მარტში 7.6%-იანი კლების შემდეგ, აპრილში საჰაერო ტვირთბრუნვა, წლიურ ჭრილში, 6.6% -ით დაეცა. ამის შესახებ მონაცემები საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ გამოაქვეყნა. ამასთან, ინდუსტრიის მასშტაბით ტვირთის გამტარუნარიანობა პანდემიამდელი დონეს დაუბრუნდა და პირველად სამი წლის განმავლობაში, ხელმისაწვდომ სატვირთო კილომეტრებზე 2019 წლის აპრილის დონეს 3.2%-ით აჭარბებს.
ავიაგადაზიდვებში კლებამ გამოწვევების წინაშე დააყენა საქართველოს ბაზარზე ბაზირებული ავიაკომპანიების ნაწილიც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებენ ავიაგადაზიდვებს. კომპანიების ნაწილის თქმით, მაისსა და ივნისში დაკვეთები 80%-მდე კლებას აჩვენებს - რა ხდება სატვირთო ავიაბაზარზე და როგორია მოლოდინები?
ამ თემაზე გადაცემა „საქმის კურსში“ „სქაი ლოჯისთიქის“ დამფუძნებელმა გიორგი ზუმბაძემ ისაუბრა.
მისი განმარტებით, სატვირთო გადაზიდვების ტენდენცია კი არ შემცირდა, არამედ პანდემიამდელ, 2019 წლის ტემპს დაუბრუნდა. ზუმბაძის განმარტებით, პანდემიისგან გამოწვეულმა გაზრდილმა საჰაერო გადაზიდვის სტატისტიკამ გააჩინა მოლოდინი იმისა, რომ მატება ათეული წლები გაგრძელდებოდა, თუმცა საზღვრები გაიხსნა, სამგზავრო თვითმფრინავებმა კი ოპერირება განაახლეს.
„საჰაერო სატვირთო გადაზიდვები იმ სტანდარტულ მაჩვენებელს დაუბრუნდა, რაც პანდემიამდე იყო. კოვიდმა ამ ინდუსტრიაში დიდი მოლოდინები გააჩინა,
დაანახა მსოფლიოს რამდენად მნიშვნელოვანია ლოჯისტიკა და საჰაერო-სატვირთო გადაზიდვები, რომლითაც პირველადი მოხმარების სამედიცინო მასალები მიედინებოდა მთელს მსოფლიოში.
2022 წლის მეორე ნახევრიდან ნელ-ნელა ყველაფერი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა. 2021 წელს საჰაერო გადაზიდვების მთლიანმა ბრუნვამ 201 მილიარდი დოლარი შეადგინა, როცა ეს 2019 წელს ეს იყო 100 მილიარდი. კოვიდის დროს ტვირთის ბრუნვაში შეიძლება იყო 7-8% მატება, მაგრამ თანხობრივად ეს იყო 100%-იანი მატება. ამან გამოიწვია არასწორი მოლოდინები რომ ეს შეიძლება 5 და 10 წელი გაგრძელებულიყო,“ - განმარტავს გიორგი ზუმბაძე.