მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ მილიარდს ხარჯავენ ჩინელი ტურისტები უცხოეთში?

ჩინელი ტურისტი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა უკვე შეუძლიათ. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა ტურიზმის სექტორში ახალ შემოსავლებს ელოდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში ქვეყანაში ჩინეთის 12,600 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 316%-ით მეტია.

წლების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ჩინელი ვიზიტორი 2019 წელს სტუმრობდა, მაშინ ვიზიტორთა რაოდენობა 48 ათასს შეადგენდა. პანდემიის შემდეგ კი ჩინელი მოგზაურების რაოდენობა შემცირდა. ანალოგიურად მოხდა სხვა ქვეყნებშიც, სადაც ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა პანდემიამდელის 20-25%-მდე დაეცა.

საქართველოში შემოსული ჩინეთის მოქალაქეების რაოდენობა:

2018 წელი - 31,855 ვიზიტორი;
2019 წელი - 48,071 ვიზიტორი;
2020 წელი - 4,363 ვიზიტორი;
2021 წელი - 3,468 ვიზიტორი;
2022 წელი - 7,380 ვიზიტორი;
2023 წელი - 12,619 ვიზიტორი.

BM.GE დაინტერესდა მსოფლიოს რომელ ქვეყნებში მოგზაურობას ანიჭებენ უპირატესობას ჩინელი ტურისტები და რამდენს ხარჯავენ წლიურად. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წელს 155-მა მილიონმა ჩინეთის მოქალაქემ იმოგზაურა უცხოეთში, 2020 წელს ეს რიცხვი 20 მილიონამდე, 2021-ში კი 7 მილიონამდე შემცირდა. 2022 წელს კი ის 9 მილიონს შეადგენდა. UNWTO-ს მონაცემებით, 2019 წელს ჩინელმა ვიზიტორებმა უცხოეთში 254 მილიარდი დოლარი დახარჯეს.

Mckinsey & Co-ს მონაცემებით, ჩინელი ტურისტები ყველაზე ხშირად სამხრეთ აღმოსავლეთ აზიას, ახალ ზელანდიას, ავსტრალიას იაპონიას და ევროპას სტუმრობენ. ამასთან, ჩინელი ტურისტების მნიშვნელოვანი ნაწილი სტუმრობს ქვეყნის შიდა ავტონომიურ/ადმინისტრაციულ ერთეულებს, მათ შორის ჰონგ-კონგსა და მაკკაუს - ეს უკანასკნელი აზარტული თამაშებისადმი ტოლერანტული კანონმდებლობის გამო, მსოფლიოს ყველაზე მსხვილ სათამაშო ცენტრს წარმოადგენს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები