მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხაა საჭირო რესპუბლიკურის განახლებისთვის და საიდან დაფინანსდება პროექტი? - მინისტრის განმარტება

643402d1929c0
ვიქტორია მღებრიშვილი
10.04.23 16:37
2414
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პირველადი დასკვნების საფუძველზე რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლება ან ახალი, იგივე მოცულობის კლინიკის აშენებისთვის დაახლოებით 100 მლნ ლარზე მეტია საჭირო. ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ს კითხვას, რომელიც რესპუბლიკურის საავადმყოფოს განახლების პროექტის ღირებულებასა და ფინანსების წყაროებს შეეხებოდა.

მინისტრმა განმარტა, რომ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი, საბოლოო დასკვნების დადებისა და გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ დაზუსტდება.

„როგორც იცით, დღეს ორი პროცესის შედარების ეტაპზე ვართ, ხარჯთეფექტიანობის კუთხით ორივე პროექტი უნდა დავასაბუთოთ. არსებული შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გარკვეული დასკვნებია დადებული, რომ ამ შენობამ რეაბილიტაციის შემდეგ სხვადასხვა სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს და ეს უნდა იყოს თვალსაჩინო კლინიკა საქართველოში. აქედან გამომდინარე, რა გამოწვევებიც არის და რა გადაკეთებებიც იქნება საჭირო, ყველაფერი შეფასდება; მეორე მხრივ შეფასდება ანალოგიური მოცულობის შენობა, რომ აშენდეს - ის რა დაჯდება და ეს ორი რიცხვი ხარჯთეფექტიანობის მიხედვით, ყველა სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით რომელიც უფრო მიზანშეწონილი იქნება, ამის მიხედვით საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ.

არსებული დასკვნების საფუძველზე დაახლოებით ვიცით რეაბილიტაციის შემთხვევაში რა თანხა იქნება საჭირო და იგივე მოცულობის შენობის აშენებას რა თანხა დასჭირდება. ბიუჯეტი საკმაოდ მოცულობითია და დაახლოებით 50 000 კვ.მ. ფართობის შენობის რეაბილიტაციის ან ახლის აშენების შემთხვევაში, რამდენიმე ათეულობით მილიონ ლარს, 100 მილიონზე მეტს გულისხმობს, და ცალკეა კიდევ ამ შენობის აღჭურვა, რაც ბიუჯეტის 60-70%-ს შეადგენს“, - განაცხადა მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა პროექტის დაფინანსების წყაროებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს შეიძლება იყოს უწყების შიგნით მოძიებული თანხები და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებაც.

„რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, ეს შეიძლება იყოს დანაზოგები, რომელიც კოვიდიდან გამომდინარე შეიძლება ჩვენს სისტემაში მოიძებნოს, ასევე ძალიან დიდი დაინტერესებაა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებსაც ჯერ კიდევ 2021 წლიდან აქვთ დაწყებული სახელმწიფოს ქონებების პირველად შეფასებები და ეს ძალიან გვეხმარება და მათთან ურთიერთობას მარტივად ვაგრძელებთ“, - განაცხადა აზარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები