მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სვანეთში შექმნილია ისეთი პირობები, რომლებიც მაინერების კონცენტრაციას იზიდავს - მურმან მარგველაშვილი

„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის

ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, მურმან მარგველაშვილის თქმით, სვანეთში კრიპტო მაინერების კონცენტრაცია იმ სასათბურე პირობებს უკავშირდება, რასაც მათ შორის ელექტროენერგიის მკაფიო აღრიცხვა-გადახდის პრობლემა იწვევს.

როგორც მურმან მარგველაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, ოკუპირებულ აფხაზეთსა და სვანეთში უკონტროლო მაინინგი, რაც ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას და ქსელის გადატვირთვას იწვევს, სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტშიც არის ასახული.

„ეს პრობლემა დიდი ხნის არის და ასევე შეტანილია საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარ დოკუმენტში, აფხაზეთის პრობლემასთან ერთად. აფხაზეთში, მოგეხსენებათ ელექტროენერგიის წაღება და გადაუხდელი მოხმარება ხდება. სავარაუდოდ, სვანეთშიც იგივე ამბავია.

მაინინგი მოგებიანი რომაა, მხოლოდ სვანეთში ხომ არ იციან, სხვაგანაც იციან და გააკეთებდნენ იმავეს, მაგრამ აქ ეტყობა სასათბურე პირობებია, გადახდა არ ხდება და შესაბამისად, ეს პრობლემა წარმოიშობა.

ამას ის კვალიფიკაცია შეიძლება მივცეთ, რომ სრული სახელმწიფოებრივი მართლწესრიგი არაა დამყარებული და შესაბამისად, შექმნილია ისეთი პირობები, რომლებიც მაინერების კონცენტრაციას იზიდავს სვანეთში და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქსელი რაღაც ეტაპზე გადაიტვირთება”,- ამბობს მურმან მარგველაშვილი.

ის გამოსავალს სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარებაში, ანუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვასა და საფასურის გადახდაში ხედავს. მურმან მარგველაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალე მმართველობა და კორუფციის აღმოფხვრა, ვინაიდან ცხადია, რომ მაინინგისთვის ხელსაყრელი პირობები, გარკვეული წესების დარღვევის ხარჯზეა ჩამოყალიბებული.

“მთავარი, რაც უნდა მოხდეს, არის გამჭვირვალე მმართველობა, კორუფციის აღმოფხვრა და სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარება. ვინაიდან სვანეთის მოსახლეობა ამდენი ხანია ამ პრობლემის წინაშე დგას, ალბათ, თვითონ უნდა გადაწყვიტონ, როგორ უნდა გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. ნათლად ჩანს, რომ არსებული ურთიერთობებით და ელექტროენერგიის გადაუხდელი მოხმარებით ეს პრობლემა ვერ გვარდება და ვერ მოგვარდება. მთლიანად მოსახლეობისთვის ბევრად უკეთესი იქნება, თუ ზოგადი სახელმწიფოებრივი, ასევე ელექტროენერგეტიკული წესრიგი დამყარდება - მოხმარების აღრიცხვა, გადახდა.

მგონია, რომ გამრიცხველიანება უპირველესად გადის თვითონ სვანეთის მოსახლეობის მიერ ამ პრობლემის გაცნობიერება-გაანალიზებაზე. თავად უნდა შეთანხმდნენ, რომ ასე ვნებს ყველას, იმაზეც უნდა შეთანხმდნენ, თუ როგორ ხდება მაინერებისთვის გადასახადების გადახდა, არის თუ არა ეს ყველა მოსახლისთვის სასარგებლო და ა.შ. საბოლოო პასუხი ქვეყანაში არსებული წესების დაცვაა”,- ამბობს მურმან მარგველაშვილი.

ცნობისთვის, სვანეთში მოსახლეობის მიერ მოხმარებული დენის საფასურის გადახდა არ ხდება. უფასო ელექტროენერგიამ კი კრიპტო მაინინგი წაახალისა. მაინინგის გამო ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება, რომელსაც ქსელი ვერ უძლებს, კვლავ გამოწვევად რჩება. 12 ნოემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომ ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება, რის გამოც ტრანსფორმატორი გათიშულია. მერიაში თქვეს, რომ ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან და მაინერების მფლობელებს მოუწოდებენ, გამორთონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები. თავის მხრივ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტეს, რომ ეს არ არის ავარიული გამორთვა და გაზრდილმა ტვირთებმა გამოიწვია. კომპანიაში BM.GE-სთან აღნიშნეს, რომ ქვესადგურის მოხმარება მაქსიმალურ ნიშნულზეა და მოწყობილობა ითიშება, რადგან ტექნიკურად მეტს ვერ უძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები