მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმში ევროპელების მხრიდან ინვესტირების ინტერესი არ იზრდება - გიორგი კაჭარავა

გიორგი კაჭარავა

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, სტუმარმასპინძლობის სექტორში ევროპელი ინვესტორების მხრიდან ინვესტირების ინტერესები არ იზრდება. ამის შესახებ გიორგი კაჭარავამ „სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი თბილისი 2026“ მიმდინარეობისას ჟურნალისტებს განუცხადა.

HIF-ი (HIF - Hospitality Investment Forum) წარმოადგენს საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან სასტუმრო ბრენდებს, ადგილობრივ და საერთაშორისო დეველოპერებს, ინვესტორებს, ტურიზმის ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებს, ფინანსურ და საჯარო ინსტიტუციურ პარტნიორებს. ფორუმი წელს სასტუმრო Sheraton Tbilisi-ში გაიმართა.

„ინტერესი არის ხოლმე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინტერესი რომელი ქვეყნებიდან მოდის. ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ევროპული ინვესტორების ინტერესი მზარდი არ ჩანს. თუმცა არის ბიზნესი, სადაც ხედავს საინტერესო მიმართულებას, იქ ერთვება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ქვეყანაში პროგნოზირებადი გარემო გვქონდეს, ვინაიდან თითოეული ინვესტორი, მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედება, მათი კმაყოფილება კი დამატებით მინიმუმ 20 და 30 პოტენციური ინვესტორის ყურადღების მიქცევას იწვევს“, - აღნიშნა გიორგი კაჭარავამ.

EUGBC-ის აღმასრულებელი დირექტორი იმასაც ამბობს, რომ ტურიზმში ევროპელი ტურისტების რაოდენობა მცირდება, თუმცა ჯამური მაჩვენებელი სხვა ქვეყნის ვიზიტორებიდან გაზრდილი ინტერესის ხარჯზე იზრდება. ის აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი პროგნოზირებადი და ცხადი უნდა იყოს იმისთვის, რომ ჩვენი ტურიზმის სფეროში საინვესტიციო გარემოს მიმართ ინტერესი გაიზარდოს.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გარკვეული ნაწილი ინტერესდება, თუმცა ეს დამოკიდებულია მათ კმაყოფილებაზე მომავალში, რამდენად ადეკვატური და სწორი რეაგირება იქნება და მხარდაჭერა შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან და რამდენად კმაყოფილი იქნება თითოეული ევროპელი ინვესტორი“, - ამბობს კაჭარავა.

რომელი ქვეყნიდან ჩამოსული ვიზიტორები ხარჯავენ ყველაზე მეტს და რა წილი აქვთ ეკონომიკაში ტურიზმს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები