საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი გაიხსნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული კომპანიები EU-ს წევრი სახელმწიფოების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას შეძლებენ.
ეს არის დაახლოებით 2 ტრილიონი ევროს ღირებულების ბაზარი, რადგან სწორედ ამ მოცულობის ტენდერებს აცხადებს ევროგაერთიანება წლის განმავლობაში. ქართული კომპანიები კი სამართლებრივი შეზღუდვის გამო აქამდე ევროკავშირის შესყიდვებში მონაწილეობას ვერ იღებდნენ.
პირველ ეტაპზე ტენდერებში ქართული კომპანიები მხოლოდ საქონლის მიწოდების კუთხით დაიშვებიან. შემდეგი ეტაპი სერვისისა და მომსახურების მიწოდება იქნება. თუმცა ამ ტიპის გადაწყვეტილებას ევროსაბჭო მას შემდეგ მიიღებს, რაც საქართველო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებს.
როგორც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კაჭარავამ „საქმის კურსში" განაცხადა, ეს ქართული კომპანიებისთვის კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობაა, რომლის გამოყენების რეალური შანსია.
"რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ბაზართან გვაქვს საქმე. დაახლოებით 2 ტრილიონი ევროს მოცულობისაა წლიურად და ეს არის მთლიანი მშპ-ს 14%. ეს ჩვენთვის შესაძლებლობაა, რომლის გამოყენების შანსი გვაქვს. ასევე მონაწილეობის მიღება სამეურნეო კუთხით შეგვიძლია, თუმცა აქ სირთულე შეიძლება ლოგისტიკური ხაზები და ტრანსპორტის მაღალი ღირებულება იყოს. ასევე მომავალში შეიძლება აქცენტი სამრეწველო პროდუქციაზე გაკეთდეს. ამ მხრივ როგორც კი წარმატებული შედეგი დაიდება, ვფიქრობ, ამას სხვა კომპანიების ჩართვის კუთხით კარგი შედეგი ექნება", - განაცხადა მან.
მისივე თქმით, აუცილებელია საქართველოში ლაბორატორიების შესაბამის სტანდარტებზე გადასვლა.
"ნელ-ნელა იმ მიმართულებას ვუახლოვდებით, რასაც ევროკავშირთან ინტეგრაცია ჰქვია. ლაბორატორიების დიდ ნაწილს, სამწუხაროდ, მაგალითად, ISO-სტანდარტები ნაკლებად აქვს ათვისებული. თუმცა რაც უფრო გაიზრდება ეს მიმართულება ადგილობრივ ლაბორატორიებში, ჩვენი კომპანიების პროდუქციაც უფრო ადაპტირებული იქნება სტანდარტებზე. შედეგად, უფრო გაიზრდება მათი შანსები, რომ მარტივად მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის ქვეყნებში საჯარო შესყიდვებში", - განაცხადა გიორგი კაჭარავამ.




























