საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის შესაძლოა კაპიტალის ბუფერები შემსუბუქდეს, ამის შესახებ პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
სებ-ის პრეზიდენტი საუბრობს გაზაფხულზეც, როდესაც ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ლიკვიდობის ზრდისთვის კაპიტალის ბუფერები შეამცირა.
“პანდემიას კარგად მომზადებული შევხდით იმ ღონისძიებების გამო, რომლებიც ადრე განვახორციელეთ. ანუ ბანკების კაპიტალის დონე და ბანკების ლიკვიდობა იყო ძალიან კარგი. ზუსტად ამან მისცა საშუალება კომერციულ ბანკებს, რომ მიუხედავად იმისა რომ ისინი ახლა გადავადების მესამე რაუნდს ახორციელებენ, ისინი კაპიტალის ადეკვატურობის და ლიკვიდობის დონეს ინარჩუნებენ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ შევამცირეთ ეს მოთხოვნები. როდესაც სირთულეები დაიწყო, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ეს მოთხოვნები შევარბილეთ. ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი საბანკო სექტორთან. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის 24-საათიანი კომუნიკაცია. ისევე როგორც ასეთი კონტაქტი გვაქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, რათა ვიცოდეთ როგორი სიტუაცია აქვთ სესხებთან დაკავშირებით.
დღეისთვის ბანკების კაპიტალის მოთხოვნები გარკვეულწილად დაახლოვდა იმასთან, რაც პანდემიამდე გვქონდა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად იცვლება სიტუაცია, იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდა ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ კიდევ გამოვათავისუფლოთ ბუფერები და კიდევ მივცეთ ლიკვიდობასთან დაკავშირებული შეღავათები. ასე რომ ფინანსურ სექტორთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ უპრეცედენტო შოკია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რადგანაც გვირაბის ბოლოს შუქს ვხედავთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ შუქი მოჩანს გვირაბის ბოლოს, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში ასევე შეუმცირდებათ კაპიტალის ბუფერები და ისინი შეძლებენ ამ სირთულეების გადალახვას,”- აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი.
2020 წლის დასაწყისში კომერციულ ბანკებს შეუმსუბუქდათ კაპიტალის მოთხოვნები, რაც გულისხმობს კაპიტალის კონსერვაციის ბუფერისა (რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 2.5%-ის ოდენობით) და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილის (არაჰეჯირებული საკრედიტო რისკის ბუფერის 2/3) გაუქმებას.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებებმა საბანკო სექტორს 1.6 მილიარდი ლარის ოდენობის კაპიტალი გამოუთავისუფლა. სწორედ ეს გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი მიმართეს ბანკებმა იმისთვის, რათა მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგებისთვის წინასწარ 1.2 მილიარდი ლარის რეზერვი შეექმნათ. აღნიშნული თანხით ბანკები მთელი კრიზისის მიმდინარეობის პერიოდში ჩამოწერილ სესხებს დააფინანსებენ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბუფერების შემსუბუქებისას მიღებული გადაწყვეტილებით ბანკებს გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსის გამოყენების შესაძლებლობები შეუზღუდა, კერძოდ კი მათ ამ 1.6 მილიარდი ლარის გამოყენება დივიდენდის გაცემისთვის, აქციების გამოსყიდვისთვის ან მენეჯმენტის ბონუსების ზრდისთვის აეკრძალათ.
ამ დროისთვის უცნობია თუ როდის შეიძლება მიიღოს ეროვნულმა ბანკმა კაპიტალური ბუფერების შემდგომი შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება.




























