მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად ეფექტიანია "რესპუბლიკურის" ძველი შენობისთვის ხარჯების გაწევა დანგრევამდე 3 წლით ადრე - მოსაზრება

ნინო ოთარიშვილი

რატომ არის საუკეთესო გზა რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი შენობის ინფრასტრუქტურული ნაწილის მოწესრიგებისთვის ხარჯის გაწევა, მაშინ როცა სამ წელიწადში მისი დემონტაჟი მაინც მოხდება? - ამ შეკითხვას რესპუბლიკურის კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა გადაცემა „წერტილში“ უპასუხა.

როგორც ექიმი მიიჩნევს, ძველი შენობის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას დიდი ხარჯი არ დასჭირდება.

„ვფიქრობ, რომ დანახარჯი რომელიც იქნება იმისთვის, რომ რესპუბლიკურმა დააკმაყოფილოს აკრედიტაციის პირობები, იქნება მინიმალური, ვინაიდან ეს ძირითადად შეეხება ინფრასტრუქტურულ სარემონტო ტექნიკურ პირობებს, როგორიცაა გათბობის პირობები, ვენტილაციის პირობები, რომლებიც მიუხედავი იყო იმის გამო, რომ ერთი წლის განმავლობაში იყო დაანონსებული საავადმყოფოს დანგრევა. ამავე დროს ის სერვისები უნდა აღდგეს, რომლებიც დიდ დანახარჯს არ მოითხოვს“, - აღნიშნა ნინო ოთარიშვილმა.

ამასთან, ოთარიშვილის თქმით, „სხვა გზა ნამდვილად არ არის, რადგან ქალაქის ცენტრში ქრება ერთ-ერთი მძლავრი კვალიფიციური ექიმებით და პერსონალით დაკომპლექტებული კლინიკა და ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ზარალდება პაციენტი და მოსახლეობა“.

მისივე თქმით, რესპუბლიკურის დახურვით ყველაზე მეტი პრობლემა გეგმური ჰემოდიალიზით მოსარგებლე პაციენტებს შეექმნებოდა.

„ეს არის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე დიდი გეგმური ჰემოდიალიზის განყოფილება ქალაქის ცენტრში, რომელიც სამ ცვლაში 100-მდე პაციენტს ემსახურება, რომლებიც წლებია სარგებლობენ. ისინი თანმხლები დაავადების და გართულებების გამო, რა თქმა უნდა, მულტიპროფილურ კლინიკაში ყოფნას საჭიროებენ და მეორე - მანძილის გაზრდა, ანუ ამ პაციენტების გადაყვანა ქალაქის სხვა უბნებში, როდესაც ცენტრში არ არსებობს გეგმური ჰემოდიალიზის განყოფილება, მათთვის იყო დამატებითი ფინანსური ხარჯი. რესპუბლიკურში ყოველწლიურად მკურნალობას 12 000-14 000 პაციენტი გადის და წარმოიდგინეთ ოთხი წლის განმავლობაში შეჩერებული რესპუბლიკური საავადმყოფო და ეს ადამიანები სერვისის გარეშე.

გარდა ამისა, წარმოიდგინეთ რამდენ სტუდენტს, ექიმს გავზრდით კიდევ ოთხი წლის განმავლობაში, რომლებიც შეიძლება დასაქმდნენ ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, - განაცხადა ნინო ოთარიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პრემიერი ირაკლი კობახიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ორჯერ შეხვდა: პირველად 23 თებერვალს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესთან ერთად, მინისტრ ზურაბ აზარაშვილის გარეშე, ხოლო შემდეგ - 24 თებერვალს, უკვე ჯანდაცვის მინისტრთან ერთად. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ უახლოესი სამი წლის განმავლობაში საავადმყოფო ფუნქციონირებას არსებულ შენობაში გააგრძელებს, ვიდრე არსებული შენობის უკან ახალი შენობა არ აშენდება. ამ სამი წლის განმავლობაში კი, არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვისაც გარკვეული ინვესტიციები განხორციელდება და თანხები დაიხარჯება, მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის შემდეგ, მთავრობის გეგმით, რესპუბლიკური საავადმყოფო ახალ შენობაში გადავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები