მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა 6 თვეში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარების ზრდა? – Galt & Taggart

ექსპორტი

2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.6%-ით გაიზარდა.

Galt $ Taggart-ის 2024 წლის პირველი ნახევრის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ადგილობრივი მოხმარების მატება საცალო (+4.9% წ/წ) და პირდაპირი მომხმარებლების (+4.9% წ/წ) გაზრდილი მოთხოვნის შედეგი იყო. აფხაზეთის რეგიონის მოხმარება კი წლიურად 5.6%-ით შემცირდა.

„პირდაპირი მოხმარების მატება კრიპტო-მაინინგ და მეტალურგიის სექტორების გამოცოცხლებით აიხსნება, რაც კრიპტო-აქტივების და ფეროშენადნობების ფასების ზრდამ გამოიწვია. ამასთან, მეტალურგიული კომპანიების განცხადებით, ფასები ჯერ საკმარისად გაზრდილი არ არის, რომ საწარმოებმა სრული დატვირთვით იმუშაონ. შესაბამისად, მოხმარების ზრდის პოტენციალი კვლავ მაღალია, რაც მეტალის ფასების ზრდის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.

პუბლიკაციის მიხედვით, 2024 წლის პირველ ნახევარში ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საერთო მოცულობამ 7.8 ტვტ.სთ შეადგინა. აქედან 6.1 ტვტ.სთ (ჯამურის 77.7%) ჰესების გამომუშავება იყო, 1.2 ტვტ.სთ (ჯამურის 15.9%) თბოსადგურების, 0.04 ტვტ.სთ (ჯამურის 0.5%) ქარის სადგურის, ხოლო 0.5 ტვტ.სთ (ჯამურის 5.9%) იყო ელექტროენერგიის იმპორტი. მოთხოვნა: ქსელში მიწოდებული 7.8 ტვტ.სთ-დან,

ამასთან, ადგილობრივმა მოხმარებამ საბითუმო დონეზე 6.7 ტვტ.სთ (ჯამურის 86.5%) შეადგინა, 0.8 ტვტ.სთ (ჯამურის 9.7%) გავიდა ექსპორტზე, ხოლო 0.3 ტვტ.სთ (3.8%) დაიკარგა ქსელში ტრანსპორტირებისას.

ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაცია და იმპორტი წლიურად 1.7%-ით გაიზარდა. ჯამური მიწოდების 77.7%-ს ჰიდრო სადგურები, 15.9%-ს თბოსადგურები, 0.5%-ს ქარის სადგურები, დარჩენილ 5.9%-ს კი იმპორტი შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ამ ოთხი წყაროდან წლიურად მხოლოდ ჰიდროსადგურების გენერაციაა გაზრდილი. მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია წლიურად 13.5%-ით გაიზარდა და 6.1 ტვტ.სთ შეადგინა.

ამასთან, 2024 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც იმპორტის, ასევე თბოგენერაციის მოცულობა. იმპორტი წლიურად 23.9%-ით 0.5 ტვტ.სთ-მდე, ხოლო თბოგენერაცია წლიურად 26.3%-ით 1.2 ტვტ.სთ-მდე შემცირდა.

„ორივე კომპონენტის კლება პირველ კვარტალში დაფიქსირებული შემცირების შედეგია, ვინაიდან, ტრადიციულად, მეორე კვარტალში მათი საჭიროება (და შესაბამისად გამოყენება) ნაკლებია. ჯამურად, 2024 წლის პირველ ნახევარში იმპორტულ ელექტროენერგიაში რუსეთს 91.4% წილი ეჭირა (განკუთვნილი სრულად აფხაზეთისთვის), დარჩენილი 8.6% კი აზერბაიჯანს“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები