TAV Holding-ი აეროპორტების გლობალური ოპერატორია, რომელიც 2023 წელს 95.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ 22%, ანუ 17.2 მილიონი მგზავრი შეადგინა. TAV Holding-მა 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს ჯგუფის შემოსავალი 258 მილიონი ევროთი, ანუ 24.6%-ით გაიზარდა.
TAV Holding-ის შემოსავლების უდიდესი ნაწილი თურქეთის აეროპორტების მიერ არის გენერირებული, შემდეგ პოზიციებს იკავებს ყაზახეთის, საქართველოს, საუდის არაბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ტუნისისა და ხორვატიის აეროპორტები. სახელმწიფოსთან გაფორმებული შეთანხმებით, TAV Holding-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი 2027 წლის თებერვლის ჩათვლით იქნება.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, საქართველოდან TAV Holding-მა 115.2 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 17.2 მილიონი ევროთი, ანუ 18%-ით მეტი იყო. მათ შორის თბილისში ზრდა 17%, ხოლო ბათუმში ზრდა 20%-ს შეადგენდა.
TAV Holding-ის მონაცემებით, თბილისის აეროპორტის შემოსავალი 93.3 მილიონი ევრო (ზრდა 17%), ხოლო ბათუმის აეროპორტის შემოსავალი 21.9 მილიონი ევრო იყო (ზრდა 20%). ამასთან, ფინანსურ ანგარიშში უფრო დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია თბილისის აეროპორტის შესახებ, რომლის თანახმადაც აეროპორტმა გასულ წელს 44.8 მილიონი ევროს წმინდა მოგების გენერაცია შეძლო.
მთლიანობაში TAV Holding-ის შემოსავლები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თურქეთი - 512 მილიონი ევრო;
- ყაზახეთი - 414 მილიონი ევრო;
- საქართველო - 115 მილიონი ევრო;
- მაკედონია - 50 მილიონი ევრო;
- ტუნისი - 41 მილიონი ევრო;
- ხორვატია - 33 მილიონი ევრო;
- ომანი - 27 მილიონი ევრო;
- ლატვია - 26 მილიონი ევრო;
- ესპანეთი - 18 მილიონი ევრო;
- კატარი - 12 მილიონი ევრო;
- საუდის არაბეთი - 11 მილიონი ევრო;
- სხვა ქვეყნები - 50 მილიონი ევრო;
- მთლიანი შემოსავალი - 1,3 მილიარდი ევრო.
რაც შეეხება TAV Holding-ის აქტივბის ზომას, ის 4.7 მილიარდ ევროს შეადგენს.