მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა ვიცოდეთ დეველოპერულ კომპანიაზე ბინის შეძენამდე?

თეზელაშვილი
23.09.24 14:46
434

უძრავი ქონების შეძენამდე საჭიროა მთელი რიგი ინფორმაციების მოძიება - ვინ ააშენა ან აშენებს კონკრეტულ შენობა-ნაგებობას, როგორია მშენებელი კომპანიის იურიდიული ფორმა.

მათთან საქმიანი ურთიერთობის დაჭერის მომენტიდან როგორია კომპანიის წარმომადგენლების უკუკავშირი, რამდენად მარტივი არის მათთან კომუნიკაცია, ვინაიდან სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში კომუნიკაციის მარტივ შესაძლებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მშენებარე ობიექტი დაფინანსებულია თუ არა რომელიმე ბანკისგან, ან აქვს თუ არა საპარტნიორო ხელშეკრულებაა გაფორმებული, რაც გულისხმობს 10, 15 და 20 წლიან იპოთეკურ სესხებს მყიდველის მხრიდან მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, რა თქმა უნდა არ უნდა იყოს მყიდველი მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული ან არ უნდა ჰქონდეს ბანკთან სხვა სესხი გაპრობლემებული.

მყიდველმა უნდა მოიძიოს კომპანიის facebook გვერდი და უნდა გადაამოწმოს სოციალურ ქსელთან ერთად აქვს თუ არა ოფიციალური ვებგვერდი. აუცილებელია გაეცნოს სოციალურ და ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას კომპანიის შესახებ.

აუცილებელია მყიდველმა მოიძიოს დამატებით ინფორმაცია კონკრეტულად რა პროექტები აქვს აღნიშნულ კომპანიას ან ადამიანების გუნდს განხორციელებული, აქვთ თუ არა საგადასახადო კუთხით რაიმე პრობლემები.

აუცილებელია არქიტექტურის სამსახურში გადამოწმდეს მიწის საკადასტრო კოდზე სადაც განთავსებულია მყიდველის მიერ შერჩეული უძრავი ქონება, გაცემულია თუ არა მშენებლობის ნებართვა, შეთანხმებულია თუ არა პროექტი. ყოველივე ეს საჭიროა იმისთვის, რომ მყიდველმა ზუსტად იცოდეს რამდენად სამართლებრივი ჩარჩოების დაცვით მიმდინარეობს მშენებლობა. უძრავი ქონების შეძენამდე მომხმარებელმა აუცილებლად უნდა დაადგინოს, აქვს თუ არა კომპანიას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ე.წ. განშლა რეგისტრირებული. ამ კუთხით საკანონმდებლო დონეზე მყიდველების ინტერესების დაცვისთვის საინტერესო სიახლე ამოქმედდა. ადრე შპს-ებს ექსკლუზიური უფლება ჰქონდათ - შეეძლოთ უძრავი ქონება პირდაპირ რეგისტრირებული განშლის ოქმიდან გაეყიდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ შენობა ნაგებობაში შემავალი ინდივიდუალური ფართების ჯერ კომპანიის სახელზე რეგისტრაცია ანუ ამონაწერის მომზადება არ იყო აუცილებელი. 2024 წლის 26 მარტიდან კანონმდებლობა გამკაცრდა, კომპანიები ვალდებულები გახდნენ ჯერ ამონაწერები დაარეგისტრირონ და შემდეგ რეგისტრირებული ამონაწერის საფუძველზე გაასხვისონ უძრავი ქონებები.

თუ პირველად გაქვთ შეხება დეველოპერულ კომპანიასთან და ზემოთ მოყვანილი საკითხები თქვენთვის არ არის ნაცნობი, გირჩევთ მხოლოდ პროფესიონალთან ერთად გაიაროთ ყველა საკითხი, რომელიც სამშენებლო კომპანიის შერჩევაში დაგეხმარებათ, რათა რისკები იყოს მყიდველის მხრიდან მაქსიმალურად დაცული.

ბექა თეზელაშვილი - იურისტი

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები