მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად დამოკიდებულია საქართველოს ეკონომიკა ფულად გზავნილებზე?

საქართველო

ყოველწლიურად ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე უცხოეთიდან მილიარდობით ლარს აგზავნის ოჯახების შესანახად. მზარდი მიგრაციის ფონზე ქვეყანაში ფულადი გზავნილებიც იზრდება. უცხოეთიდან ქართველების მიერ გადმორიცხული თანხა ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროც არის.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში ფულად გზავნილებს 12%-იანი წილი ჰქონდა. 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 13%-ს აჭარბებდა.

"იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად ახალი უცხოური ინვესტიციები არ შემოდის, ჩვენთან გადმორიცხვები უმთავრეს ჯგუფად ჩამოყალიბდა. ფულადი გზავნილები ისეთი ტიპის ინვესტიციაა უცხოეთიდან, რომ ეს თანხები მთლიანად ეკონომიკაში მიედინება. ეს ნიშნავს, რომ მას უფრო დიდი ღირებულება აქვს. რაც შეეხება დამოკიდებულების ხარისხს, რამდენიმე საინტერესო ტრენდია, პირველი ეს არის რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირება. საინტერესოა ამერიკიდან გზავნილების ზრდაც, ამერიკიდან და იტალიიდან გზავნილებმა რუსეთს გადაასწრო", - აცხადებს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი bmg-სთან.

ფულადი გზავნილები ბოლო ხუთ წელში ასე გამოიყურება:

2025 წელი (9 თვე) - 2.7 მლრდ დოლარი;
2024 წელი - 3.4 მლრდ დოლარი;
2023 წელი - 4.21 მლრდ დოლარი;
2022 წელი - 4.4 მლრდ დოლარი;
2021 წელი - 2.3 მლრდ დოლარი;

ყველაზე მეტი გზავნილი, 4.4 მილიარდი დოლარი, საქართველომ 2022 წელს მიიღო. ეს ყველა დროის რეკორდი იყო, თუმცა ზრდა უკრაინაში ომს და საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს უკავშირდებოდა. ამ 4.4 მილიარდი დოლარიდან თითქმის ნახევარი რუსეთიდან გადმოირიცხა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთჯერადი ფაქტორი მიილია და რუსეთიდანაც გადმორიცხვები შემცირდა, ფულადი გზავნილები მაინც იზრდება ძირითადად ევროკავშირისა და აშშ-ის ხარჯზე. სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს, 9 თვეში გზავნილების სახით 2.7 მილიარდი დოლარი მივიღეთ.

"ფულადი გზავნილების წილი მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის. ბევრი წელია ის ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა. იზრდება გზავნილები, მათ შორის იზრდება ქვეყნების ჭრილი საიდანაც ვიღებთ ამ ჩარიცხვებს და უკვე შარშან გადააჭარბა ამერიკის და იტალიის მაჩვენებლებმა რუსეთს. იყო პერიოდი, ასე ვთქვათ, ორი წლის წინ, როცა რუსეთის გზავნილები ძალიან გაიზარდა, ეს განპირობებული იყო იქ მიმდინარე მოვლენებით. წელსაც, უკვე 9 თვის მონაცემებით 2,7 მილიარდი დოლარია და ალბათ შარშანდელ მონაცემს, რომელიც 3,4 მილიარდი დოლარი იყო, გადააჭარბებს, იმიტომ, რომ წლის ბოლო თვეებში, საახალწლოდ განსაკუთრებით იზრდება ხოლმე ჩარიცხვები", - ამბობს აუდიტორული & საკონსულტაციო კომპანია „ქუდოს ჯორჯიას“ მმართველო პარტნიორი, ირაკლი ჟვანია bmg-სთან.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2025 წლის 9 თვეში ევროკავშირის წილი გზავნილებში ყველა დროის რეკორდზეა. ბოლო ხუთ წელში ფულადი გზავნილები ევროკავშირიდან 763 მლნ დოლარიდან 1.4 მილიად დოლარამდე გაიზარდა.

"რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობის არის, როდესაც წელიწადში საუბარია 8-9 მილიარდ ლარზე. ვხვდებით, რომ ამას ეკონომიკისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ თანხის დიდი ნაწილი ინვესტიციებში მიედინება. ბევრი უცხოეთში მომუშავე ქართველი უძრავ ქონებაში დებს ინვესტიციას, ასევე მიედინება მოხმარებაში, რადგან ამ ფულით ოჯახებს არჩენენ. ანუ ძალიან დიდი როლი აქვს გადმორიცხვებს და ვიტყოდი, რომ წელი ცოტა მძიმედ დაიწყო და ზრდა არ იყო მაღალი, თუმცა წლის მეორე ნახევარში უფრო სწრაფ ზრდას ვხედავთ", - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

უკვე მეორე წელია ფულად გზავნილებში რუსეთმა პირველობა დაკარგა და საქართველო უფრო მეტს ამერიკიდან და იტალიიდან იღებს. წელს აშშ-დან საქართველომ 501 მლნ დოლარის გზავნილი მიიღო; მეორე ადგილზეა 459 მლნ დოლარით იტალია, მესამეზე კი რუსეთი 344 მლნ დოლარით, გერმანიიდან და საბერძნეთიდან 231 და 215 მლნ დოლარი მივიღეთ. ევროკავშირის ზრდის პარალელურად რუსეთის წილი გზავნილებში მცირდება.

და მაინც, სად არის მსოფლიოში საქართველო ფულადი გზავნილების კუთხით?! მსოფლიოს ბანკის მონაცემებით, წლის განმავლობაში საშუალოდ ერთ მოსახლეზე მიღებული უცხოური ფულადი გზავნილებით საქართველო მსოფლიოში 176 ქვეყნიდან მე-12 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის თანახმად, მეზობელ სომხეთთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა ფულად გზავნილებზე უფრო დამოკიდებულია.

"ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურა დიდწილად არის ფულად გზავნილებზე დამოკიდებული, იმიტომ, რომ მიგრაციული ეფექტი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყოველთვის მაღალი იყო. ვიცით, რომ ერთ მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს საზღვარგარეთ. როცა ასეთი მაჩვენებელია ჩვენი თანამოქალაქეების მიგრაციის, რა თქმა უნდა, ეს განაპირობებს ზრდას", - ამბობს ირაკლი ჟვანია.

ფულადი გზავნილების ზრდას ელოდება საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ც. მათი შეფასებით, წელს საქართველო 3.6 მილიარდ დოლარს მიიღებს გზავნილების სახით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები