მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეიცვლება საფრანგეთში არჩევნების შემდეგ?

საფრანგეთი

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. მეორე ტურში, ეგზიტპოლის მიხედვით, მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული ერთობა“ მესამე ადგილზე გავიდა, რაც ყველასათვის მოულოდნელი მარცხი იყო.

როგორც ჩანს, პირველ ადგილზე მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“ გავიდა, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა გაერთიანებამ მეორე ადგილი დაიკავა.

წინასწარი შედეგების მიხედვით, „ახალი სახალხო ფრონტი,“ რომელიც ხუთი პარტიისგან შედგება, პარლამენტში 182 ადგილს მოიპოვებს. მაკრონის კოალიცია სავარაუდოდ 163 ადგილს აიღებს, ხოლო ლე პენის „ეროვნული ერთობა“ ახალ პარლამენტში 143 ადგილით იქნება წარმოდგენილი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს წინასწარი შედეგებია და ხმის დათვლის პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ საფრანგეთის პარლამენტში სრული უმრავლესობის მოპოვებისთვის 289 ადგილია საჭირო.

უნდა აღინიშნოს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად ამომრჩეველთა 60% გამოცხადდა, რაც 1981 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საინტერესოა, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია, მარინ ლე პენის „ეროვნული ერთობა“ 33.2%-ით ლიდერობდა, ხოლო მეორე ადგილზე მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“ ხმების 28%-ით გავიდა. პირველ ტურში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება მესამე ადგილზე გავიდა, ხმების 20%-ით. მეოთხე ადგილზე მემარჯვენე „რესპუბლიკელები“ გავიდნენ, ხმების 6.6%-ით. თუმცა, როგორც ჩანს, მეორე ტურში ვითარება არსებითად შეიცვალა და ეს შედეგითაც ჩანს.

დამარცხების მიუხედავად, „ეროვნული ერთობის“ ლიდერებს, მარინ ლე პენსა და ჟორდან ბარდელას მომავალი არჩევნების იმედი აქვთ. ორივე მათგანი ამბობს, რომ დღევანდელი შედეგები სამომავლო გამარჯვების საწინდარი იქნება. ლე პენმა აღნიშნა: "ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაავადეს... ვხედავ ხვალინდელი გამარჯვების საძირკველს დღევანდელ შედეგებში."

ეროვნული ერთობის პრეზიდენტმა, ბარდელამ თქვა, რომ „უღირსმა ალიანსმა“ ფრანგ ხალხს ეროვნული ერთობის გამარჯვება წაართვა. "ამ ალიანსებმა საფრანგეთი რადიკალი მემარცხენეების ხელში ჩააგდეს," - თქვა ბარდელამ და დაამატა, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა ქვეყანას „გაურკვევლობისკენ და არასტაბილურობისკენ“ უბიძგა.

ბარდელამ ისიც აღნიშნა, რომ დღევანდელი შედეგები „ეროვნული ერთობისთვის“ მნიშვნელოვანი წინსვლაა და ეს „ხვალინდელი გამარჯვების საწინდარია“.

არჩევნების შედეგების გასაჯაროების ფონზე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი, სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ პრეზიდენტ მაკრონს გადადგომასთან დაკავშირებით წერილს გაუგზავნის.

რა შედეგს გამოიღებს ეს არჩევნები? - „ახალი სახალხო ფრონტის“ გამარჯვება მიანიშნებს, რომ მემარცხენე პოლიტიკა საფრანგეთში კვლავ აქტუალურია. მათი ძირითადი მიზნები სოციალურ თანასწორობას, მდგრად განვითარებასა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას მოიცავს. პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით, ისინი შეძლებენ, მნიშვნელოვანი ცვლილებები გაატარონ, რაც ახალ სოციალურ პროგრამებთან და საგარეო პოლიტიკის გადახედვასთან იქნება დაკავშირებული.

მაკრონის გუნდს გარდაუვალად მოუწევს კომპრომისებზე წასვლა, რათა უზრუნველყოს საკანონმდებლო პროცესის წარმართვა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება. მოგეხსენებათ, მისი ცენტრისტული პოლიტიკა მიმართულია ეკონომიკური რეფორმებისა და ევროკავშირის გაძლიერებისკენ, რაც მემარცხენეებისა და ულტრამემარჯვენეებისთვის მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

საფრანგეთის პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილება ახალი რეფორმების გატარებას და ძირეული პრობლემების მოგვარებას მოითხოვს. საპარლამენტო არჩევნების შედეგები მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს ქვეყანაში. ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ, შესაძლოა, პოლიტიკური კონკურენცია გააუმჯობესოს, თუმცა დაპირისპირებისთვისაც ახალი შესაძლებლობები იქმნება. პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობა და კომპრომისები აუცილებელი გახდება ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს საფრანგეთია - ქვეყანა, სადაც უთანხმოებას რევოლუციით პასუხობენ, ამიტომ პოლიტიკოსებს განსაკუთრებით ფრთხილად მოუწევთ ყოფნა და პოზიციის შერჩევა.(ავტორის პოზიცია)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები