მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს მწვანე წყალბადის კუთხით?

637cb697a7d8f
მარიამ ვარადაშვილი
22.11.22 17:00
815
მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის განვითარება არა მხოლოდ დააბალანსებს ენერგეტიკულ სისტემას, არამედ შექმნის ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს - ამის შესახებ დღეს გამართულ ფორუმზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანას მწვანე წყალბადის განვითარების სამოქმედო გეგმა არ აქვს, თუმცა ამ მიმართულებით პოტენციალის შესწავლა მიმდინარეობს.

“მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ გვაქვს სტრატეგია ან სამოქმედო გეგმა, რომელიც უშუალოდ წყალბადის საკითხებს განიხილავს, ჩვენი მხრიდან უკვე გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები უკვე გადაიდგა ამ მიმართულებით. მაგალითად, 2021 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მწვანე წყალბადის განვითარების ხელშეწყობას. ამ შეთანხმების ფარგლებში შეფასდება საქართველოში მწვანე წყალბადის განვითარების პოტენციალი მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტის შემდგომი განხორციელებისთვის,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საუბარია მწვანე წყალბადის განვითარების პროექტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევაზე, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი KfW-სთან ერთად ახორციელებს. მიქაუტაძის თქმითვე, ელექტროენერგიის მოხმარებისა და ჰიდროენერგიის გამომუშავების სეზონურობა იწვევს ზაფხულში ექსპორტირებადი ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობით გამომუშავებასა და ზამთარში მზარდ დეფიციტს, რაც შეიძლება დაბალანსდეს ენერგიის დაგროვების ტექნოლოგიებით და ერთ-ერთი ტექნოლოგია შეიძლება იყოს წყალბადის ენერგია.

“ახალი სუფთა და ალტერნატიული ტექნოლოგიების, მათ შორის მწვანე წყალბადის შესწავლა და გამოყენება აუცილებელია. ამასთან, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ეკონომიკაში წყალბადის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო რესურსი არის. ასევე, საჭიროა განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობების შემდგომი კვლევა (როგორიცაა ჰიდრო, მზის და ქარის ენერგია) მწვანე წყალბადის საწარმოებლად, ხოლო შემდგომ მისი შერწყმა ბუნებრივ აირთან არსებულ გადამცემ სისტემებში, საბოლოო მომხმარებლამდე მისი ტრანსპორტირების, აგრეთვე მძიმე მრეწველობისა და ტრანსპორტირების სექტორში გამოყენების მიზნით”, - აცხადებს მიქაუტაძე.

საქართველოში საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს [IEA] წარმომადგენელი მურმაn მარგველაშვილი აცხადებს, რომ მწვანე წყალბადის წარმოება შორეული პერსპექტივაა, თუმცა მთავრობამ ამ მიმართულებით მუშაობა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს.

“სუფთა წყალბადი ენერგეტიკის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ხდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ამ მიმართულებას ავითარებს. ამ თვალსაზრისით საქართველოს დიდი უპირატესობა აქვს, რადგან გააჩნია განახლებადი ენერგიების დიდი პოტენციალი. მწვანე წყალბადი მიიღება განახლებადი ენერგიების წყაროებიდან. ამიტომ თუ განახლებადი ენერგიების წყაროებს განვავითარებთ, მაშინ დიდი შესაძლებლობა გვექნება ვაწარმოოთ მწვანე წყალბადი. მაგალითად, აზერბაიჯანი ჩართულია მწვანე წყალბადის განვითარებაში და მას უკვე აქვს დადებული ხელშეკრულება ევროკავშირთან, რომლის მიხედვითაც არსებულ მილსადენებში, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე გადის, დაახლოებით 10%-ის მოცულობის მწვანე წყალბადი შეერევა [ბუნებრივ გაზს]. სამომავლოდ საჭირო გახდება სპეციალური ინფრასტრუქტურის შექმნა, რაშიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ჩვენი შავი ზღვის პორტები. აქ არის უდიდესი პერსპექტივა და დიდი სამუშაოა შესასრულებელი, თუმცა მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ეს 2-3 წლის საქმე არ არის და მას ათწლეულები დასჭირდება”, - ამბობს მარგველაშვილი.

მწვანე წყალბადი მიიღება ელექტროლიზის საშუალებით, მწვანე კი იმიტომ რომ მის მისაღებად გამოიყენება განახლებადი ენერგიის წყაროები: ქარი, მზე და წყალი. წყალბადი გამოიყენება როგორც ენერგია, რომლისგანაც შესაძლებელია ელექტროენერგიის წარმოება ან მისი როგორც აირის მოხმარება. ამ ეტაპზე წყალბადი ყველაზე ხშირად გამოიყენება ნავთობის გადამუშავებისა და სასუქების წარმოებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები