პრეზიდენტმა პარლამენტს ე.წ გამჭვირვალობის შესახებ რუსულ კანონზე მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა.
სალომე ზურაბიშვილის კანონის მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ 2-კვირიანი ვადა ჰქონდა დაანონსებული ვეტოს დასადებად. თუმცა, მხოლოდ 4 დღე გამოიყენა და 18 მაისს განაცხადა, რომ "რუსულ კანონს" ვეტო დაადო, რადგან კანონი რუსულია.
ვეტოს არსი უფრო დეტალურად პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებში ახსნა, რომლის დასაძლევადაც "ოცნება" დროში შეზღუდული არ არის.
პრეზიდენტის განმარტება, რატომ არის კანონი რუსული, 2 გვერდი და 1 აბზაცია.
"ეს კანონი იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას. კანონი ფაქტობრივად იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს უკან გაწვეული ე.წ. "აგენტების კანონი", რომლიდანაც ამოღებული სიტყვები "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლებულია ტერმინით "უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი", რომელიც ტერმინის "აგენტი" განმარტებაა. ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი შინაარსით არის არაკონსტიტუციური. მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, იგი არ ექვემდებარება გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით, რადგან მისი არსი, მისი შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ, კანონი გაუქმდეს ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში, მეორე დღესვე და წარმოგიდგენთ შესაბამის კანონპროექტს", - წერია დოკუმენტში.
პრეზიდენტმა დაწერა, რომ ვეტოს მექანიზმს იყენებს, რადგან ეს კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 22-ე, მე-15, მე-11, მე-7 მუხლებს.
73-გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს ODHIR-ის მიერ, გასულ წელს "აგენტების კანონზე" დაწერილ დასკვნას.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ე.წ. აგენტების კანონზე დადებული პრეზიდენტის ვეტო განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.
ცნობილი არ არის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, როდის განიხილავს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს. პარლამენტში დაგეგმილ ღონისძიებათა ანონსის თანახმად, მიმდინარე კვირის განმავლობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დანიშნული არ არის.
პროცედურის მიხედვით, კომიტეტის შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯერ კენჭს უყრიან პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს (ვეტოს) და მისი ჩაგდების შემთხვევაში კი სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტისთვის, კიდევ ერთ კენჭისყრაზე ხმის მიცემა არის საჭირო (არანაკლებ 76 მომხრე), იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულად ჩაითვალოს (საპარლამენტო უმრავლესობა 80-ზე მეტ ხმას აკონტროლებს). ამის შემდეგ პრეზიდენტს ხუთი დღე აქვს კანონპროექტის ხელმოსაწერად. თუკი ამ ვადაში მან დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, კიდევ ხუთი დღის ვადაში, კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.