მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რადიო თავისუფლება: "საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია" - 12 ქვეყნის საგარეო მინისტრებმა წერილით ბორელსა და ვარჰეის მიმართეს

ბორელი

ევროკავშირის 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საკითხზე საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეპ ბორელს და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიმართავს.

12 ქვეყნის პირველი დიპლომატების ღია წერილს "რადიო თავისუფლება" აქვეყნებს. რედაქციაში აღნიშნავენ, რომ წერილი 10 მაისით არის დათარიღებული. მიმართვაში საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ ქმედებებზე წუხან და აცხადებენ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საფრთხეშია.

“მოგმართავთ დიდი წუხილით საქართველოში გაუარესებულ ვითარებასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს და ევროპულ მისწრაფებას მთელი გულით ვუჭერდით მხარს. დღეს ქართველი ხალხისა და მათი ევროპული არჩევანის გვერდით ვდგავართ - ეს არის არჩევანი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების სასარგებლოდ.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ადგას იმ გზას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის შესაძლებლობას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიწიოს.

საქართველოს პარლამენტი წინ მიიწევს ე.წ “უცხოური გავლენის” კანონის მიღების გზაზე. იმის ფონზე, რომ ბევრი შეშფოთების სიგნალია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების თუ საქართველოს პარტნიორების მხრიდან, უნდა მოვძებნოთ სხვა გზებიც, რათა თბილისს ჰქონდეს არაორაზროვანი გზავნილი რომ ეს კანონმდებლობა საქართველოს ევროპულ გზაზე პროგრესთან შეუთავსებელია". - წერენ ევროპელი დიპლომატები და ახსენებენ 17 აპრილს ჟოზეპ ბორელისა და ოლივერ ვარჰეის მიერ გამოქვეყნებულ წერილსაც, სადაც მკაფიოდ არის ნათქვამია, რომ "აგენტების კანონი" ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია.

წერილზე ხელმომწერი საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" მეორედ ინიციირებული "აგენტების კანონი" შემაშფოთებელი ნიშანია საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის ცვლილებისა.

"ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებდნენ პროტესტს, დათრგუნვა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების, შეუთავსებელია დემოკრატიასთან და ევროპულ ღირებულებებთან. მთავრობის შებრუნება დემოკრატიული დასავლეთიდან საკუთარ გამოსვლაში “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემაც გააძლიერა.

გიგზავნით პირდაპირ და ნათელი მესიჯს, რადგან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია", - წერენ ევროპელი დიპლომატები და ითხოვენ, მიეთითოს საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტულ შედეგზე, რაც მოჰყვება სადავო კანონის მიღებას. ჩვენი პრინციპული პოზიციაა და ქმედება არის ის, რასაც ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი ელის.

"ამ ვითარებაში გთხოვთ, უზრუნველყოთ ზეპირი განცხადება ევროკომისიის იმაზე თუ რა გავლენა ექნება შეთავაზებულ კანონმდებლობას 9 ნაბიჯის შესრულებაზე. ასევე გთხოვთ ამ საკითხს მიენიჭოს პრიორიტეტი, რათა დავრწმუნდეთ რომ ეს კანონის საბოლოო მიღებამდე მოხდება", - სთხოვენ წერილზე ხელმომწერები ბორელსა და ვარჰეის.

მიმართვას ხელს წერენ: ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

13 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით 1:07 წუთში განიხილეს და მხარი დაუჭირეს. სხდომამ ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშე ჩაიარა, რადგან პარლამენტის შენობის გარშემო მობილიზებული პოლიციის გამო, ოპოზიციის დეპუტატებმა სხდომაზე დროულად შესვლა ვერ შეძლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები