რუსეთმა უნდა დაასრულოს უკანონო აგრესიული ომი და გადაიხადოს ზიანისთვის, რომელიც უკრაინას მიაყენა. ამის შესახებ დიდი შვიდეულის (G7) ლიდერების კომუნიკეშია აღნიშნული, რომელიც იტალიაში გამართული სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა.
სამიტზე, რომელიც 13-15 ივნისს მიმდინარეობდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინა იყო. კომუნიკეს თანახმად, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ომის შედეგად უკრაინისთვის მიყენებული ზიანი 486 მილიარდ დოლარს აღემატება.
„რუსეთის ვალდებულებები საერთაშორისო კანონმდებლობით, გადაიხადოს მის მიერ მიყენებული ზიანი, ნათელია და ჩვენ ვაგრძელებთ ყველა შესაძლო კანონიერი გზის განხილვას, რომლითაც რუსეთს აიძულებს, რომ შეასრულოს ეს ვალდებულებები“,- აღნიშნულია დიდი შვიდეულის კომუნიკეში.
ამას გარდა, სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული ამონაგების გამოყენებით, წლის ბოლომდე, უკრაინისთვის 50 მლრდ დოლარი გახდება ხელმისაწვდომი.
G7-ის სამიტის ფორმატში უკრაინამ და აშშ-მა ორმხრივი უსაფრთხოების 10-წლიანი შეთანხმება გააფორმეს.