მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად დაბინძურებულია ჰაერი თბილისში? – WB-ის სამი მთავარი მიგნება

სს

თბილისში ჰაერის დაბინძურების დონე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების საშუალოდ სამიდან ხუთჯერ უფრო მაღალია – ამას აჩვენებს მსოფლიო ბანკის უახლესი კვლევა: „ჰაერის დაბინძურება თბილისში“.

საქართველოს მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს თუ შევხედავთ - აქაც თბილისში ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით გაცილებით მაღალ მაჩვენებლებს მივიღებთ, ვიდრე ვთქვათ, სტამბულში, ბაქოში ან კიევში. ყველაზე მძიმე მდგომარეობა მსოფლიო ბანკის მიერ დაჯგუფებული შესადარისი ქვეყნების ჯგუფში - მსოფლიო ბანკის მიერ შესწავლილ პერიოდში - სომხეთში, ერევანში იყო. აქ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები 5-ჯერ და მეტჯერ აღემატებოდა ჯანმრთელობის ორგანიზაციის რეკომენდირებულ მაჩვენებელს.

რა არის ამის მიზეზი?

მსოფლიო ბანკის ეს კვლევა ამბობს, რომ თბილისის შემთხვევაში, გარე დაბინძურების მთავარი მიზეზი საცობებია.

შენობის შიგნით ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზად კი კვლევა ავლენს საკვების არასწორად მომზადებას, მოწევას და ოთახების პერიოდული განიავების ნაკლებობას – თან იმ დროს, როცა ჰაერის დაბინძურების დონე შედარებით დაბალია.რაც შეეხება, დაბინძურების კიდევ ერთ წყაროს - ინდუსტრიულ ემისიებს და ნარჩენებს,ამ ნაწილში კვლევა ამბობს, რომ მეტალურგიული წარმოება დაბინძურების თვალსაზრისით ლიდერია.

მასთან ერთად, ჰაერის დაბინძურების წყარო ხდება სამშენებლო მასალები და საკვების წარმოებაც.

მსოფლიო ბანკის მტკიცებით, ჰაერის დაბინძურების გავლენის შემცირების ერთი ბერკეტი განათლებაც არის – განათლებული ადამიანები უკეთ იცავენ თავს მავნე გავლენისგან.კვლევის მთავარი მიგნებაა, რომ ჰაერის დაბინძურებას უარყოფითი გავლენა აქვს კეთილდღეობაზე, ცხოვრების ხარისხსა და სიცოცხლისუნარიანობაზე, პროდუქტიულობაზე და უძრავი ქონების ფასებზეც კი.

მსოფლიო მასშტაბით 6.7 მილიონი ადამიანი კვდება ყოველდღიურად ჰაერის დაბინძურების გამო -ეს გაცილებით მაღალი რიცხვია, ვიდრე მაგალითად, მალარიით, შიდსით, ტუბერკულიოზით გარდაცვალების შემთხვევები.

როგორც კვლევა აჩვენებს, ჰაერის ხარისხს დიდი გავლენა აქვს მენტალურ ჯანმრთელობაზე და რესპირატორული დაავადებების სიხშირეზე.რაც შეეხება უძრავ ქონებას და ბინების გაყიდვებს და მათ ფასებს, იმ არეალებში, სადაც ჰაერი უფრო დაბინძურებულია ბინების გასაყიდი და გასაქირავებელი ფასი მცირდება.

თბილისის მაგალითზე ჩატარებულ ამ კვლევას მსოფლიო ბანკი პრეცედენტულად მიიჩნევს. რატომ - ამას მსოფლიო ბანკის სიღარიბის და თანასწორობის მიმართულების ხელმძღვანელმა ლუი ფელიპე ლოპეზ–კალვამ „ანალიტიკა“–ს ექსკლუზიურ ინტერვიუში აუხსნა.

- მოგესალმებით, ბატონო ლუი ფელიპე. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოდი ჩვენი საუბარი დავიწყოთ იმ ძირითადი მიგნებების მიმოხილვით, რაც აჩვენა თბილისში ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ჰაერის დაბინძურების დონის გამოვლენას და მის შედეგებს ეხებოდა.

- დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პოტენციურად დიდი გავლენის მქონე ანალიზი, რომელიც მსოფლიო ბანკის გუნდმა აქ – თბილისში – ჩაატარა. ანგარიში სამ მიმართულებას აფასებს: ერთი ეს არის დაბინძურების მოდელები და ჩვენ შევისწავლეთ ორივე – დაბინძურების ხარისხი საცხოვრებელ სივრცეში და გარეთ და ეს ყველაფერი დავუკავშირეთ ოჯახების სოციო–ეკონომიკურ ფაქტორებს; მეორე – ჩვენ შევისწავლეთ ის გავლენა, რაც ჰაერის დაბინძურებას აქვს ოჯახებზე – მაგალითად: მათ ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამასთანავე პროდუქტიულობაზე და ისეთ ასპექტებზეც, რაზეც აქამდე ყურადღება დიდად არასდროს ყოფილა გამახვილებული – მაგალითად, მენტალურ ჯანმრთელობაზე. და ბოლოს ეს ანგარიში გადაწყვეტილებების მიმღებებს სთავაზობს გამოსავლის ძალიან კონკრეტულ გზას – კერძოდ, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მიწოდებას ოჯახებისთვის და შემდეგ დაკვირვებას, თუ როგორ რეაგირებენ ისინი ამ ინფორმაციაზე. ამ გავლენის გაზომვით, ჩვენ რეალურად შეგვიძლია დავინახოთ, რომ ადამიანები ცვლიან თავიანთ ქცევას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი იღებენ დეტალურ ინფორმაციას იმ გავლენის შესახებ, რაც აქვს ჰაერის დაბინძურებას მათი ცხოვრების განსხვავებულ ასპექტებზე. და არა მხოლოდ – მათი ქცევა იცვლება და ადაპტირდება მაშინაც, როცა ისინი იღებენ ინფორმაციას ჰაერის დაბინძურების დონის შესახებ.

- შესაბამისად, რას ხედავთ ამ კვლევის მთავარ გავლენად?

- პირველი და ასე ვიტყოდი, ზოგადი მიგნება ის არის, რომ მართალია, მთავრობამ დაიწყო გარკვეული ზომების გატარება ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით და ამან ხელი შეუწყო დაბინძურების შემცირებას, მაინც – თბილისში ჰაერის დაბინძურების დონე სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდირებული დონე ითვალისწინებს. მეორე მიგნება ის არის, რომ ჰაერის დაბინძურებას არაპროპორციულად ძლიერი გავლენა აქვს შედარებით ღარიბ და ნაკლებად განათლებულ მოსახლეობაზე. და მესამე მიგნება, რომელიც ჩვენთვის ოპტიმიზმის საფუძველია – ეს არის იმაზე დაკვირვება, თუ რამდენად ცვლის ქცევას მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება. ამ გზით შესაძლებელია ისინი უფრო მეტად დაცულები იყვნენ ორივე – შიდა და გარე დაბინძურების მიმართ.

- ამდენად, რა არის თქვენი რეკომენდაციები, რაც შეიძლება მთავრობამ გაითვალისწინოს?

- ზოგადად, როცა კლიმატთან ან გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს ვაანალიზებთ, სამი ტიპის გადაწყვეტილებას ვითვალისწინებთ – რეგულირება და კანონები; საბაზრო ინსენტივები, რომლებიც ძირითადად ფასთან არის ხოლმე დაკავშირებული; და მესამე – ქცევის ცვლილება. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ ამ კვლევის მიხედვით – ყურადღება იქნება გასამახვილებელი ჰაერის დაბინძურების დონის მონიტორინგზე – ამ კუთხით 2020 წელს მნიშვნელოვანი კანონი იქნა მიღებული, რომელიც აქტიური მონიტორინგის შესაძლებლობას ქმნის და ამ ნაწილში გვგონია, რომ მეტის გაკეთებაა შესაძლებელი, რადგან მიგვაჩნია, რომ მონიტორინგის წარმოება, შემდეგ ამ ინფორმაციის გავრცელება და ამ ინფორმაციის პოლიტიკის გადაწყვეტებისთვის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია; მეორე – ტრანსპორტი და საცობები – ეს დაბინძურების ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა. აქვეა გასააზრებელი, რა ტიპის ინვესტიციები უნდა გავწიოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასავითარებლად – კონკრეტული აქცენტით ტრანსპორტზე, რომელიც უფრო სუფთაა და ნაკლები გავლენა აქვს დაბინძურებაზე. და ბოლოს – ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია ინდუსტრიული ნარჩენები – აქაც საჭირო იქნება გარკვეული სტანდარტები, რეგულაციები – 2023 წლიდან ამ მიმართულებითაც შემუშავდა მნიშვნელოვანი კანონი – თუმცა, აქ ის მოცემულობაც გასათვალისწინებელია, რომ ინდუსტრიამ მიიღოს გარკვეული ინსენტივები, რომ მათ გაუჩნდეთ მოტივაცია თავიანთი ფული სუფთა თანამედროვე ტექნოლოგიებში დააბანდონ. როდესაც საბაზრო ინსენტივებზე ვსაუბრობთ, მთელი იდეა ისაა, რომ უფრო ძვირი უნდა იყოს ჰაერის დამაბინძურებელი ტექნოლოგიის წარმოება ან შესყიდვა და პირიქით, უნდა გაიაფდეს სუფთა ტექნოლოგიებისკენ ტრანზიციის პროცესი.

- როგორ ფიქრობთ, საქართველო დღეს მზად არის ამ ტრანზიციისთვის – იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ განვითარებადი ქვეყანაა და ამ ინსენტივების შესაქმნელად სამყოფი ფული ჯერ კიდევ არ აქვს? და თუ ეს ასეა – მაშინ რას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი და ვინ უნდა იყოს ამ ტრანზიციის ძრავი?

- ერთი საინტერესო მიგნება, რაც ამ ანგარიშს აქვს ის არის, რომ ღარიბ მოსახლეობაზე უარყოფით გავლენას უფრო მეტად სახლის შიგნით არსებული ჰაერის დაბინძურება ახდენს, ვიდრე გარეთ. რა თქმა უნდა, გარე დაბინძურებას შიდაზეც აქვს გავლენა, თუმცა, ამ ნაწილში მნიშვნელოვანია, მაგალითად, სახლში მოწევა, ან საკვების არასწორად მომზადება. როცა ამ ტიპის გამოწვევებზე ვსაუბრობთ, მათი გასწორება შესაძლებელია შედარებით უფრო დაბალ ფასად – შესაძლოა, ამ ნაწილში ქცევის ცვლილებისთვის მხოლოდ სწორი ინფორმაციის მიწოდებაც კი გადამწყვეტი აღმოჩნდეს– ამდენად, ამ ტიპის გაუმჯობესება შეგვიძლია უფრო პროაქტიულად მივიღოთ. მეორე გზა – რეგულაციებს უკავშირდება – ამ ნაწილშიც საქართველოს საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს – ამ რეგულაციების აღსრულება უნდა გაუმჯობესდეს – მაგალითად, მონიტორინგის, მენეჯმენტის – ეს ყველაფერი ლოკალიზებული უნდა იყოს და კონკრეტული ადგილების დონეზე შესწავლილი და მართული. აი, როდესაც უკვე ვსაუბრობთ ინდუსტრიის ტრანზიციაზე – აქ შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მსხვილი და მნიშვნელოვანი ფინანსები. ამ ნაწილში ვფიქრობ ღირებული იქნება იმ მხარდაჭერის გამოყენება, რასაც ევროკავშირი უზრუნველყოფს საქართველოსთვის – ეს უდიდესი შესაძლებლობაა. ამ პროცესის ნაწილი შეიძლება გახდეს საერთაშორისო თანამეგობრობაც. თუმცა, ეს კვლევა იმასაც კარგად აჩვენებს, რომ ადგილობრივ აქტორებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება. ამ პროცესში უნდა ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება, აკადემია –ადგილობრივი აქტორების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ინფორმაციის გავრცელების, ცნობიერების ამაღლების და პოტენციურად, ქცევის ცვლილების ნაწილში.

- კვლევა რაიმე ტიპის კორელაციებს აჩვენებს გარეუბნებისა და ცენტრის მიხედვით ცვლილებებს? ეს ინფორმაცია შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს უფრო თარგეტირებული მიდგომების შესამუშავებლად, არა?

- დიახ. ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. კონფერენციაზეც განვიხილეთ ეს საკითხი – და საინტერესოა, რომ თბილისში, მაგალითად, გათბობის ძირითადი საშუალება არის გაზი და ამასაც თავისი გავლენა აქვს. ეს ანგარიში თბილისზეა ფოკუსირებული – თუმცა, კვლევის ფარგლებში რამდენიმე ვარიაციაც იკვეთება – მაგალითად, იმის საპირისპიროდ რის მოლოდინიც მსოფლიო ბანკის მკვლევართა გუნდს ჰქონდა – შედარებით უფრო მდიდარ არეალში, მეტი გარე დაბინძურების საფრთხეა, თუმცა, ამავე არეალის შიგნით, ვისაც ამის საშუალება აქვს, არჩევანს ნაკლებად დაბინძურებულ ადგილებზე აკეთებს და საცხოვრებელს იცვლის. ეს შემდგომ უკვე უძრავი ქონების ფასებზეც აისახება. აქედან კარგად ჩანს, რომ ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ფასების თვალსაზრისით ინსენტივების შექმნაც ლოგიკურია. ამასთან, თქვენ თარგეტირების იდეა ახსენეთ – მეც მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის ნაწილი უფრო მოწყვლადია ჰაერის დაბინძურების მიმართ – მაგალითად ისინი, ვისაც ნაკლებად მიუწვდება ხელი ინფორმაციაზე; ან ღარიბი ხალხი, რომელსაც უჭირს ნაკლებად დაბინძურებული არეალების სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი; ხალხი, რომელიც შიდა დაბინძურების გავლენის ქვეშ არის – ძალისხმევა ამ ხალხისკენ შეიძლება იყოს მიმართული. ასეთი მიდგომა შესაძლოა უფრო ეფექტური და ეფექტიანი იყოს.

- მომწონს ეს იდეა, რომ აჩვენოთ კავშირები, რომლებიც არსებობს ჰაერის დაბინძურებასა და არა მხოლოდ, ვთქვათ, ჯანმრთელობას შორის, რაც თვალსაჩინო და აშკარაა, არამედ, უფრო ფართოდ – ეკონომიკის მუშაობის თვალსაზრისითაც და როგორ პასუხობს ბაზარი ამ გამოწვევას. მადლობა ამისთვის. თქვენ ახსენეთ, რომ ამ კვლევაში აქცენტი თბილისზე გაკეთდა, თუმცა, შეიძლება ეს კვლევა მოდელურ კვლევად ჩავთვალოთ, ვთქვათ, სხვა დედაქალაქებისთვისაც, უფრო გლობალურად?

- მსოფლიო ბანკში გლობალურ როლს ვასრულებ და ერთი მიზეზი, რატომაც მე დღეს თბილისში ვარ ისიც არის, რომ დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი არა მხოლოდ თბილისისთვის არის აქტუალური და მნიშვნელოვანი, არამედ, ძალიან ბევრი სხვა ქვეყნისთვის და ქალაქისთვის. ამდენად – რა თქმა უნდა, საქართველოს მასშტაბით კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან საქართველომ შეიძლება უკეთესი მონიტორინგის და ინფორმაციის გავრცელების მეთოდებს მიაგნოს, თუმცა, ამის მიღმაც, ეს კვლევა შეიძლება მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა და რეგიონებმაც გამოიყენონ. ამ კვლევის მთავარი ამოცანა ის არის, რომ ხშირად, როცა გარემოს დაცვაზე და სიღარიბის შემცირებაზე ვსაუბრობთ, მიგვაჩნია, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთთან კონფლიქტშია და უნდა ავარჩიოთ – ეს კვლევა კი აჩვენებს, რომ თუ ეფექტურად შეგიძლია დაბინძურების შემცირება, უფრო ეფექტურად არგებ პოლიტიკას ყველაზე ღარიბ მოსახლეობას. რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ამ ძალისხმევის გავლენა, შემცირდეს დაბინძურება, დადებითად მოემსახურება სწორედ ყველაზე ღარიბ მოსახლეობას. ამდენად, ის ფაქტი, რომ ეს ორი მიზანი ერთდროულად მიღწევადია, საკმაოდ ძლიერი გზავნილია და ჩვენ გვინდა, რომ ეს გზავნილი მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც მკაფიოდ მივიტანოთ.

- სად არის დღეს მსოფლიო სიღარიბის თვალსაზრისით – განსაკუთრებით დღეს, პანდემიის შემდეგ და ომის პირობებში?

- უკიდურესი სიღარიბის გლობალურ ზღვარს თუ შევხედავთ, 2.15 დოლარია ყოველდღიურად მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით. პანდემიის გავლენას თუ შევხედავთ, მსოფლიოში სიღარიბე ყველაზე მეტად პანდემიის პერიოდში გაიზარდა. ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მაღალი ზრდა. გლობალურად, დღეს უკვე აღდგენის გზაზე ვართ და პრე–პანდემიურ პერიოდთან შედარებით, სიღარიბის გლობალური დონე უმნიშვნელოდ მაღალი რჩება. თუმცა, ამ აღდგენის უდიდესი წილი საშუალო და მაღალი შემოსავლების ქვეყნებს შეეხოთ. გარკვეულწილად შეეხო აღდგენა დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს, მაგრამ არა – დაბალი შემოსავლების ქვეყნებს. ამდენად, ამ მომენტში, გლობალურად, უკიდურესი სიღარიბე ძირითადად არის სუბ–საჰარულ აფრიკაში და სამხრეთ აზიაში. მაგრამ თუ უფრო მაღალ სტანდარტს ავიღებთ, რომელსაც ასევე ვიყენებთ ხოლმე გლობალურად და რაც 6.85 დოლარია ყოველდღიურად – ეს სიღარიბის ზღვარია საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის, რაც სხვათაშორის, არც ისე მაღალი სტანდარტია – მოსახლეობის 47% ამ ზღვარს ქვემოთაა. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკიდურესი სიღარიბე რეგიონალურად კონცენტრირებულია – მაგრამ, როგორც კი უფრო მაღალ სტანდარტს აიღებ – ეს უკვე საშუალო შემოსავლების პრობლემა ხდება. ამ თვალსაზრისით, ჩვენ იმ გზავნილის მიტანაც გვინდა, რომ როდესაც სიღარიბეზე ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ მხოლოდ აფრიკას ან მხოლოდ სამხრეთ აზიას – აქ იგულისხმება საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებიც, რომლებიც ცდილობენ მეტი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის გენერირებას.

- სად არის საქართველო უფრო კონკრეტულად ამ დიდ სურათში?

- საქართველოს შემთხვევაში, თუ უკიდურეს სიღარიბეს შევხედავთ, ეს მაჩვენებელი 3%–ზე ნაკლებია და ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრინციპში ეს პრობლემა დაძლეულია. თუმცა, თუ ყოველდღიურ საშუალო შემოსავალს ავიღებთ – 3.65 დოლარი დღეში თითო ადამიანზე – საქართველოს მაჩვენებელი იქნება მოსახლეობის 12% და რაც უფრო მაღალ სტანდარტს აიღებთ, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 47%–მდე გაიზრდება. თუმცა, თუ ადგილობრივ სიღარიბის ზღვარს აიღებთ, საქართველოს ძალიან კარგი შედეგები აქვს – პრინციპში, ბოლო ათწლეულის მაგალითზე, ნებისმიერი ზღვარის შემთხვევაში შეგვიძლია, ეს ვთქვათ. ადგილობრივი მონაცემებით, სიღარიბე 2010 წლიდან დღემდე განახევრებულია. ეს ნამდვილად წარმატების ამბავია. ორი საკითხია: როგორ ავაჩქაროთ ეს პროცესი, რომ მოსახლეობის ის ჯგუფი, რომელიც ჯერ კიდევ სიღარიბეშია, ამოვიყვანოთ სიღარიბიდან და მეორე – ბევრი ადამიანი სიღარიბის ზღვარზე მაღლაა, მაგრამ მაინც მოწყვლადია იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს ისევ სიღარიბეში აღმოჩნდეს. ეს მოსახლეობის 2/3–ია. ამდენად – თქვენს კითხვას რომ ვუპასუხო, სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, საქართველო წარმატებული ქვეყანაა, თუმცა, ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები მოსახლეობისთვის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

- და ბოლოს – ჩვენი საუბარი შეჯამებისკენ რომ წავიყვანოთ – რა არის ის მთავარი გზავნილები, რაც უნდა შინ წავიღოთ ამ ანგარიშის დეტალურად გაცნობის შემდეგ?

- პირველი – ჰაერის დაბინძურების დონე თითქმის სამჯერ აჭარბებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტს. მარტივად რომ ვთქვათ, თბილისში ჰაერის დაბინძურება ძალიან ძლიერია.მეორე – ამას დისპროპორციული გავლენა აქვს ღარიბ ოჯახებზე. აქ ხაზგასასმელია შიდა დაბინძურების დონე.მესამე – კონკრეტული ინფორმაციის გაცემით და შედარებით იაფი გზებით შესაძლებელია ქცევის ცვლილება, რამაც შეიძლება მოსახლეობა უკეთ დაიცვას.საჭიროა ასევე ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩო, რეგულაციები – იმისთვის, რომ ჰაერის დაბინძურების გავლენა შემცირდეს ზოგადად მოსახლეობაზე და განსაკუთრებით, მის ყველაზე ღარიბ და მოწყვლად ნაწილზე.

- ჩემი ბოლო შეკითხვა – მსოფლიო ბანკის რომელ რეკომენდაციას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი? საიდან უნდა დაიწყოს ან გაგრძელდეს ამ პრობლემის მოგვარება? და ამით დავასრულოთ ინტერვიუ.

- პირველ რიგში, პრობლემის გადაჭრის მიმართ ერთიანი მიდგომა უნდა არსებობდეს– მარეგულირებელი გარემოს გაძლიერება, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ისეთი საკითხების დამუშავება, რომლებიც უკავშირდება საცობებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სუფთა ტრანსპორტს და ბოლოს – ქცევის ცვლილების მოტივაციის შექმნა, მიზანმიმართულად და თარგეტირებულად. მონიტორინგის სისტემები გაუმჯობესებულია – ეს შექებას იმსახურებს, თუმცა, ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სისტემები სწორად იყოს გამოყენებული ეკონომიკური შედეგების მისაღებად. ეს კვლევა მკაფიოდ აჩვენებს, რომ უკეთესი ხარისხის ჰაერი დადებითად აისახება პროდუქტიულობაზე და ზოგადად, ეკონომიკური თვალსაზრისით დადებითი შედეგების მომტანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები