მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უძრავი ქონება აქვს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთში დეკლარაციის მიხედვით?

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში უძრავ ქონებას ფლობს. როგორც BMG-ის მიერ ანტიკორუფციული ბიუროდან გამოთხოვილი ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, თავად ივანიშვილის სახელზე არა, თუმცა, მისი ცოლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელზე საფრანგეთში ორი უძრავი ქონება ფიქსირდება. მათ შორისაა ლა-სელ-სენ-კლუში 1 935 კვადრატული მეტრის ზომის მიწის ნაკვეთი და 300 კვადრატული მეტრის ზომის სახლი.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის შემდეგ პირველად წელს შეავსო, ვინაიდან ის 26 ოქტომბრის არჩევნებში "ოცნების" პირველი ნომერი იყო.

ივანიშვილს თავის დეკლარაციაში მითითებული აქვს არაერთი ოფშორული კომპანია და საბანკო ანგარიშები, რომლებზეც $153.9 მილიონი დოლარი არის განთავსებული, მათ შორის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს 65.6 მილიონი დოლარი აქვს განთავსებული, ხოლო ეკატერინე ხვედელიძეს კი 88.4 მილიონი. ამასთან, დეკლარაციაში არაა მითითებული, რომელ ბანკში არის ეს ქონება განთავსებული, ასევე არაა მითითებული ეს შვეიცარიული ბანკია თუ ქართული ბანკი.

გარდა ამისა, ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული ქონება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს ეკუთვნით და მასში არაა მოცემული ის მრავალ ასეულ მილიონიანი აქტივები, რომლებსაც მათ საკუთრებაში არსებული კომპანიები ფლობენ, იქნება ეს სახლები, აქციები, წილები ქარხნებში თუ სხვა დანარჩენი ქონება. ოფშორული კომპანიებიდან და ტრასტებიდან მითითებულია Frankston International-ი, Lynden Management-ი, Meadowseet Asset Limited, Sandcay Investment Limited-ი და Soothsayer Limited-ი. იქიდან გამომდინარე რომ თავად ამ კომპანიების საკუთრებაშია ხელოვნების ნიმუშების $1 მილიარდიანი კოლექცია, თანაინვესტირების ფონდი თუ სხვა აქტივები, ისინი უშუალოდ ამ დეკლარაციაში მითითებული არაა.

ცნობისთვის, დღეს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაურეკა. მაკრონმა დაგმო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ზეწოლა, ასევე მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა, ამასთან მაკრონმა ხაზი გაუსვა აქციების პერიოდში დაკავებულთა გათავისუფლების აუცილებლობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები