მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გაკეთდეს ექსპორტის ხელშეწყობისთვის? - ასოციაციის განმარტება

63297f30e40ad
ინგა მურუსიძე
21.09.22 00:30
593
მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ უცხოეთში ექსპორტზე 3.71 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 963 მილიონი დოლარით ანუ 37%-ით მეტია. უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულიდან 8-ის ექსპორტი გაზრდილია, ხოლო ორი საქონლის - მინერალური წყლების და სპირტიანი სასმელების ექსპორტი შემცირებულია. ქვეყნების მიხედვით, ექსპორტი გაზრდილია ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორში, გარდა უკრაინისა, სადაც წელს საქართველომ $166 მილიონის პროდუქცია გაყიდა. ეს წინა წელთან შედარებით 13%-ით ნაკლებია. რუსეთში კი ექსპორტი 8.5%-ით, $409 მილიონამდე გაიზარდა.

„საქმიანი დილის“ ეთერში საკითხზე „ექსპორტის განვითარების ასოციაციის“ დირექტორმა გიორგი გუდაბანიძემ ისაუბრა.

- დღეს რა განსაზღვრავს ჩვენი ექსპორტის სტრუქტურას და დინამიკას?

- ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად ზრდისა, ბაზრების დივერსიფიკაციის სერიოზული პრობლემა გვაქვს. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ რუსეთის ბაზარზე ძალიან ვართ დამოკიდებული, რომელიც უნდობლობით გამოირჩევა. გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია რუსეთის ბაზარი სტაბილურ სავაჭრო პარტნიორად განვიხილოთ. მეორე პრობლემაა საქართველოში გარკვეული ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული არხების არარსებობა, რაც ექსპორტს ხელს უშლის. ვფიქრობ, მიუხედავად ზრდისა, საქართველოს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რომ მოკლე დროში ექსპორტი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს თუ ჩვენ სხვადასხვა ლოჯისტიკური და ტექნიკური საკითხი შეგვიწყობს ხელს.

- რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა და სახელმწიფომ? რა არის პირველად გადასადგმელი ნაბიჯი?

-ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ლოგისტიკური სიმწირე საქართველოში. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა საჰაერო გადაზიდვებს. მნიშნელოვანია ფასიც, რომელიც გაზრდილია და ბოლო წლებში კიდევ უფრო მეტად იზრდება, რაც ბიზნესს ოპერირებას ურთულებს. ამ თემას ისიც ებმის, რომ საქართველოში მალფუჭებადი პროდუქტი ძალიან დიდ არეალზეა აშენებული. შეგვიძლია განვიხილოთ ლურჯი მოცვი, რომელიც საკმაოდ დიდ ფართობზეა გაშენებული. მომდევნო წლებში გაიზრდება, როგორც მოყვანილი მოცვის რაოდენობა, ისე ფართობები. ადგილობრივ მწარმოებლებს  ტრანსპორტირება დასავლეთიდან თბილისამდე უწევთ და ასევე ექსპორტზე გაგზავნა, ეს დამატებით დროს, ხარჯებს და სხვა ბევრ რესურსს მოითხოვს. ამ პრობლემას ბათუმის ან ქუთაისის კარგოტერმინალის ჩადგმა მოაგვარებდა.

- რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან?

-არ ვამბობ, რომ ბიუჯეტის ინვესტირება მაინცდამაინც ამ მიმართულებით უნდა მოხდეს და სახელმწიფომ უნდა ააშენოს "კარგო" ან სხვა სახის ინფრასტრუქტურა აეროპორტებში. მარტივად შეიძლება დაინტერესდეს ინვესტორი ამ მიმართულებით თუ დავანახებთ იმ პოტენციალს, რაც საქართველოს მომდევნო წლების განმავლობაში შეიძლება ჰქონდეს.

- იმისთვის, რომ პროდუქტი ფინიშამდე მივიდეს და ეს ფინიში არ იყოს ძირითადად რუსეთი, რა უნდა გავაკეთოთ?

-საქართველოში კოოპერაციის კულტურის ნაკლებობა ხშირია. ვერ თესავენ შესაბამისი სტანდარტით და მერე ვერ იღებენ შესაბამისი ხარისხის პროდუქტს, გარდა ამისა, არიან მცირე ბაღები, რომლებსაც დიდი წარმადობა არ აქვთ, რომ ექსპორტისთვის საინტერესო იყოს და ამ შემთხვევაში კოორდინირებული კოოპერაციაა საჭირო. თუ საქართველოში კოოპერაციის პოპულარიზაცია მოხდება,  ეს კარგ შედეგს მოგვცემს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ განვითარებული ბაზრების პოპულარიზაცია მოხდეს. ასევე, ადამიანებს მეტად უნდა ვესაუბროთ იმ საფრთხეებზე, რაც ტრადიციული ბაზრებიდან მოდის. გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებთან, ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები, რომელთა გამოყენება ბიზნესის მხრიდან, იგივე ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ვერ ხდება. 






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები