მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ გამოიწვია უმუშევრობის დონის შემცირება?

5ec78bf1e2ec6
ირაკლი მაკალათია
22.05.20 14:56
3150
2019 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.6% შეადგინა, რაც ბოლო 18 წლის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2010 წლიდან დაწყებული უმუშევრობის დონე ყოველწლიურად მცირდება. რამ გამოიწვია 2019 წელს უმუშევრობის დონის შემცირება? რამდენად უკავშირდება ის დასაქმების დონის ზდასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

უმუშევრობის დონე გამოითვლება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიით. უმუშევარი არის 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში არ მუშაობდა ერთი საათითაც კი, ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომავალი 2 კვირის განმავლობაში. უმუშევრობის დონე გამოითვლება უმუშევართა რაოდენობის (მხოლოდ ის უმუშევრები რომლებიც ეძებენ სამსახურს და მზად არიან სამსახურის დასაწყებად) შეფარდებით 15 წლისა და უფროსი ასაკის ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან (დასაქმებულებს + უმუშევრები, რომლებიც ეძებენ სამსახურს). რაც შეეხება დასაქმების დონეს, დასაქმებულია 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა სულ მცირე ერთი საათი მაინც, შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით ან ეხმარებოდა უსასყიდლოდ შინამეურნეობის სხვა წევრებს. დასაქმებულები იყოფიან ორ დიდ კატეგორიად, დაქირავებულები და თვითდასაქმებულები. თვითდასაქმებულები, რომლებიც დასაქმებულთა ნახევარს წარმოადგენენ, თავის მხრივ კიდევ იყოფიან სამ ქვეკატეგორიად: დამქირავებლები, ინდივიდუალურად მომუშავეები და ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავეები. სწორედ ეს ბოლო კატეგორია, რომელიც თვითდასაქმებულთა 40%-მდეა, იწვევს თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდას. ამასთან დასაქმებულთა კატეგორიაში მუდმივად დგას ,,არასრული დასაქმების’’ პრობლემა, რომლის შესწავლაც არ ხდება.

აქედან გამომდინარე, უმუშევრობის დონე 11,6% მაღალია თუ დაბალი? თავად 11,6% ემოციურად განგვაწყობს რომ ის დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ ეკონომიკური შინაარსით გამოდის, რომ 15 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებში, რომლებიც მუშაობენ (მათ შორის დაბალ ანაზღაურებად და ,,არასრული დასაქმებით’’) და რომლებიც ეძებენ სამსახურს, დაახლოებით ყოველი მე-9 ადამიანი არის უმუშევარი (100/11,6).



ცხოვრების დონის გაუმჯობესების მოლოდინი გვექნებოდა თუ უმუშევრობის დონის კლებასთან ერთად გაიზრდებოდა დასაქმების დონე, მაგრამ 2019 წელს 2018 წელთან შედარებით შემცირდა როგორც უმუშევრობის დონე ისე დასაქმების დონეც. გამოდის რომ შემცირდა როგორც უმუშევართა რაოდენობა ისე დასაქმებულთა რაოდენობაც. რეალურად მოხდა, ის რომ შემცირდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა, უმუშევარმა ადამიანებმა ხელი ჩაიქნიეს და სხვადასხვა მიზეზებით (ეკონომიკური თუ ფსიქოლოგიური) გადაინაცვლეს ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობაში და გავიდნენ სამუშაო ძალიდან. დასაქმებულთა კატეგორიაში კი დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობაც მცირდება, სამაგიეროდ იზრდება თვითდასაქმებულთა რაოდენობა. ანალოგიური სურათი გვქონდა 2018 წელსაც. გამოდის რომ უმუშევრობის დონის კლება ძირითადად გამოწვეულია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის კლებით და არა ეკონომიკური ფაქტორებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდით. რეალურად უმუშევრობის დონის კლებით მივიღეთ არა პოზიტიური მაჩვენებელი, არამედ გამოიკვეთა ისეთი პრობლემური საკითხი, როგორიც არის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის კლების ტენდენცია შრომის ბაზარზე.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები