საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.6% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი რვა თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა. ამასთან, აგვისტოში კერძო სექტორის ბრუნვა ჯამურად 15.3 მილიარდ ლარს შეადგენდა.
გასული თვის ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ კონკრეტული სექტორების მიხედვით ზრდა ძირითადად IT სექტორს უკავშირდება. ასევე გაუმჯობესებულია საფინანსო სექტორის მაჩვენებლები, რაც ძირითადად ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდას უკავშირდება. ამასთან, კლებაა სამშენებლო და დამმუშავებელი სექტორების მიმართულებით.
"ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდის ძირითადი განმაპირობებელი იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავება, ასევე IT სექტორში კონსულტაციების გაწევა და მასთან დაკავშირებულ მომსახურების მოცულობის ზრდა.
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატებასთან. ენერგეტიკის სექტორში ზრდის გამომწვევ მიზეზად გვევლინება თბოელექტროსადგურების გამომუშავების მოცულობის ზრდა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 43%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორს, ზრდა დაკავშირებული იყო ბიზნესის და მართვის საკითხებში საკონსულტაციო საქმიანობის მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან.
როგორც უკვე აღვნიშნე, ზრდა შეინიშნებოდა ასევე ვაჭრობის სექტორში, რომლის გამომწვევ ძირითად მიზეზად გვევლინება მსუბუქი ავტომობილებით საცალო ვაჭრობა. გაზრდილია ასევე საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით.
ორ სექტორში შეინიშნებოდა შემცირების ტენდენცია. ერთ-ერთი გახლავთ მშენებლობის სექტორი, სადაც კლება ძირითადად დაკავშირებული იყო სამოქალაქო მშენებლობასთან. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია ხიდების, გზების და მაგისტრალების მშენებლობის მაჩვენებელი. ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო ვაჭრობის მონაცემებიდან ჩვენ უკვე გვაქვს ეს მონაცემები. დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული სამშენებლო მასალების იმპორტი და მათ შორის 15%-ით შემცირდა ასევე ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებლები.
რაც შეეხება დამმუშავებელი მრეწველობის სექტორს, სადაც შემცირების ტენდენცია გამოვლინდა. ეს ძირითადად დაკავშირებული იყო გადამმუშავებელ მრეწველობასთან. თუმცა მიუხედავად ამისა, 2025 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით ორჯერ და მეტად არის გაზრდილი ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი, ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის მიმართულებით”, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.




























