მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სიახლეებით წარდგა Elven Technologies-ი IAC-ზე?

Elven Technologies ბაქო

მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში “საერთაშორისო ასტრონომიული კონგრესი” (IAC) გაიმართა, რომელზედაც სხვადასხვა ქვეყნის კოსმოსური სააგენტოები და სხვადასხვა ტიპის კოსმოსური კომპანიები დაესწრნენ. წელს, კონგრესის ისტორიაში პირველად, მასში მონაწილეობა ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Elven Technologies-მაც მიიღო, რომელმაც ბაქოში ორი პროდუქტი წარმოადგინა - დრეკადი რადიატორი და ცეცხლგაუმტარი კომპოზიტი.

აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩატარებული კონგრესის შედეგებზე ვრცლად Elven Technologies-ის დამფუძნებელმა , ვამეხ ხერხეულიძემ TECH INFORM-ში ისაუბრა. მისი თქმით, Elven-მა პარალელური შეერთების მქონე პირველი დრეკადი რადიატორი შექმნა მსოფლიოში, რომლითაც სხვადასხვა ქვეყნის კოსმოსური სააგენტოები დაინტერესდნენ.

“დღეს, რადიატორების მთავარი პრობლემა - წარმოებაა, რის გამოც, დღემდე, NASA ასტრონავტის კოსტიუმის გაგრილებაში ერთ გრძელ მილს იყენებს, რომელიც გაგრილების ცენტრიდან იწყება, მთელ სხეულს მოივლის და უკან ბრუნდება. დაახლოებით ორასი მეტრის სიგრძის მილზე არის საუბარი და ამ მილში ნებისმიერი სითხის გატარება ასოცირებულია დიდ წნევასთან, რასაც უზარმაზარი ტუმბო სჭირდება, ტუმბოს კი უზარმაზარი ბატარეა და შედეგად გაგრილების სისტემა მძიმდება. თუმცა ჩვენი რადიატორის შემთხვევაში, დინება პარალელურია, რის გამოც წნევა ეცემა და პომპა და ბატარეა, რომელსაც ვიყენებთ, საკმაოდ მცირე ზომისაა, შესაბამისად სისტემა მსუბუქდება”, - განაცხადა ვამეხ ხერხეულიძემ TECH INFORM-ში.

ქართული ტექნოლოგიური კომპანიის დამფუძნებლის თქმით, რადიატორი სილიკონისგანაა დამზადებული, მაგრამ მისი შექმნა, რეალურად, ნებისმიერი დრეკადი და ჩამოსხმადი მასალისგან შეიძლება.

“ამ რადიატორის მთავარი ხიბლი ისაა, რომ ის მთლიანად არის ჩამოსხმული და შესაბამისად, სუსტი ადგილები არ აქვს. შეწებებულ ვერსიებს ინდუსტრია უკვე აწარმოებს, მაგრამ ისინი წნევის ზრდას ვერ უძლებს, ამ შემთხვევაში კი ეს პრობლემა არ გვაქვს”, - ამბობს ვამეხ ხერხეულიძე.

როგორც Elven Technoogies-ის დამფუძნებელი ამბობს, ამ ტიპის რადიატორის გამოყენება ბევრნაირად შეიძლება, მაგრამ მთავარი მიზანი, რომელსაც ის ემსახურება და რომლისთვისაც ის შეიქმნა - ასტრონავტის კოსტიუმია, რომელშიც ამ რადიატორის განთავსება შეიძლება.

თუმცა დრეკადი რადიატორი არ იყო ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ ბაქოში გამართულ “საერთაშორისო ასტრონომიული კონგრესზე” წარადგინა. Elven-ის კიდევ ერთი ფლაგმანური პროდუქტი - დრეკადი ცეცხლგაუმტარი კომპოზიტია, რომელსაც კომპანია წლებია, რაც ამუშავებს.

“ეს ცეცხლგაუმტარი კომპოზიტი 2000-გრადუსიან ტემპერატურას უძლებს ნახევარი საათის განმავლობაში და ეს ვიცით, რადგან ტესტები ჩატარებული გვაქვს. თუმცა ამ ეტაპზე, არც ტემპერატურის ზედა ლიმიტი გვაქვს აღმოჩენილი და არც დროის, რადგან ცდებისას 2000 გრადუსს და ნახევარ საათს ვერ ვცდებით”, - აღნიშნავს ვამეხ ხერხეულიძე და დასძენს, რომ ლიმიტების მიუხედავად, ეს ტესტი გაცილებით უფრო მასშტაბურია სტანდარტიზებულ ტესტებთან შედარებით, რადგან მათ შემთხვევაში ტესტი ერთი-ორი წუთი გრძელდება.

როგორც Elven Technologies-ის დამფუძნებელი ამბობს, ეს ტექნოლოგია ინტელექტუალური საკუთრების უფლებითაა დაცული და თუ სხვა კომპანიას ამ პროდუქტის გამოყენება მოუნდება, ის ვალდებული იქნება ქართულ კომპანიას თანხა გადაუხადოს. “ჩვენი მიგნება - კომპოზიტია. ამ კომპოზიტში ახლა ოთხი მატერიაა, რომელთაგან არც ერთს არ ვფლობთ, პირიქით, მათი ყიდვა ონლაინაც შესაძლებელია, ხოლო ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება რეცეპტს მოიაზრებს, ანუ როგორ მზადდება ეს პროდუქტი - რა მასალებისგან, რა თანმიმდევრობით”, - აღნიშნა ვამეხ ხერხეულიძემ TECH INFORM-ში.

თუმცა, როგორც ვამეხ ხერხეულიძე ამბობს, კომპანიის მიზანი არ არის ელექტრობატარეების აალების პრობლემის გადაჭრა, რადგან ამ მიმართულებით სხვა კომპანიები მუშაობენ და ამგვარ ტექნოლოგიას უშუალოდ ბატარეებში აინტეგრირებენ. საპირწონედ ამისა, როგორც ხერხეულიძე ამბობს, ქართული ტექნოლოგიური კომპანია ისეთ შეფუთვას ქმნის, რომელიც ავტომობილს იმ შემთხვევაში დაიცავს, თუ ელექტრომობილის ბატარეების ბლოკს ცეცხლი მაინც წაეკიდა.

“ჩვენი პროდუქტი თავს იჩენს იმ შემთხვევაში, თუ ყველა სისტემა დახარვეზდა და აალება მაინც მოხდა. ამ დროისთვის, ბატარეა ჩვენი მატერიით მთლიანადაა დაფარული და მთელი არსი ისაა, რომ ალმა და ტემპერატურამ გარეთ არ გამოაღწიოს, რადგან ალი შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ გარსი ისე გახურდეს, რომ მის გარშემო არსებული პლასტმასტი დაადნოს, რომელიც გარეთ აალებას გამოიწვევს. ამასთან, მნიშვნელოვანია კომპოზიტმა აფეთქების ძალას გაუძლოს, რომელიც ყოველი ახალი ბატარეის გასკდომის დროს იმატებს. მთელი არსი ისაა, რომ როცა ბატარეას შევფუთავთ და ავტომობილში ჩავდებთ და აალება თუ მოხდა, ცეცხლი სრულად ლოკალიზებული იყოს და გარეთ არ გამოაღწიოს”, - ამბობს Elven Technologies-ის დამფუძნებელი, ვამეხ ხერხეულიძე და დასძენს, რომ ელექტრომობილის ბატარეების რა ნაწილი შეიფუთება ქართული კომპანიის მიერ წარმოებული კომპოზიტით, დამკვეთის მოთხოვნაზე არის დამოკუდებული.

თუმცა, როგორც ირკვევა, ელექტრობატარეების შეფუთვა Elven Technologies-ის მიერ შექმნილი კომპოზიტის ერთადერთი გამოყენება არ არის, რადგან, ვამეხ ხერხეულიძის თქმით, მისი გამოყენება კოსმოსურ ხომალდებშიც შეიძლება, თანაც ამ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტა გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე ინდუსტრიაში დღეს გამოყენებული მასალები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები