მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ტარიფების ინვესტორები დასახელდებიან გამარჯვებულად CFD-აუქციონებზე - ირაკლი ტყებუჩავას მოსაზრება

6437032113c04
ალა ისპირიანი
12.04.23 23:00
818
ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის PPA ხელშეკრულებების ალტერნატიული - CFD მოდელი გასულ წელს ამოქმედდა. CFD კონტრაქტები აუქციონის პრინციპით ფორმდება და მასში საკუთარ ფასებს მთავრობას ენერგოსადგურები წარუდგენენ, ხოლო საუკეთესო ფასების მქონე ობიექტები შესაბამის დაფინანსებებს მიიღებენ.

ეკონომიკის სამინისტრომ CFD-მექანიზმით პირველი აუქციონი მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა და აუქციონის პირველადი შედეგების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნდა. უწყების თანახმად, მათთან სულ 78 განაცხადი შევიდა, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 900 მეგავატს შეადგენს. სამინისტრომ ამ წინადადებებიდან საუკეთესო ფასის მქონე განაცხადები უნდა აირჩიოს ისე, რომ 300 მეგავატის სიმძლავრეზე ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებები გაფორმდეს.

შერჩეული პროექტები სახელმწიფოს მხრიდან ფასის გარანტიით იქნება დაზღვეული, რაც ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.

CFD მოდელი BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი ტყებუჩავამ შეაფასა.

იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის ძირითადი საქმიანობა საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურებაა, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი პროექტის და მათ შორის ენერგეტიკული პროექტების - როგორც ჰიდრო, ისე ქარის და მზის პროექტების დამუშავებას საწყისი ეტაპიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე; მომსახურება ითვალისწინებს როგორც ტექნიკურ, ასევე იურიდიულ მხარეს, რაც გულისხმობს ნებართვების და ლიცენზირების ეტაპებზე სრულ სერვისს, - ირაკლი ტყებუჩავამ თქვა, რომ აუქციონში მონაწილეობა მათმა რამდენიმე კლიენტმაც მიიღო.

რაც შეეხება ტარიფებს, მისი მოსაზრებით, 6-დან 7 ცენტის ფარგლებში იქნება.

„ჩვენი კომპანია ერთ-ერთი წამყვანია დარგში საკონსულტაციო მიმართულებით და ჩვენმა რამდენიმე კლიენტმა აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო. კონკრეტული სახელების დასახელება არ შემიძლია მაგრამ მოლოდინია, რომ ტარიფი 6 ცენტზე მაღალი იქნება. იყო ორნიშნა შეთავაზებაც, მაგრამ ჩემი აზრით ტარიფი 6-დან 7ცენტის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება აუქციონის ვადებს, მისი თქმით 1 თვეში ძირითადი მონაწილეების სია და მათი შეთავაზებები იქნება ცნობილი, საბოლოო პასუხი კი 3 თვის ვადაში იქნება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები