მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შეიძლება უარყოფითად აისახებოდეს ბუნებრივი გაზის უწყვეტ მიწოდებაზე? - აუდიტის მიგნებები

გაზი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2022-2023 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

დოკუმენტის თანახმად, 2022-2023 წლებში კორპორაციამ ვერ უზრუნველყო მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში კაპიტალური სამუშაოების დასრულება, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს გაზის ტრანსპორტირების სისტემის სათანადოდ მუშაობასა და ბუნებრივი გაზის უწყვეტ მიწოდებაზე.

"საქართველო ენერგეტიკულად მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბუნებრივ გაზზე. შესაბამისად, ტრანსპორტირების სისტემის გამართულადფუნქციონირებას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში სტაბილური სოციალური და ეკონომიკური გარემოს შენარჩუნებისთვის.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, [2021 წლის 25 მარტის N129 დადგენილება „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ] კორპორაციას და მის შვილობილ კომპანიას ─ ქსელის მესაკუთრეს, ერთობლივად დაევალათ რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება, შემდგომ მათი „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ მფლობელობაში გადაცემის მიზნით. დასრულების ვადად განისაზღვრა 2022-2023 წლები.

ამასთანავე, ქსელის მესაკუთრეს დაევალა წელიწადში ორჯერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“.

2022-2023 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ფაქტობრივადახორციელებდა კორპორაცია, რომელმაც ვერ უზრუნველყო პროექტების დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში დასრულება, მისი შვილობილი კომპანიის ქსელის მესაკუთრე კი შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს არ წარუდგენდა შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“", - წერს აუდიტი.

2024 წლის 29 თებერვლის მთავრობის N57 დადგენილებით, პროექტების დასრულება ძირითადად გადავადდა 2024-2026 წლებამდე.

ცხრილში წარმოდგენილია ინფორმაცია პროექტების თავდაპირველი და გადავადებული დასრულების ვადების შესახებ.

აღნიშნული შვიდი პროექტიდან სამი, მიმდინარე, 2026 წლამდეა გადავადებული:

აუდიტის თანახმად, მიღებული განმარტებით, პროექტების ვადის გადაცილება რიგ შემთხვევაში გამოწვეული იყო კორპორაციაში არსებული ფინანსური სირთულეებით, სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაციით, მიმდინარე სასამართლო დავებით და სხვა გარემოებებით.

ცნობისთვის: „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ხელმძღვანელი 2022 წლის ივნისიდან, 2025 წლის ივლისამდე გიორგი ჩიქოვანი იყო. გიორგი ჩიქოვანმა თანამდებობა "პირადი განცხადების საფუძველზე" დატოვა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად ეკატერინე სისაური დაინიშნა.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია დივერსიფიცირებული კომპანიაა ენერგეტიკის სხვადასხვა სეგმენტში. კორპორაცია საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის მფლობელია, რომლის ფუნქციაც არის ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ტრანსსასაზღვრო ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები