მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ურთიერთობა აქვს სოსო ტყემალაძეს ბიძინა ივანიშვილთან დღეს?

639ede64e31a9
თელარა გელანტია
18.12.22 14:00
1049
„ბატონ ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური ხაზის ურთიერთობა არასდროს მქონია, პოლიტიკა არც მესმის... ადანიანური ურთიერთობა კი ადრეც მქონდა და ახლაც მაქვს“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრის ყოფილმა ეკონომიკურმა მრჩეველმა და საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში წამყვანის კითხვას - „რა ურთიერთობა აქვს ბიძინა ივანიშვილთან დღეს?“.

- გასაგებია, რომ პრემიერის მრჩეველი აღარ ხართ, მაგრამ რას აკეთებთ დღეს ბიძინა ივანიშვილის პროექტებში - ვგულისხმობ აბასთუმნის განვითარების პროექტს და წყალტუბოს, რომლის აღორძინების პირობა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე წლის წინ დადო...

- აბასთუმნის და წყალტუბოს პროექტებს მეთვალყურეობას ვუწევდი და იგივენაირად ვუწევ ახლაც... აბასთუმანი არის ჩემი ცხოვრების ნაწილი. მსგავსი კურორტი დედამიწაზე არ არსებობს.

- უშუალოდ თქვენ რას აკეთებთ აბასთუმანში?

- იმ ბიზნესებს, კომპანიებს, რომლებიც კუორორტში არიან შესული და აშენებენ, ამ გაერთიანებას თავს ვუყრი. ერთად ვსხედვართ ყველა და ვფიქრობთ, ვგეგმავთ როგორ განვავითაროთ უკეთესად... ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტო ბიძინა ივანიშვილს ვეხმარები და არა - ქვეყანას ან საკუთარ თავს. საკუთარ თავს ვეხმარები, რომ კომფორტული გარემო შეიქმნას ქვეყანაში.

- რაც შეეხება წყალტუბოს - "წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში საპრივატიზაციოდ გამოტანილი სასტუმროებიდან მხოლოდ ორის გაყიდვა მოხერხდა, ჯერჯერობით. რატომ ვერ დააინტერესეთ ინვესტორები?

- იყო ერთი ჯგუფი, რომელსაც მთლიანად წყალტუბოს ყიდვა უნდოდა. მე ვამბობდი, რომ ერთი ჯგუფის ხელში ყველა სანატორიუმის მოხვედრა მძიმე იქნება, რადგან კონკურენცია შეიზღუდებოდა, ფასებს თავად დაარეგულირებდნენ და ა.შ... მერე რუსეთ-უკრაინის ომის რეალობამ ყველაფერი შეცვალა და საქართველოს მიმართ როგორც მიმართულებაზე აინთო „ყვითელი“. ჩემი რჩევა იყო, რომ მთავრობამ გააკეთოს „როუდ შოუ“ და შესთავაზოს ინვესტორებს ეს სანატორიუმები... იდეალურია, რომ თითოეული სასტუმრო თითო ქვეყნის წარმომადგენელმა იყიდოს და იყოს დივერსიფიკაცია.

- ერთია სურვილი, მეორეა - რეალობა. ამასობაში ჩამოიშალა ის შენობები...

- ის შენობები ისედაც ამორტიზებულია. აქ მთავარია ის, რომ წყალტუბო ისეთი ბრილიანტია, ამ ფორმით მოხდეს სტრუქტურირება და არ ვიჩქაროთ.

- რა დროა საჭირო იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქმედ აქციოს ის, რაზეც 2019 წელს გაავრცელა განცხადება და თქვა - „გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო ყველა - 22 სასტუმრო და 9 აბანო“-ოო...

- როგორც კი ინტერესები გაქრება, ამას მაშინვე გააკეთებს. მისთვის ეს ძალიან ადვილია, თუმცა ჩვენთვის სჯობს, რომ ვისწავლოთ ასეთი პროექტების აწევა და ინვესტორებთან ურთიერთობა და შემოყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები