დასანგრევი იყო თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფო? - ეს კითხვა ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძის წინამორბედს - ირაკლი ღარიბაშვილს დაუსვეს.
სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, გახდა ცნობილი, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი კლინიკა უნდა აშენებულიყო, საავადმყოფოში კი კადრების რეოგრანიზაცია დაიწყო. 22 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე მაშინდელი პრემიერისა და ჯანდაცვის მინისტრის განცხადებებს, მათ შორის პერსონალის ალტერნატიული სამსახურით უზრუნველყოფის შესახებ, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში პერმანენტულ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. ექიმები ჯანდაცვის სამინისტროსგან გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ და შეხვედრას პრემიერთან ითხოვდნენ.
პრემიერად დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში ირაკლი კობახიძე ჯერ ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ხოლო შემდეგ მის გარეშე შეხვდა ექიმებს. რის შემდეგაც ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა, რომ საავადმყოფო არ დაინგრეოდა, მანამ სანამ ახალი არ აშენდებოდა. 1 მარტს კი პრემიერ-მინისტრმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ზურაბ აზარაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოსთან საკითხის გამო მოხსნა თანამდებობიდან.
ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტების კითხვაზე დასანგრევი იყო თუ არა რესპუბლიკური, მხოლოდ იმას პასუხობს, რომ მას ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება აქვს: „რესპუბლიკურ საავადმყოფოზე ჩვენ განსხვავებული შეხედულება გვქონდა, მათ შორის მეც. ახლა ვითარება შეიცვალა და განსხვავებული შეხედულება ჩამოყალიბდა... მე სხვა პიროვნება ვარ“.
მედიასთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ მინისტრების მოხსნა-დანიშვნის საკითხი პრემიერის გადასაწყვეტია. მან ზურაბ აზარაშვილს ჯანდაცვის სექტორში გატარებული "მძიმე რეფორმებისთვის" მადლობა გადაუხადა.