ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-12 პაკეტის დაწესების თაობაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და ახალი შეზღუდვები პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
სანქციების ახალი პაკეტი რუსეთიდან ბრილიანტისა და ძვირფასი თვლების ექსპორტის შეზღუდვას ისახავს მიზნად. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ბრილიანტის უმსხვილესი მომპოვებელია და ის გლობალური ბაზრის 35%-ს აკონტროლებს. მისი წლიური წარმოების მაჩვენებელი 42 მილიონი კარატს შეადგენს და ძვირფასი თვლების რეალიზაციით ქვეყანა წლიურად საშუალოდ 4 მილიარდი დოლარის შემოსავალს იღებს.
რაც შეეხება ძვირფასი თვლების ბაზარს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბრილიანტის ფასების მსოფლიოს მასშტაბით საშუალოდ 20-30%-ითაა შემცირებული, რაც რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი მაკროეკონომიკური ვითარების გაუარესება, რეცესიული რისკების ზრდა და ფუფუნების საგნებზე მოთხოვნის შემცირებაა.
ფასების მკვეთრი ვარდნის შესაჩერებლად სექტემბერში რუსულმა გიგანტმა, Alrosa-მ ბრილიანტების გაყიდვა დროებით შეწყვიტა, რათა ბაზარზე ხელოვნური დეფიციტი შექმნილიყო და ფასები გაზრდილიყო. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო De Beers-მაც და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ საერთაშორისო ბაზარს ბრილიანტის თვლების მიწოდება შეეზღუდა.
ამჟამად ფასები დასტაბილურებულია, თუმცა 2022 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით ინდუსტრია მაინც დაღმასვლისკენაა მიმართული.
რაც შეეხება გაყიდვების დინამიკას, რუსულ წარმოების ბრილიანტებს, უმეტესწილად, აზიური სახელმწიფოები, მათ შორის, ინდოეთი და ჩინეთი ყიდულობენ, დასავლეთის მასშტაბით კი მოთხოვნა მკვეთრადაა შემცირებული.