ფოტო: კაკი ქარჩხაძე
შაორის წყალსაცავის წყლის დონე მნიშვნელოვნად არის დაწეული. ამის ამსახველი ფოტომასალა ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში აქტიურად ზიარდება. BM.GE საკითხის გასარკვევად ამბროლაურის მერიას დაუკავშირდა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია; თუმცა Facebook-ში გავრცელდა კომპანია "ეპ ჯორჯია გენერაციის" განმარტება, რომელიც "შაორჰესის" მფლობელი კომპანიაა; აღნიშნულ ჰესს კი წყალი სწორედ შაორის წყალსაცავიდან მიეწოდება.
შაორის წყალსაცავში წყლის დონის მკვეთრი შემცირების მიზეზებზე BM.GE კომპანი "ეპ ჯორჯია გენერაციის" დირექტორთა საბჭოს წევრ ლევან საჩალელს ესაუბრა. მისი განმარტებით, წელს, წყალსაცავში წყლის დონის დაწევა იმიტომ გახდა შესამჩნევი, რომ წინა წლებთან შედარებით, ამ სეზონზე ნაკლები ნალექი მოვიდა. ლევან საჩალელი ამბობს, რომ გაზაფხულზე წყალსაცავი თავიდან შეივსება.
„შაორის წყალსაცავი არის ენერგეტიკული დანიშნულების. ის ამარაგებს შაორჰესს, რომელიც მის ქვემოთ [ტყიბულში] მდებარეობს. წყალი, რაც წლის განმავლობაში იქ გროვდება ხოლმე, ვიყენებთ ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად. ბოლო პერიოდში, ნალექის სიმცირის გამო მოხდა წყლის დამუშავება საპროექტო ნიშნულის ფარგლებში. წყალსაცავი ბოლომდე დაცლილი არ არის, შესაძლებლობა კიდევ აქვს. თუმცა ეს პრობლემა არ არის, წყალსაცავი ისევ აივსება წყლით. ძირითადად, მისი გავსება ხდება მოსული თოვლის დნობის შედეგად. აკუმულირებას ვახდენთ ყოველი წლის გაზაფხულზე, ახალი არაფერია. ეს თანმდევი პროცესია. ზოგადად რომ განგიმარტოთ, ყოველ წელს, შაორის წყალსაცავზე წყლის ცვლილება სტაბილურად ხდება, უბრალოდ ეს არ ჩანს, რადგან მოსული ნალექის შედეგად წყალსაცავი სწრაფად ივსება, ხოლო წელს, ნაკლები ნალექის გამო დარჩა წყალი დაბალ დონეზე. წყალსაცავში ასევე ჩაედინება მდინარე შარეულა და კიდევ რამდენიმე პატარა მდინარე, თუმცა ეს საკმარისი არ არის. წყალსაცავის დამუშავება ამ ნიშნულამდე ბოლოს 2018 - 2019 - 2020 წლებშიც მოხდა, თებერვლის თვეში, თუმცა ეს შესამჩნევი არ იყო, რადგან მაშინ თოვლის დნობის პერიოდი დაემთხვა და წყალსაცავი თავისთავად აივსო“, - განმარტა ლევან საჩალელმა და დასძინა, რომ შაორის წყალსაცავი ამ დონეზე რამდენიმე წლის წინაც იყო, თუმცა გაზაფხულზე, თოვლის დნობის შემდეგ ისევ აივსო.
ლევან საჩალელის განმარტებით, მიუხედავად წყლის სიმცირისა, შაორჰესის მუშაობას პრობლემა არ ექმნება.
ფოტო: კაკი ქარჩხაძე
ინფორმაციისთვის, შაორჰესი მაღალდაწნევიანი ჰიდროელექტროსადგურია. შაორის წყალსაცავი მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. ჰესის ძალოვანი კვანძი მდებარეობს ქ. ტყიბულში, მდინარე ტყიბულას მარცხენა სანაპიროზე. შაორის წყალსაცავი მოქცეულია შაორის ტაფობში, სოფ. ხერგას მიდამოებში კარსტული ტბების ადგილას, სადაც მდინარე დიდი ჭალას კარსტულ სიცარიელეში ჩადინების ადგილებამდე მოწყობილია ქვანაყარი კაშხალი. შაორჰესი მუშაობს მდინარე დიდი ჭალასა და მისი მარჯვენა შენაკადის მდ. შაორის ჩამონადენზე. გარდა ამისა, წყალსაცავის შევსებაში მონაწილეობას იღებს მდ. ცივწყალა, რომლის გარკვეული ნაწილი სატუმბი სადგურის საშუალებით ხვდება წყალსაცავში.
შაორჰესი ექსპლუატაციაში მიღებულია 1959 წელს. ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავებაა 138.0 მლნ კვტ.სთ.
შაორჰესზე განხორციელებული ჰიდროაგრეგატების №1 და №2-ის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, ჰესის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა და შეადგენს 40.32 მგვტ-ს, ნაცვლად საპროექტო 38.4 მგვტ დადგმული სიმძლავრისა.'
ფოტო: კაკი ქარჩხაძე