მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში, რეგიონი 4-სეზონიანი კურორტი გახდება - "წესის" დამფუძნებელი

რაჭა

რაჭაში, ამბროლაურში მდებარე სასტუმრო „წესის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საქართველოში რაჭის გარდა თითქმის ყველა რეგიონის სრულად ათვისება და განვითარება მოხდა. ამის შესახებ ერასტი მეტრეველმა BM.GE-სთან იმ კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც რაჭაში, რამდენიმე ლოკაციაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დაპირებას შეეხებოდა.

„დაახლოებით ბოლო 10 წელია ვიძახი, რომ ასეთი მარგალიტები გვაქვს რაჭაში. რეგიონი აქტიურად აუთვისებელია. საქართველოში თითქმის ყველა რეგიონის სრულად ათვისება და განვითარება მოხდა, გარდა რაჭისა. პრემიერის მხრიდან, ისეთი ლოკაციები დასახელდა, რომელიც ულამაზესია და ტურისტულად განსავითარებელია. რამდენად შესრულებადია პირობა, ამაზე თავად პრემიერს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ თუ დაპირება შესრულდება, ეს რაჭას განვითარებაში ძალიან დაეხმარება.

თუ რაჭაში განვითარდება ინფრასტრუქტურა, ჩავთვალოთ, რომ რეგიონი 4 სეზონიანი კურორტი გახდება, რომელიც ტურისტულად სრულად დატვირთული იქნება“, - აცხადებს ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი.

რაც შეეხება ტურისტულ სეზონს, მეტრეველის ცნობით, სასტუმროში ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები თანაბრად ჭარბობს. კერძოდ, შემოდგომას, როდესაც რთველია და ასევე ზაფხულში, აგვისტოს თვე სტაბილურად დაჯავშნილია. თუმცა სასტუმროს დამფუძნებელი დასძენს, რომ აგვისტოს გარდა, სხვა თვეებში, შედარებით მცირე დატვირთვა შეინიშნება. უცხოელი სტუმრები ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან სტუმრობენ, კერძოდ პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და ა.შ.

ინფორმაციისთვის, სასტუმრო წესი რაჭაში 5 წელია ოპერირებს. ტურისტული ობიექტი ჯამში 17 ნომერს, რესტორანს, მარანსა და საბავშვო ზონას აერთიანებს, სადაც ერთ ჯერზე 40 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი. სასტუმრო "წესში" ერთი ღამით განთავსება, ორ პერსონაზე, 170 ლარი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები