ორ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. რის საპასუხოდაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა სანქციების უპრეცედენტოდ ფართო პაკეტი, რომელიც მუდმივად ფართოვდება. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტურობის შესახებ PMCG უკრაინამ და PMC კვლევითმა ცენტრმა პუბლიკაცია მოამზადეს.
სანქციების მიზნად პოლიტიკური ლიდერების დიდი ნაწილი რუსეთის მიერ ომის დაფინანსების შეზღუდვას ასახელებდა. პუბლიკაციის თანახმად, თუ სანქციების ეფექტურობას ამ მიზნის მიღწევის ნაწილში შევაფასებთ, დასკვნა იქნება, რომ ამ დრომდე მიზანი მიღწეული არაა. უკრაინაში ომი გრძელდება. სანქციების ეფექტი კი მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა.
ამასთან, მოსალოდნელზე მაღალი მდგრადობა აჩვენა რუსეთის ეკონომიკამ ვინაიდან, 2022 წელს ღრმა რეცესიასთან დაკავშირებული პროგნოზები არ გამართლდა და ყველაზე სანქცირებული ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 1.2%-ით შემცირდა. 2023 წელს კი 3.6%-ით გაიზარდა. ამასთან რუბლი, რომელიც თავდაპირველად რეკორდულ მინიმუმზე დაეცა, დასტაბილურდა. ზოგიერთი ეკონომისტი რუსეთის ეკონომიკის ზრდის მიღმა მთავრობის დანახარჯებს ხედავს, რაც მდგრადი არაა. ასევე, არაერთი საკითხი, იქნება ეს მაღალი რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნება, ემიგრაციის ტალღა, გაზრდილი სამთავრობო ხარჯები, არაჯანსაღი ბიზნესკლიმატი და სხვა, ნეგატიური ფაქტორებია ქვეყნის გრძელვადიანი პერსპექტივისთვის.
შეფასებაში აღნიშნულია, რომ რიგ შემთხვევებში სანქციების იმპლემენტაცია დაგვიანდა, ხოლო ამოქმედებული სანქციების დიდ ნაწილს ახლდა ხარვეზები, რასაც რუსეთი მათი გვერდის ავლისთვის იყენებდა, შედეგად კი მოახერხა გაეგრძელებინა უკრაინაში ომის დაფინანსება.
პუბლიკაციაში განხილული სანქციებია:
- რუსული ბანკების SWIFT-იდან გამოთიშვა
- რუსეთის ცენტრალური ბანკის (CBR) რეზერვების გაყინვა
- ინდივიდუალური ზომები, მათ შორის მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა, რომლებიც ასობით კერძო პირსა და ერთეულზე დაწესდა
- რუსეთში სტრატეგიული ნივთების ექსპორტის აკრძალვა
- ნავთობისა და ენერგიის იმპორტის აკრძალვა
- აეროპორტისა და საჰაერო სივრცის აკრძალვა რუსული საჰაერო ხომალდებისთვის
- Nord Stream 2 გაზსადენის პროექტის სერტიფიცირების შეჩერება