მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა ექსპორტის კლება ევროკავშირის ბაზარზე? - ექსპორტის განვითარების ასოციაცია

6419687ee8427
ნინი ლონგურაშვილი
21.03.23 23:00
662
წელს დსთ-ის წილი ექსპორტში იმაზე დიდია, ვიდრე დსთ-ის წევრობის დროს იყო. კერძოდ, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ექსპორტზე დსთ-ს ქვეყნებში 532 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა, რაც მთლიანად ექსპორტის 58%-ს შეადგენდა.

წინა წელთან შედარებით ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ექსპორტი 202 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დსთ ამჟამად საქართველოს მთავარი საექსპორტო გაერთიანებაა. შედარებისთვის, ევროკავშირში ექსპორტი წელს მხოლოდ 115 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით ნაკლებია, ხოლო EU-ს წილი მთლიან ექსპორტში გასულ წელს არსებული 21%-დან 12.6%-მდე არის შემცირებული.

საქართველო დსთ-ს წევრი ქვეყანა 1993-2009 წლებში იყო. ეს ორგანიზაცია რუსეთის ინიციატივით 1991 წლის დეკემბერში დაფუძნდა და ის პოსტ-საბჭოთა სივრცეზე რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური კონტროლისთვის შეიქმნა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დსთ-ს წილი საქართველოს ექსპორტში არასოდეს ყოფილა ასეთი მაღალი (იანვარ-თებერვლის მონაკვეთში).

ექსპორტის განვითარების ასოციაციის დირექტორი, გიორგი გუდაბანძე დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტის ზრდას და ევროკავშირში ექსპორტის კლებას, რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს, მათ შორის, საქართველოში ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გაუმართაობას, დიპლომატიური კორპუსების არაეფექტურად მუშაობას და ლოჯისტიკური ხარჯების ზრდას.

“ეს სტატისტიკა კარგს არაფერს ნიშნავს. ეს არის მარტივი პასუხი. გამოქვეყნებული სტატისტიკა არ არის სახარბიელო, ექსპორტის ზრდა რომ კარგია, ამას არგუმენტი არ აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, თუ რა მიმართულებით ვიზრდებით და რა არის ჩვენი ორიენტირი. მიზეზი ამ ყველაფერს ძალიან ბევრი აქვს და ფუნდამენტურია. ევროკავშირში შემცირებული მაჩვენებლები პირდაპირ მიუთითებს იმ პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე, რომელიც ევროკავშირის ბაზრის მიმართულებით არსებობს, და ასეთი არაერთია. მაგალითად პრობლემაა, რომ საქართველოს პოპულარიზაცია ძალიან დაბალია ევროკავშირის ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი მიმწოდებელი ქვეყნის, კონკრეტული მომსახურებების თუ პროდუქციის მიმართულებით. ასევე პრობლემაა ლოჯისტიკა, ცხადია, ეს განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციით, რომელიც გვაჩვენებს ზრდად ტენდენციას გადაზიდვების ფასების კუთხით, თუმცა უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომ საქართველოში არ გვაქვს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა განვითარებული იმ დონეზე, რომ ვიყოთ საკმარისად კონკურენტუნარიანები ევროკავშირის ბაზარზე, მაგალითად მივაწოდოთ სასურველ ვადებში კონკრეტული პროდუქტი, არ გაგვიძვირდეს დასაწყობების ხარჯები და ა.შ. ამ ყველაფერს ძალიან ბევრი პრობლემა ახლავს თან. ასევე დავასახელებდი, დიპლომატიური კორპუსების ძალიან დაბალ აქტივობას. ვისურვებდი მათი როლი ეკონომიკური კუთხით გაზრდილიყოს. ამ ადამიანებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს წარმოადგენენ, შეუძლიათ ძალიან დიდი და კარგი როლი ითამაშონ საქართველოს პოპულარიზაციაში. დღეს ეს ან არ ხდება ან ძალიან დაბალი პროცენტულობით.

რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტის ზრდას, სტატისტიკა რიგ შემთხვევებში ღირებულების ზრდას აჩვენებს და არის ერთეულის ზრდაც, ანუ რაოდენობრივადაც იზრდება მიწოდებული საქონელი. საბოლოო ჯამში, საქართველოს ისტორიულად მოგვდევს მჭიდრო კავშირები დსთ-ს ქვეყნებთან. აქ რა თქმა უნდა რუსეთის ფაქტორს გამოვყოფდი, რომელთანაც სამწუხაროდ, ისევ ზრდა ფიქსირდება, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. ამ ყველაფერს მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური მოვლენებიც ამძაფრებს, როდესაც სახეზე გვაქვს, რომ მთელი განვითარებული მსოფლიო კონსოლიდირდა, გაერთიანდა რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ კი ისევ რუსეთის მიმართულებით ვიზრდებით და ვითარდებით. ანუ ჩვენი საგარეო ვაჭრობა უფრო და უფრო ეკიდება რუსეთზე, ეს არის ჩვენთვის დამღუპველი. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, ქვეყნის ხედვა და სტრატეგია იყოს დასავლეთისკენ და აღმოსავლეთის განვითარებული ქვეყნებისკენ და კერძო სექტორმა, აუცილებლად უნდა გაიაზროს ის საფრთხეები, რომელიც რუსეთის ბაზრიდან მოდის. “ აღნიშნა გიორგი გუდაბანძემ.

შეგახსენებთ, საქსტატმა საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, იანვარ-თებერვალში საქართველოდან უცხოეთში 915 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 20.3%-ით მეტია.

მკვეთრად შეიცვალა საექსპორტო გეოგრაფია - იანვარ-თებერვალში 532 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა დსთ-ს ქვეყნებში, რაც მთლიანი ექსპორტის 58%-ის ტოლია და წინა წელთან შედარებით $202 მილიონით მეტია. ამასთანავე, შემცირებულია ექსპორტი ევროკავშირში, რამაც 115 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს მთლიანი ექსპორტის 12.6%-ია, მაშინ როდესაც ევროკავშირზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის 21% მოდიოდა.

მთავარი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ასე ნაწილდება:

1. სომხეთი - $133 მილიონი, ზრდა 192%;
2. რუსეთის ფედერაცია - $128 მილიონი, ზრდა 38%;
3. ჩინეთი - $112 მილიონი, ზრდა 18%;
4. აზერბაიჯანი - $111 მილიონი, ზრდა 20.5%;
5. ყაზახეთი - $78 მილიონი, ზრდა 393%;
6. თურქეთი - $69 მილიონი, ზრდა 10%;
7. ყირგიზეთი - $45 მილიონი, ზრდა 994%;
8. ბულგარეთი - $34.6 მილიონი, კლება 59%;
9. ესპანეთი - $21 მილიონი, ზრდა 658%;
10. პერუ - $17 მილიონი, კლება 6%.

რაც შეეხება საექსპორტო საქონლის რეიტინგს, პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები (237 მილიონი დოლარი); სპილენძის მადნები (143 მილიონი დოლარი) და ფეროშენადნობები (72 მილიონი დოლარი) იკავებს.
 
 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები