საქართველოს აქვს შესაძლებლობა წყალბადის სატრანზიტო ქვეყანა გახდეს, - „მწვანე წყალბადის“ წარმოების პოტენციალზე ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება - საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას ისაუბრა.
მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ წყალბადის წარმოებას დიდი პოტენციალი აქვს, რაც საქართველომ უნდა გამოიყენოს.
მისი თქმით,ამ კუთხით საქართველოში შესაძლებელია ისეთივე მაგისტრალური მილსადენები აშენდეს, როგორც დღეს ბაქო-თბილისი - ჯეიჰანი, თუ ბაქო-თბილისი- ერზრუმის მილსადენებია.
ერთ-ერთი გამოწვევა „მწვანე წყალბადის“ წარმოებისას მის სიძვირეს უკავშირდება. ენერგეტიკული გაერთიანების ინფორმაციით, დღეისათვის 1 კგ წყალბადის წარმოების ღირებულება 3-8 დოლარის დიაპაზონშია და სწორედ წარმოების გაიაფებისკენ არის მიმართული მსოფლიოს ძალისხმევა.
„3-8 დოლარი დღევანდელი ფასია და მთელი მსოფლიოს ძალისხმევა მიმდინარეობს იმისკენ, რომ ფასი შემცირდეს. ფასის შემცირების ერთი გზა არის იაფი განახლებადი ენერგიის წარმოება, რაც საქართველოს შემთხვევაში შეგვიძლია. მაგალითად, ზაფხულში, ჭარბი წყლის დროს შეგვიძლია საკმაოდ იაფად ვაწარმოოთ ელექტროენერგია. მეორე გზა არის დანადგარების ეფექტიანობის გაზრდა და მისი ღირებულების შემცირება. ამ კუთხით ინტენსიური კვლევის და ინოვაციების სამუშაოები მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში. აშშ ენერგეტიკის დეპარტამენტს მიზნად აქვს დასახული, რომ 2030 წლისთვის, 1 კგ მწვანე წყალბადის წარმოება ღირებულება 1 დოლარამდე შემცირდეს. ამ პროცესში უნდა ჩავერთოთ. მივიღოთ კვლევებში მონაწილეობა, ჩვენი ნიშური შესაძლებლობები გამოვიყენოთ და არის მნიშვნელოვანი ფაქტორიც - გავხდეთ სატრანზიტო მაგისტრალი აზიიდან ევროპისკენ, წყალბადის იმ უზღვავი რაოდენობისა, რომლის წარმოება შესაძლებელია ცენტრალურ აზიაში“, - განაცხადა მურმან მარგველაშვილმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას.
მურმან მარგველაშვილი განმარტავს, რომ წყალბადის წარმოება თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარი საკითხია, რა ფასად და როგორ გაიყიდება წარმოებული პროდუქცია.
„საერთოდ, როდესაც წყალბადზე ვსაუბრობთ, უნდა ვისაუბროთ არა მხოლოდ წარმოებაზე. ეს არის სრული ციკლი. შესაძლებელია, წყალბადით ვაწარმოოთ ისეთი მწვანე პროდუქტი, რომელიც საკმაოდ ძვირად შეიძლება გავიტანოთ ექსპორტზე, მათ შორის, ევროპაში. ეს შეიძლება იყოს მეტალურგიული ნაწარმი, აზოტოვანი სასუქები და სხვა. ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა და როგორც წარმოების, ასევე მისი გადაცემა/გამოყენებისა და მოხმარების შესაძლებლობების განხილვა“, - ამბობს მურმან მარგველაშვილი.
ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება - საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ დღეს მსოფლიოში მიდის რბოლა ახალი ტექნოლოგიის განვითარებისთვის.
„რბოლის საწყის ეტაპზე უნდა გაიქცე და არ უნდა უყურო ვინ რას აკეთებს და როგორ დგამს ნაბიჯებს. ეს არის რბოლა, რომელშიც ჩვენც უნდა მივიღოთ მონაწილეობა და სარგებლის მეტს არაფერს მივიღებთ. ერთი ორიენტირი, რაც იძლევა საშუალებას დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ, არის ის, რომ კლიმატის ცვლილება გარდაუვალად მოითხოვს წყალბადის გამოყენებას ენერგეტიკაში. წყალბადი უნდა გახდეს მსოფლიო ენერგეტიკული სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. თუ ეს ვიცით, ჩვენც ამისკენ უნდა წავიდეთ“, - ამბობს მურმან მარგველაშვილი.