"საინვესტიციო სიგნალის კონტექსტში {რუსული კანონის} პირველი გზავნილია, რომ ამ ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც არაკონსტიტუციური კანონის მიღებაზეა წამსვლელი", - ასე უპასუხა კაპიტალის ბაზრის ექსპერტმა მარინა გულედანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.
„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ფინანსურ სისტემაზე, ეკონომიკაზე, მაგრამ სამართლებრივი ვერტიკალი არის ის ვერტიკალი, რომელშიც ისახება მთელ ქვეყანაში არსებული რისკები, მათ შორის რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო სისტემა და რამდენად კონსტიტუციურ ჩარჩოში ზის ქვეყანა. მე პირადად, როგორც იურისტს, ცალსახად შემიძლია დავაფიქსირო, რომ კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ, არაკონსტიტუციურია.
{ინვესტორებისთვის} უმძიმესი უარყოფითი სიგნალია ის, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოდან ვართ გასული და ყველა ის რისკი, რომელიც საქართველოს შესახებ FITCH-ის ბოლო ანგარიშშია აღწერილი - გეოპოლიტიკური რისკი, ფინანსური სტაბილურობა, ფინანსებზე წვდომის შემცირება, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საფრთხე და ა.შ. - საკმაოდ ფუნდამენტური რისკებია“, - განაცხადა კაპიტალის ბაზრის ექსპერტმა.
მისივე შეფასებით, Fitch-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის (BB) პერსპექტივის „პოზიტიურიდან“ „სტაბილურამდე“ შემცირების ერთ-ერთი მიზეზიც „რუსული კანონია“.
„საქართველოს საკრედიტო რეიტინგის „სტაბილური“ პერსპექტივა პოსტკოვიდურ სიტუაციაში ჰქონდა - 2021 წლის ზაფხულში. წარმოიდგინეთ, ამ ერთი კანონის მიღებამ ქვეყნის საინვესტიციო გარემო და საკრედიტო რეიტინგი, იმ მდგომარეობაში დააბრუნა, სადაც მაშინ ვიყავით, როცა მთელი მსოფლიო კრიზისში იყო. ნათელია, რამდენად მნიშვნელოვანი იყო {რუსული კანონის} არმიღება. ძალიან დასანანია, რომ FITCH-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის (BB) პერსპექტივა „პოზიტიურიდან“ „სტაბილურამდე“ შეამცირა. „პოზიტიურზე“ გადასვლა დიდი ძალისხმევის და შრომის შედეგი იყო და გვქონდა პოტენციალი გაუმჯობესების, მივდიოდით სწორი გზით, მაგრამ ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ სხვა კურსით მივდივართ“ - განაცხადა მარინა გულედანმა.
მისივე თქმით, ინვესტორებისთვის ძალიან ცუდი სიგნალია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეულ კურსი და მოქალაქეების დაკვეთა განსხვავებულია.
რაც შეეხება 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, „რუსული კანონის“ პირობებში, განსხვავებით ხელისუფლების პოზიტიური მოლოდინისა, მარინა გულედანი იშველიებს FITCH-ის პროგნოზს, რომლის თანახმად, წელს საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზრდება და შემდეგ წლებში კი, ზრდის ტემპი ნელ-ნელა შენელდება.
"როგორც კი არჩევნები ჩატარდება, თუ გაირკვა, რომ დემოკრატიზაციის გზას და ევროპულ კურსს არ ვადგავართ, ძალიან მეშინია, რადგან შეიძლება პოსტფაქტუმ მოგვიწიოს ამის გაგება... ამიტომაც არ მომწონს, როცა ზედმეტი სიფრთხილით ეპყრობა ევროკავშირი მიმდინარე მოვლენებს. წინასწარ თუ არ გამოვფხიზლდით და ვერ მივხვდით, რა ხდება, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, შეიძლება, ძალიან ცუდი პროცესები დაიწყოს და ეს იქნება დამანგრეველი ეკონომიკისთვის“, - აცხადებს მარინა გულედანი.
რა წერია FITCH-ის მიმოხილვაში “რუსულ კანონზე” და EU-სა და აშშ-სთან ურთიერთობებზე