„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, 2024 წლის 6 თვეში თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-იანი კლებით დასრულდა. ყველაზე დიდი მოთხოვნა აპრილში, ყველაზე მცირე კი ივნისში იყო.
როგორც უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა სალომე დეისაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, საშუალო გასაყიდი ფასი თბილისში 1200$-ია, რაც წინა წლის მონაცემებს 4%-ით აღემატება.
„რომ შევაჯამოთ 6 თვე, მნიშვნელოვანია სურათი სწორად აღვიქვათ კვარტალების ჭრილში, რადგან აქ მდგომარეობა განსხვავებული გვქონდა. პირველ კვარტალში მოთხოვნა დასტაბილურდა, რაც მოსალოდნელი იყო მიგრანტების ეფექტის ამოწურვით. რაც შეეხება მეორე კვარტალს, ძლიერი იყო აპრილი, რომელსაც მაის-ივნისში მოჰყვა როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში შემცირება. 6 თვეში იყო 3%-იანი კლება. მაისში -7% და ივნისში -20%.
ტრანზაქციების მხრივ ლიდერია კვლავ დიდი დიღომი და საბურთალო, ნაკლები ფიქსირდება გლდანი-სამგორის მიმართულებით.
ვფიქრობთ, ეს განპირობებულია გადავადებული მოთხოვნით და მნიშვნელოვანი იქნება როგორ გაგრძელდება ტრენდი. როგორც წესი ნოემბერსა და დეკემბერში ტრანზაქციები ყოველთვის ძლიერია.
2024 წლის აპრილში ძლიერი მოთხოვნა გვაფიქრებინებს იმას, რომ ფუნდამენტური ფაქტორები არის მნიშვნელოვანი. აქ გვაქვს ურბანიზაცია, მაკროეკონომიკური გარემო. გადავადებული მოთხოვნა როგორი იქნება რთულია ამ ეტაპზე ამის თქმა, თუმცა პანდემიის გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის ასახვა სწორედ მომდევნო პერიოდში მოხდა.
ფასებსაც რომ შევხედოთ, 6 თვეს საშუალო ფასი 1 200$-ია კვ.მ-ზე რაც წინა წელთან შედარებით 4%-ით მეტია“, - განაცხადა სალომე დეისაძემ.