მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში ჩადებს ლაშა პაპაშვილი ინვესტიციებს წყალტუბოში

5dc962199fb17
დავით ჯალაღონია
12.11.19 09:00
1557
ბიზნესმენის ლაშა პაპაშვილის აზრით, წყალტუბოს განვითარების პროექტი საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველი საგადასახადო შეღავათების პირობებში იქნება.

კერძოდ, პაპაშვილის აზრით, კარგი იქნება თუ წყალტუბოს სპეციალური ტურისტული ზონის სტატუსს მიანიჭებენ, რადგან ეს სტატუსი ითვალისწინებს შეღავათებს როგორც ქონების და მოგების გადასახადების, ისე - დღგ-ის ნაწილში.

„კარგია თუ იქნება საგადასახადო შეღავათები... განსაკუთრებით, თუ ეს შენარჩუნებული იქნება კულტურულ ძეგლებთან მიმართებაში. ჩემი გათვლებით, მონუმენტური საბჭოთა შენობების შენარჩუნება, მათი მომსახურება, ჩემი გათვლებით, ორჯერ მეტი დაჯდება, ვიდრე თანამედროვე შენობის აგება. ასეთი შეღავათები ძალიან მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, თუ ეს ინიციატივა, რაც გამოჩენილია ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, საქმით დადასტურდება, შევა და კონკრეტულ პროექტებს დაიწყებს, მიჰყვება ბიზნესიც“, - განაცხადა პაპაშვილმა BM.GE-სთან საუბრისას და აქვე, აბასთუმანში მისი ბიზნესაქტივობების საფუძველი განმარტა.

„მე კარგი მაგალითი მაქვს. აბასთუმანში აქტივებს ვფლობ, თუმცა სანამ აქსელერაცია ვერ მოხდა, თუნდაც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ არ დაიწყო ინვესტიციები და ეს შედარებით მასშტაბური არ გახდა, ასევე სანამ სხვა მოთამაშეები არ მოვიდნენ, როგორიც იგივე ბიძინა ივანიშვილია, შემდეგ - „აჭარა ჯგუფი“, „სილქროუდი“, ვერ გავაკეთეთ (ვერ ჩავდეთ ინვესტიცია), რისკი მარტომ ვერ ავწიეთ. ახლა ეს რისკი გადანაწილებულია. ახლაც არ ვართ დაცული, მაგრამ უკვე გავრისკავთ. აბასთუმანში 50 მლნ დოლარი ჩავდეთ“, - განაცხადა პაპაშვილმა.

კითხვაზე, რა პირობებით ჩაერთვება ის წყალტუბოს განვითარების გეგმაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად, პაპაშვილმა პასუხად სწორედ მის მიერ ზემოთ დასახელებულ ფაქტორებს გაუსვა ხაზი.

„თუ იქნება ასეთი პირობები, რატომაც არა. მე არ ვიცოდი, რომ 15 ობიექტია სახელმწიფოს საკუთრებაში. მე მეგონა, გასხვისებული იყო ეს ობიექტები“, - განმარტა ბიზნესმენმა.

BM.GE ასევე დაინტერესდა, ის ფაქტი, რომ მან წყალტუბოში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტების შესახებ არ იცოდა, მიანიშნებს თუ არა მთავრობის პასიურობაზე, მოეზიდა ინვესტიციები ამ კურორტისთვის, რაზეც პაპაშვილმა განაცხადა:

„მცირე სურვილები იყო, კვლევა შეკვეთილი იყო 2014 წელს, მე არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება, ეს იდო. ცენტრალური პარკის განვითარებაში რაღაც ინვესტიციები ჩადებულია წლების განმავლობაში და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ 40 მილიონი ლარია ამ ცენტრალურ პარკში, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ იყო აქტივობა“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ წყალტუბოს განვითარების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა, ასევე საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელმა წყალტუბოს განვითარების კონცეფცია გააცნეს, რაც 2014 წელს ავსტრიულმა კომპანია “Kohl & Partners”-მა მოამზადა.

ცნობისთვის: „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და კურორტის რეაბილიტაციას გეგმავს. პროექტის ტექნიკური დეტალები, ასევე პრივატიზაციის ვადები ჯერ-ჯერობით უცნობია.

15 სანატორიუმი, რომლის გამოსყიდვასაც ექს-პრემიერი გეგმავს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა.

საჯარო განხილვაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ წყალტუბოში მდებარე 15 სანატორიუმის ფასი, ქონების ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ჯამში, 47.5 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები