებინებს, ან ჯარიმების დაწესებით დაუქვითავს ხელფასს და ა.შ. აღნიშნული რეგულაციის გვერდის ავლას ბევრი დამსაქმებელი გადაწყვეტს, რითაც კიდევ უფრო გააუარესებს დასაქმებულთა შრომის პირობებს. ეკონომიკური აქტიურობისა და შესაბამისად უმუშევრობის დონეც ყველაზე მაღალი ახალგაზრდებშია, რომლებიც სტაჟირებისა თუ სხვა დაბალ ანაზღაურებადი სამსახურებით სწავლის პარალელურად აგროვებენ გამოცდილებას, ამ ახალგაზრდებში კიდევ უფრო გაამწვავებს უმუშევრობის პრობლემას.

რა არის გამოსავალი?

თუ მინიმალური ხელფასის დაწესება არ არის გამოსავალი, მაშინ რა არის პრობლემის გადაჭრის გზა? სწრაფი ეკონომიკური განვითარება, შედეგად წარმოებისა და ბიზნესის ზრდა, რაც გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენასა და კონკურენციის დონის ზრდას. სწორედ ამ საკითხების განხილვა უნდა ხდებოდეს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეკონომიკის ზრდა და ქვეყნისა და მისი მოქალაქეების გამდიდრება, იმ პირობებში, როცა ეკონომიკური რესურსების (სახნავ-სათესი და სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, ურბანული მიწები, უზარმაზარი წიაღისეულის რესურსი, უამრავი შენობა-ნაგებობა) მთავარი მესაკუთრე დღეს სახელმწიფოა, რომელსაც უბრალოდ დაკონსერვებულად უდევს, ანულებს ქვეყნის სიმდიდრეს, ეს აქტივები არ აქვს ჩართული ეკონომიკაში, რითაც გაზრდიდა ეკონომიკას, წარმოებას, შექმნიდა სამუშაო ადგილებს და რის გამოც ხელოვნურად აღარიბებს მის მოქალაქეებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები