მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამ გამოიწვია სოცშემწეობის მიმღებთა რაოდენობის რეკორდული ზრდა - მინისტრის განმარტება

სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სოცდაუცველთა ნაწილი ფინანსური მდგომარეობის გამო არ უნდა იღებდნენ საარსებო შემწეობას. რაც შეეხება მზარდ რიცხვს, სარჯველაძის თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ შემწეობის მიმღებები სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში არიან ჩართულები, რის გამო სახელმწიფო მათ სტატუსს აღარ ამოწმებს. BMG-იმ ამ საკითზე კითხვებით ჯანდაცვის მინისტრს დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიმართა.

2025 წლის მარტში 700 ათას გადააჭარბა შემწეობის მიმღებთა რიცხვმა, მათგან 235 287 დასაქმების პროგრამაშია ჩართული.

"იცით სოციალური შემწეობის მოქმედი რეგულაციები როგორია დანიშვნასთან და შემდეგ მოხსნასთან დაკავშირებით. დღეს აბსოლუტურად ახსნადია, რატომ იზრდება [შემწეობის მიმღებთა] რიცხვი და არ კლებულობს. ისიც მოგეხსენებათ, რომ იქ არსებული ადამიანების რაოდენობა რეალურად არ ასახავს ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა არსებულ მდგომარეობას, რაოდენობას. სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, რომ ბაზაში და ამაზე გახსნილად უნდა ვისაუბროთ, დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც შემორჩენილი რეგისტრაციით იღებენ შემწეობას. მათ შორის ისეთებიც, რომელთა მდგომარეობა გადამოწმების შემდეგ შეიძლება ნამდვილად აღმოჩნდეს ისეთი, რომელიც არ იმსახურებს", - განაცხადა სარჯველაძემ.

bm.ge-ის კითხვაზე - რატომ იღებენ ისეთი ადამიანები დახმარებას, რომლებსაც შემწეობა არ ეკუთვნით, სარჯველაძე ამბობს, რომ ამის მიზეზი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაა.

"მოგეხსენებათ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ შეუნარჩუნდეთ სოციალური შემწეობა. ამის მიზანი გახლავთ ის, რომ სოციალური შემწეობის მიმღებ ადამიანებში წახალისდეს ის, რომ საკუთარ კეთილდღეობაზე იზრუნონ. ამიტომ ეს პოზიტიური გადაწყვეტილებაა, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სოცდაუცველების სიჭარბეზე ახდენს გავლენას", - აცხადებს სარჯველაძე, თუმცა არ ამბობს ამ 700 ათასი ადამიანიდან რამდენს არ ეკუთვნის სახელმწიფოსგან დახმარება. ამ ეტაპზე სამინისტრო მხოლოდ იმ ოჯახებს ამოწმებს, რომლებიც თავად ითხოვენ გადამოწმებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები