სტატისტიკის მწარმოებელმა ერთ-ერთმა გამორჩეულმა პლატფორმა Visual Capitalist-მა საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დახმარებით, დათვალა თუ რა ჯდება ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა და ერთმანეთს შეადარა ამა თუ იმ ქვეყნის მიერ გაღებული ხარჯები.
სიის შედგენისას გათვალისწინებულია ინფლაციაც და ის 2021 წლის ამერიკულ დოლარს ემთხვევა.
ზამთრისა და ზაფხულის უკანასკნელი 14 ოლიმპიური თამაშებიდან ყველაზე ძვირად 59,7 მილიარდ დოლარად სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა შეფასდა, ხოლო ყველაზე იაფად 2,9 მილიარდ დოლარად სოლტ-ლეიკ სიტის 2002 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები.
ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისას სახელმწიფო ყველაზე დიდ თანხებს ხარჯავს ინფრასტრუქტურაზე, რომელშიც შედის სპორტული ობიექტები, არენები, საცხოვრებლები, ტრანსპორტი და ა.შ. ზოგადად პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა გაცილებით ძვირი ჯდება ზამთრის შეჯიბრებასთან შედარებით, რაც ასობით ათასი ტურისტის ვიზიტითაა განპირობებული.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნებში შედის, რომ მასპინძელს ჰქონდეს სულ მცირე 40 ათასი სასტუმრო ოთახი მაყურებლებისთვის და 15 ათას სპორტსმენსა და ოფიციალურ პირზე გათვლილი ოლიმპიური სოფელი.
თუმცა მილიარდობით დოლარის შემოსავალი და აშენებულ/განახლებული ინფრასტრუქტურა ყოველთვის პოზიტიურ კვალს არ ტოვებს მასპინძელ ქალაქებზე. მაგალითისთვის 2014 წლის სოჭის ოლიმპიურმა თამაშებმა კურორტზე მოთხოვნისა და განვითარების დონისთვის შეუსაბამო ინფრასტრუქტურა დატოვა. მათ შენახვას მილიარდ დოლარზე მეტი ესაჭიროებოდა, ხოლო ნაგებობები უფუნქციოდ იყო დარჩენილი.
რაც შეეხება პარიზს, 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა ქალაქს დაახლოებით 9 მილიარდი დოლარი უჯდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ კოვიდ პანდემიის გამო 2020 წლის გადადებული ოლიმპიური თამაშები, რომელიც 2021 წელს ტოკიოში ჩატარდა ქვეყანას 35 მილიარდი ევრო დაუჯდა.