მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა აგვისტოს 12%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, აგვისტოში 12%-იანი ეკონომიკური ზრდა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მაჩვენებლების ზრდას უკავშირდება.

საქმე ის არის, რომ 2024 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა, ხოლო 8 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 10%-ია.

გოგიტა თოდრაძემ ეკონომიკის დარგებში არსებული ზრდის და კლების ტენდენციები და განმარტა, რომ წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აგვისტოს ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორმა, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკურმა საქმიანობებმა, მშენებლობამ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის სფეროებმა და ვაჭრობამ. ეკონომიკის ზრდის ტენდენციის მიუხედავად კი კლება დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.

მისი თქმით, 2024 წლის აგვისტოს წინასწარი მონაცემებით, საქონლის ექსპორტი გაიზარდა 30%-ით, ხოლო იმპორტი 4.8%-ით შემცირდა. აგვისტოში ქვეყანაში 5 700-მდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 6.7%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. კლება მოდის ინდმეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის შემცირებაზე, აღნიშნული მაჩვენებელი აგვისტოში დაახლოებით 8%-ით არის შემცირებული.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას, 14.2%-ით გაიზარდა დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვის მოცულობა და 14 მლრდ 545 მლნ ლარს გადააჭარბა.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მიზეზებს დარგობრივ ჭრილში, თოდრაძის განმარტებით თითოეულ დარგში შემდეგი ტენდენცია იყო:

ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა ძირითადად კომპიუტერული დაპროგრამების კონსულტირების და მათთან დაკავშირებული საქმიანობის მოცულობის გაფართოებამ;

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობების, ასევე ბიზნესის და მართვის საკონსულტაციო საკითხების მოცულობის გაფართოებამ;

მშენებლობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან. ასევე აღსანიშნავია, რომ გაფართოვდა სამოქალაქო მშენებლობა, როგორიცაა ხიდების, გზების და გვირაბების მშენებლობის მაჩვენებელი. აგვისტოში სამშენებლო მასალების იმპორტი წლიურად დაახლოებით 18%-ით გაიზარდა, მათ შორის ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 63%-ით არის გაზრდილი.

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებდა კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა.

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო საკუთარი ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გაქირავებასთან და მათ მართვასთან.

ვაჭრობის სექტორში ზრდას განაპირობებს საცალო ვაჭრობა საწვავით, საკვები პროდუქტებით, ალკოჰოლური სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით, ასევე საბითუმო ვაჭრობა თამბაქოს პროდუქციით. აქვე აღსანიშნავია, რომ 2024 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა ფეროსილიკონმანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი. ზრდა განსაკუთრებით შეინიშნებოდა თურქეთის მიმართულებით.

რაც შეეხება კლების ტენდენციას, ენერგეტიკის სექტორში შემცირება დაკავშირებული იყო ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების მოცულობის შემცირებასთან. აქვე აღსანიშნავია ისიც რომ ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად დაახლოებით 70%-ით არის შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები