Pinterest-ის - რომელიც ფოტოჰოსტინგის ონლაინპლატფორმას წარმოადგენს და მომხმარებელს მხოლოდ ფოტო/ვიდეოს ატვირთვის და მათი ორგანიზების საშუალებას აძლევს - აქციები 9%-ით გაიზარდა.
მკვეთრი ზრდა აქტივისტი ინვესტორის, Elliott Investment Management-ის $1 მილიარდიან ინვესტიციას უკავშირდება, რომელიც კომპანიამ Pinterest-ში განახორციელა.
Pinterest-ის განცხადებით, ისინი ამ დაფინანსების გამოყენებას აქციების გამოსასყიდად გეგმავენ, რაც ახლახან დამტკიცებული $3.5 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამის ნაწილია.
"Elliott-ის ინვესტიცია არის იმ სამუშაოსადმი ნდობის მკაფიო გამოხატულება, რომელიც ჩვენ ბიზნესის ასაშენებლად გავწიეთ და ასევე იმ მნიშვნელოვანი სამომავლო შესაძლებლობების აღიარება, რაც Pinterest-ს გააჩნია", - განაცხადა პრესრელიზში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბილ რედიმ.
მარკ სტაინბერგმა, რომელიც Elliott-ის პარტნიორი და Pinterest-ის საბჭოს წევრია, აღნიშნა, რომ მათი ფირმა სოციალური მედიის კომპანიისთვის "მნიშვნელოვან სამომავლო შესაძლებლობებს" ხედავს.
წელს Pinterest-ის აქციებმა ღირებულების თითქმის მესამედი დაკარგა. კომპანია ებრძვის ზრდის ტემპის შენელებასა და შემცირებულ სარეკლამო დანახარჯებს, რადგან ბიზნესებს ტარიფებით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავება უწევთ.
გასულ თვეს Pinterest-ის აქციების ფასი დაეცა მას შემდეგ, რაც მეოთხე კვარტლის არასახარბიელო შედეგების გამოქვეყნებისას გაირკვა, რომ სატარიფო შოკებმა მსხვილ საცალო მოვაჭრეებზე უარყოფითად იმოქმედა და სარეკლამო ხარჯები შეამცირა.
იანვარში კომპანიამ ასევე შეამცირა თანამშრომლების 15%-ზე ნაკლები და შეკვეცა საოფისე ფართები, რადგან ის პრიორიტეტს ხელოვნურ ინტელექტს ანიჭებს.
გარიგების ფარგლებში, Elliott 1 მილიარდი დოლარის ღირებულების კონვერტირებად პრივილეგირებულ ობლიგაციებს (convertible senior notes) შეიძენს, რომელთა საწყისი კონვერტაციის ფასი თითო აქციაზე $22.72 იქნება.
ეს ორშაბათს ბირჟების დახურვის ფასთან შედარებით 30%-იან ნამატს წარმოადგენს.




























