მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ზრდის და ამცირებს საქართველოს სავალუტო რეზერვებს?

დოლარი

სავალუტო რეზერვები ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. უცხოური ვალუტის რეზერვი ბუფერს წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკური კრიზისების და საგარეო შოკების პერიოდში ერთგვარ მაბალანსებელ ფუნქციას ასრულებს.

ამჟამად საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა 4.08 მილიარდ დოლარს შეადგენს, ამ თანხიდან 3.5 მილიარდი დოლარი განთავსებულია ფინანსურ აქტივებში, ხოლო $627 მილიონი მონეტარულ ოქროში (7.1 ტონა), რომელიც სებ-მა 2024 წლის მარტსა და აპრილში შეიძინა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა 1.03 მილიარდი დოლარით შემცირდა, აქედან ყველაზე დიდი - 627 მილიონი დოლარის კლება 2024 წლის ოქტომბერში იყო, რაც ყველაზე მსხვილი ერთთვიანი შემცირებაა, რაც კი საქართველოს სავალუტო რეზერვებს ოდესმე ჰქონია.

რეზერვების კლება წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს უკავშირდება, რადგანაც გასულ თვეში სებ-მა სავალუტო აუქციონებით 213 მილიონი დოლარი გაყიდა, მათ შორის წინასაარჩევნო კვირაში ეროვნულმა ბანკმა $100 მილიონი გაყიდა, რაც სებ-მა წინასაარჩევნო აჟიოტაჟსა და ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების დაბალანსებას და ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდებას დაუკავშირა.

შედეგად, გასულ თვეში ადგილი არ ჰქონია ლარის მკვეთრ გაუფასურებას, თუმცა ინტერვენციების მასშტაბი, რაც კურსის შენარჩუნებაზე დაიხარჯა, უცნობია, რადგანაც Bmatch პლატფორმით რეალიზებული სავალუტო რეზერვების მოცულობა მხოლოდ 25 ნოემბერს გახდება ცნობილი. თუმცა, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის შეფასებით, მხოლოდ სექტემბერ- ოქტომბერში სებ-მა ინტერვენციებისა და Bmatch პლატფორმით 733 მილიონი დოლარი გაყიდა.

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ რეზერვების დონე ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და მისი შევსება იყო საჭირო. რამდენიმე დღის წინ კი, სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა აღნიშნა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა უფრო მცირეა ვიდრე BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში.

საქართველოს სავალუტო რეზერვების შევსება/შემცირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, ესენია:

1) სებ-ის მიერ ღია ბაზარზე აშშ დოლარის შესყიდვა სავალუტო აუქციონის მეშვეობით (იწვევს რეზერვების შევსებას), სავალუტო აუქციონით დოლარის გაყიდვა (იწვევს რეზერვის კლებას).

2) სებ-ის მიერ ღია ბაზარზე Bmatch პლატფორმით დოლარის შესყიდვა (იწვევს რეზერვების შევსებას), Bmatch პლატფორმით დოლარის გაყიდვა (იწვევს რეზერვის კლებას).

3) საქართველოს მთავრობის საგარეო ვალების ჩამორიცხვა (იწვევს რეზერვების შევსებას), საგარეო ვალების დაფარვა (იწვევს რეზერვების კლებას). 2024 საგარეო ვალის დაფარვის მოცულობა 1.37 მილიარდ ლარს, ანუ 504 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო უშუალოდ მეოთხე კვარტალში 393 მილიონი ლარის, ანუ 145 მილიონი დოლარის ვალის მომსახურება იგეგმება. რაც შეეხება ვალების ჩამორიცხვას, 2024 წლის განმავლობაში მთავრობა 1.83 მილიარდი ლარის, ანუ 673 მილიონი დოლარის ახალი ვალის აღებას გეგმავს, ხოლო უშუალოდ მეოთხე კვარტალში ვალის აღება 773 მილიონი ლარით, ანუ 284 მილიონი დოლარით იგეგმება.

4) რეზერვებში არსებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასის ცვლილება - სავალუტო რეზერვების სტატისტიკა წარმოდგენილია აშშ დოლარში, თუმცა თავად რეზერვები მხოლოდ დოლარის აქტივებისგან არ შედგება და მასში გარკვეული წილი მოდის ევროს და SDR-ის ფინანსურ ინსტრუმენტებზეც, შესაბამისად ევროს და SDR-ის ღირებულების ცვლილება იწვევს ამ ინსტრუმენტის ფასის ცვლილებას დოლარში და ამ გზით გავლენას ახდენს რეზერვების ზომაზე. კიდევ ერთი ფაქტორი უკავშირდება სებ-ის რეზერვებში არსებული მონეტარული ოქროს ფასის ცვლილებას. 2024 წლის მარტიდან სებ-ის რეზერვებში 7.1 ტონა მონეტარული ოქრო შედის, რომლის ღირებულებაც თავდაპირველად 529 მილიონი დოლარი იყო, თუმცა უკვე 2024 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის ამ ოქროს ფასმა მიმდინარე ფასებში 627 მილიონი დოლარი შეადგინა (ზრდა 98 მლნ დოლარი), ეს მატება საერთაშორისო ბაზარზე ოქროს გაძვირებას უკავშირდება.

5) უცხოურ ვალუტაში, კომერციული ბანკების მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების მოცულობების ცვლილება, რაც ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შემადგენლობაშია. ამ რეზერვების მოცულობა 4.76 მილიარდი ლარი ანუ 1.75 მილიარდი დოლარი იყო.

ინტერვენციებით და Bmatch პლატფორმით 2014-2024 წლების განმავლობაში შესყიდული და გაყიდული რეზერვები:

  • 2024 წელი (დღემდე) - სებ-მა ინტერვენციებით $382 მილიონი დოლარი გაყიდა, ამასთან Bmatch პლატფორმით სებ-მა იანვარ-სექტემბერში შეისყიდა 330 მილიონი დოლარი და გაყიდა 157 მილიონი დოლარი, თანხა რაც სებ-მა Bmatch პლატფორმით ოქტომბერში გაყიდა უცნობია, თუმცა ცნობილია რომ წელს სავალუტო რეზერვები 768 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო 12 თვიან პერიოდში კლება 1 მილიარდი დოლარია.
  • 2023 წელი - სებ-მა ინტერვენციებით $166.7 მილიონი დოლარი გაყიდა, ამასთან Bmatch პლატფორმით შესყიდვები იყო 1,474 მილიონი დოლარი, ხოლო გაყიდვები 28 მილიონი დოლარი; ჯამური გავლენა ამ ოპერაციებით +1,279 მილიონი დოლარი;
  • 2022 წელი - სებ-ის ინტერვენციები გაყიდვების მიმართულებით $94 მილიონი, შესყიდვები $80 მილიონი, ამასთან სებ-მა Bmatch პლატფორმით 578 მილიონი დოლარი შეისყიდა; ჯამური გავლენა ამ ოპერაციებით +564 მილიონი დოლარი;
  • 2021 წელი - ინტერვენციებით $332.9 მილიონი დოლარი გაიყიდა, ამასთან სებ-მა Bmatch პლატფორმით გაყიდა 23 მილიონი დოლარი; ჯამური გავლენა ამ ოპერაციებით -356 მილიონი დოლარი;
  • 2020 წელი - $872 მილიონი დოლარი გაიყიდა სავალუტო ინტერვენციებით, ხოლო Bmatch პლატფორმით გაყიდა 43 მილიონი დოლარი, ჯამური გავლენა ამ ოპერაციებით -915 მილიონი დოლარი;
  • 2019 წელი - $93 მილიონის გაყიდვები, $165 მილიონის შესყიდვები; ჯამური გავლენა ამ ოპერაციებით +72 მილიონი დოლარი;
  • 2018 წელი - რეზერვების გაყიდვები არ ყოფილა, სებმა $195 მილიონი შეისყიდა; ჯამური გავლენა +$195 მილიონი;
  • 2017 წელი - რეზერვების გაყიდვები არ ყოფილა, სებმა $130 მილიონი შეისყიდა; ჯამური გავლენა +130 მილიონი;
  • 2016 წელი - $280 მილიონის გაყიდვები, $278 მილიონის შესყიდვები; ჯამური გავლენა -$2 მილიონი
  • 2015 წელი - $287 მილიონის გაყიდვები; ჯამური გავლენა -$287 მილიონი;
  • 2014 წელი - $300 მილიონის გაყიდვები, $200 მილიონის შესყიდვები, ჯამური გავლენა -$100 მილიონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები