ქართული ღვინო ის საექსპორტო პროდუქტია, რომელსაც მსოფლიოში ახლოს იცნობენ და ხშირად, საქართველოს სწორედ მასთან აიგივებენ. თუმცა ღვინოსთან ერთად, საქართველოდან ექსპორტზე ლუდიც გადის და თან, ეს ალკოჰოლური სასმელი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ისტორიულ დატვირთვასაც ატარებს. ღვინოსთან, ცხადია, ლუდი ახლოს ვერ მივა, მაგრამ ლუდის ხარშვა მაღალმთიან სოფლებში ოდითგანვე იცოდნენ და ამ ცოდნას შემდეგ თაობებს გადასცემდნენ.
ინდუსტრიის ტრადიციულობას და ხარისხს, ისევე, როგორც ქართულ ლუდზე არსებულ მოთხოვნას ექსპორტის სტატისტიკაც ადასტურებს. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოდან 7 მილიონ 900 ათასი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და უფრო მეტია, ვიდრე მაჩვენებელი, რომელიც ლუდის მწარმოებელმა კომპანიებმა 2021 წელს და 2022 წელს, ჯამში დააფიქსირებს. ამასთან, წლევანდელი შედეგი ლამის 60%-ით აღემატება 2020 წლის რეკორდულ მაჩვენებელს, როცა საქართველოდან ხუთი მილიონი დოლარის ქართული ლუდი გავიდა ექსპორტზე.
მაშ, სად სვამენ ყველაზე დიდი რაოდენობით ქართულ ლუდს? - ამ თემით საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი დაინტერესდა და ლუდის სექტორის მიმოხილვა გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტიდან ვიგებთ, ყველაზე დიდი მოცულობით ქართულ ღვინოს ყაზახეთში ყიდულობენ - ცენტრალური აზიის ამ სახელმწიფოზე ჩვენი ექსპორტის თითქმის 41% მოდის. სიაში ასევე ვხვდებით რუსეთს, რომელიც, როგორც ჩანს, ქართულ ღვინოზე გაცილებით უფრო მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე ქართულ ლუდზე. წამყვან საექსპორტო მიმართულებებს შორის ასევე ვხვდებით მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს, მაგრამ ასევე, დიდი მოცულობით ქართული ლუდი ჩინეთშიც იყიდება.
ჩინეთი, სხვათა შორის, რაც უნდა გასაკვირი იყოს, მსოფლიოში ყველაზე მეტ ლუდს აწარმოებს. გასულ წელს, მაგალითად, მსოფლიოს რიგით მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში 36 მილიარდი ლიტრი ლუდი აწარმოეს, რაც მთელ მსოფლიოში წარმოებული ლუდის ლამის 20%-ს, ანუ მეხუთედს შეადგენს. აქვე ერთ საინტერესო დეტალსაც გეტყვით - ლუდის ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, ტოპ-მწარმოებელი ქვეყნები ასევე არიან ტოპ-მომხმარებელი ქვეყნები, ანუ ამ მხრივადაც ჩინეთი ლიდერობს, რომელზედაც ლუდის გლობალური მოხმარების 20.5% მოდის.
ჩინეთთან ერთად, ლუდის უმსვილესი მწარმოებელი და შესაბამისად მომხმარებელი ქვეყნების სიაში ასევე ვხვდებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბრაზილიას, მექსიკას, რუსეთს და გერმანიას.
სწორედ გერმანული ლუდი უყვართ საქართველოში ყველაზე მეტად - ამ ქვეყანაზე ლუდის იმპორტის თითქმის მესამედი მოდის, რაც თანხობრივად ოთხი მილიონი დოლარის ტოლია. იმპორტით მეორე ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, მესამეზე კი ლუდის მწარმოებელ კიდევ ერთ ტრადიციულ ქვეყანას - ბელგიას ვხედავთ, საიდანაც 2023 წლის იანვარ-თებერვალში მილიონ 300 ათასი დოლარის ლუდი შემოვიტანეთ.
მაშ, ჩნდება კითხვა, თუ რა მოცულობით ლუდს სვამენ საქართველოში და როგორია ამ ალკოჰოლური სასმლის მიმართ არსებული მოთხოვნის დინამიკა.
2016-დან 2023 წლამდე, ბაზარი ყოველწლიურად საშუალოდ 5.1%-ით იზრდებოდა და თან, ზრდა ფიქსირდება, როგორც იმპორტულ, ასევე ადგილობრივი წარმოების ლუდზე. ქართული ლუდი, სხვათა შორის, საქართველოში თითქმის 12-ჯერ უფრო პოპულარულია, ვიდრე უცხოური. 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, მაგალითად, საქართველოში 133 მილიონი ლიტრი ლუდი უნდა დალიონ, რომლის უდიდესი ნაწილი, ანუ 122 მილიონ ლიტრზე მეტი, სწორედ ქართულ ლუდზე მოდის, რაც გასაგებიცაა, რადგან ქართული ლუდი, როგორც წესი, გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე ამ სასმლის უცხოური ანალოგები.
ლუდის მწარმოებელ ქართულ კომპანიებს შორის “ლომისი” ლიდერობს, რომელსაც მაყურებელი “ნატახტარის” სახელით იცნობს. ეს კომპანია, რომელიც თურქული “ანადოლუ ეფესის” შემადგენლობაში შედის “ნატახტარის”, “ქარვას”, “სტაროპრამენის”, “ლოვენბრაუს” და “კორონას” ბრენდის ლუდებს აწარმოებს და 2022 წლის მონაცემებით ბაზრის 39%-იან წილს იკავებს. მეორე ადგილზე ვხვდებით “ქართული ლუდის კომპანიას”, იგივე “ზედაზენს”, რომელიც “ბავარიას”, “რაგნარის”, “აიას” და “მილერის” ბრენდებს აერთიანებს და ბაზრის 20%-იან წილს ფლობს. მესამე ადგილს, 15%-იანი წილით “გლობალ ბიერ ჯორჯია”, იგივე ყაზბეგი იკავებს, მეოთხე ადგილს კი “არგო” დასჯერდა, რომეზეც ბაზრის 8%-იანი წილი მოდის.
მაშ, რა ღირს ლუდი, რომელსაც ეს კომპანიები და სხვა კომპანიები აწარმოებენ? აი, საქართველოში, მაგალითად, 330-მილილიტრიანი ბოთლი ლუდი, სუპერმარკეტში, საშუალოდ 93 ცენტი ღირს, როცა აზერბაიჯანში, საშუალო ფასი ორ დოლარს და 24 ცენტს შეადგენს. მეზობელ აზერბაიჯანში ლუდი გაცილებით უფრო ძვირი ღირს ვიდრე სომხეთში, სადაც ერთი ბოთლის საშუალო ფასი დოლარს და 13 ცენტს უდრის. შედარებით ძვირია ლუდი ბელგიასა და გერმანიაში, სადაც ის დოლარი და 40 ცენტი და დოლარი და 90 ცენტი ღირს, მაგრამ ეს ფაქტორი ძირითადად იმით აიხსნება, რომ ორივე ეს ქვეყანა საკმაოდ განვითარებული და მაღალშემოსავლიანია და იქ, როგორც წესი, ყველაფერი ძვირი ღირს და არამარტო ლუდი. აი, ჩეხეთში, მაგალითად, 330-მილილიტრიანი ბოთლი თითქმის იმდენივე ღირს, რამდენიც საქართველოში, რაც იმითაა განპირობებული, რომ ჩეხეთში ლუდი ლამის წყალზე მეტად უყვართ.
ამ მოსაზრებას ისიც ადასტურებს, რომ ჩეხეთი ლიდერი ქვეყანაა ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარების მაჩვენებლით. 2019 წლის დათვლებით, საშუალო სტატისტიკური ჩეხი წელიწადში 135 ლიტრ ლუდს სვამს, როცა საქართველოში, იმ დროს, ეს მაჩვენებელი 36 ლიტრი იყო. კი, მომდევნო წლებში საშუალო მოხმარება 45 ლიტრამდე გაიზარდა, მაგრამ ეს მაინც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ავსტრიაში, პოლონეთსა და გერმანიაში. ამასთან, საქართველოს მაჩვენებელი 80%-ით ჩამორჩება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ევროპაში ლუდი ძალიან პოპულარული სასმელია. საქართველო კი, თავის წილ, ისეთ სახელმწიფოებს უსწრებს, როგორიცაა თურქეთი, სომხეთი, ყირგიზეთი და აზერბაიჯანი.