დონალდ ტრამპის დავალებით, აშშ-ის ეროვნულმა არქივმა ქვეყნის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის საქმის დოკუმენტი გაასაჯაროვა. 2000-ზე მეტი ახალი დოკუმენტი არქივის ვებგვერდზე 2023, 2022, 2021, 2018 და 2017 წლებში გამოქვეყნებული ჩანაწერების დამატებაა.
საქმე ისაა, რომ ეროვნული არქივის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ახალი არაა. მეტიც, მედიითა და სოციალური ქსელებით გავრცელებული ამონარიდები დიდი ხანია, საჯარო საკუთრებაა, თუმცა ამ დრომდე ძველ დოკუმენტებში გარკვეული ინფორმაცია, უფრო ზუსტად კი ცენტრალური დაზვერვის სამსახურის (CIA) თანამშრომლებისა და წყაროების შესახებ ცნობები, გადაშლილი იყო, ახლა კი ცნობილი გახდა.
ახლად გამოქვეყნებული დოკუმენტები ნათელს მე-20 საუკუნის შუა წლებში აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის მიერ ჩატარებულ ჯაშუშურ სამუშაოებს ჰფენს, რასაც თავად სააგენტო ათწლეულების განმავლობაში საიდუმლოდ ინახვდა.
დოკუმენტები ორ ეტაპად აიტვირთა. პირველ ჯერზე არქივის ვებგვერდზე 32 000-გვერდიანი ჩანაწერები გამოჩნდა, მოგვიანებით კი მათ 31 400 გვერდი დაემატა.
გთავაზობთ ძირითად საკითხებს, რაც კენედის მკვლელობის საქმის დეტალებზე (ვერ) გახდა ცნობილი:
დაზვერვა
დოკუმენტების ნაწილი CIA-ის მიერ 1962-1963 წლების მიჯნაზე მეხიკოში სატელეფონო ზარებზე განხორციელებულ მონიტორინგს ეხება. ჩანაწერებშიი საბჭოთა კავშირისა და კუბელების დიპლომატიურ დაწესებულებაში შემდგარი საუბრებია გაშიფრული. სწორედ ამ დაწესებულებებში ფიქსირდება კენედის მკვლელის, ლი ჰარვი ოსვალდის ვიზიტები, მკვლელობამდე თვეებით ადრე.
აქამდე გამოქვეყნებულ დოკუმენტებში CIA-ის მიერ სატელეფონო ჩანაწერების შექმნის ნაბიჯები არ ხვდებოდა. სააგენტო საიდუმლოდ იტოვებდა ინფორმაციას, კავშირგაბმულობის მოწყობილობებზე სპეციალურ ქიმიურ ნივთიერებას იყენებდა, რაც მხოლოდ ულტრაიისფერი განათების ქვეშ ჩანს. დაზვერვის სააგენტოს არ სრუდა, მათი მეთოდები გამჟღავნებულიყო.
კუბა და კასტრო
ჩანაწერებში საუბარია კუბაში აშშ-ის ფარულ საქმიანობაზე, რომელიც მიზანში კუბას რევოლუციონერ ლიდერს, ფიდელ კასტროს იღებდა. კენედისთვის 1961 წლის ივნისში გაგზავნილი შეტყობინებიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტის თანაშემზე მკაცრად აკრიტიკებდა აშშ-ის აგენტურას. დოკუმენტებში საუბარია დაგეგმილ ოპერაციებზე, რომლებსაც, პოტენციურად კასტროს ჩამოგდება შეეძლოთ. 1964 წლით დათარიღებულ ჩანაწერში საუბარი იყო კასტროს ლიკვიდაციაზე, ლინდონ ჯონსონის პრეზიდენტობის ქვეშ. გეგმა რობერტ კენედის წინააღმდეგობის გამო ჩაიშალა.
CIA-ს საერთაშორისო ნაკვალევი
ჯონ კენედის თანაშემწე, არტურ შლეზინგერი, პრეზიდენტთან აღნიშნავდა CIA-ის "კონტროლირებად ამერიკულ წყაროებზე" დამოკიდებულება სახელმწიფო დეპარტამენტის ტრადიციულ ფუნქციებს არღვევდა და არსებობდა რისკები, რომ სადაზვერვო სამსახური შეერთებული შტატების მოკავშირეთა შიდა პოლიტიკაში ჩარევას ცდილობდა.
მაგალითისთვის, შლეზინგერი წერდა, რომ CIA ზოგიერთ ფრანგ პოლიტიკოსთან კონტაქტის მონოპოლიზაციას ცდილობდა. მათ შორის იყო ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტიც.
რობერტ კენედის მკვლელობა
გამოქვეყნებულ დოკუმენტებში რამდენიმე ათეული რობერტ კენედის (ჯონ კენედის ძმა, 1968 წელს პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან), კერძოდ კი მისი პროკურორობის და სენატორობის პერიოდს ეძღვნება. დოკუმენტებს შორის მხოლოდ ორი იხსენიებს რობერტ კენედის მკვლელობას. მათგან ერთ-ერთ სადაზვერვო დოკუმენტში, რომელიც პირველად 2018 წელს გამოქვეყნდა, საუბარია იმაზე, რომ რობერტ კენედის მკვლელობამ ნიუ-ორლეანსის ოლქის პროკურორს ჯონ კენედის მკვლელობის გამოძიებისკენ უბიძგა.
დოკუმენტების გამოქვეყნებას არ შეუცვლია წლების განმავლობაში მიღებული ვერდიქტი, რომ ჯონ კენედის მკვლელი, ლი ჰარვი ოსვალდი, 1963 წლის 22 ნოემბერს მარტო მოქმედებდა. ჩანაწერებიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოსვალდი არც KGB-ს აგენტი ყოფილა.
გამოქვეყნებულ ფაილებს, რომლებიც ათობით ათას გვერდ ინფორმაციას შეიცავს, ისტორიკოსები ამ დრომდე სწავლობენ. აშშ-ის ეროვნული არქივი აღნიშნავს, რომ ყველა არსებული დოკუმენტი ციფრული ფორმით არ გასაჯაროვდება, პერსონალური ინფორმაციის ნაწილი კი კვლავ დაფარული დარჩება.




























