სახელმწიფო ქონების პირდაპირი ფორმით პრივატიზაციის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა კარგია, თუმცა მინიმუმ 100 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალია - ასე აფასებს თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი ირაკლი მელაშვილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისა და გაცვლის წესების ცვლილებას.
საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი კრიტერიუმის თანახმად, მთავრობას შეუძლია სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით გაასხვისოს რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევაში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსხვილი ინვესტიციებია.
როგორც ირაკლი მელაშვილმა BMG‑ის საკითხის შეფასებისას განუცხადა, მეტად გონივრული იქნებოდა, თუკი სახელმწიფო ქონების პირდაპირი ფორმით პრივატიზაციის მთავარი წინაპირობა არა ინვესტიციის მოცულობა, არამედ მისი ინოვაციურობა იქნებოდა.
“თავად [სახელმწიფო ქონების] პირდაპირი მიყიდვის წესი არის მაღალი კორუფციის საფრთხის მატარებელი პროცესი და მე არ მახსოვს ამ ფორმით გადაცემული სახელმწიფო ქონება, რომელმაც შემდეგ რაიმე მოგება მოიტანა. რაც შეეხება ცვლილებას, ერთის მხრივ კარგია ის, რომ გარკვეული კრიტერიუმი დგინდება, რა შემთხვევაში შეიძლება პირდაპირი მიყიდვის წესით [მოხდეს ქონების პრივატიზაცია]. საინტერესოა უბრალოდ საიდან მოიტანეს 100 მილიონი ლარის [ინვესტიციის ვალდებულება], ან რას ეყრდნობოდნენ როდესაც საქართველოსთვის ასეთ საკმაოდ მაღალ მარჟას ადებენ, რომ 100 მილიონი უნდა ჩადო. ჩემი აზრით, ცოტა მაღალია საქართველოსთვის და მეორე და მთავარი, რაც არის მუდმივად ყველაზე დიდი მდგენელი ჩვენი კორუფციის, განსაზღვრული არ არის საქართველოში, ინვესტიცია რა არის. ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ხშირად ხდება ისეთი რაღაცის ინვესტიციად შეფასება, რაც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ინვესტიციად არ ითვლება. მაგალითად, მე თუ ენერგეტიკის ობიექტს ვაშენებ და ტარიფიდან ამოღებულ ფულს ვდებ, ის ინვესტიცია არ არის, ეს რეინვესტიცია და სხვა რაღაცები. ამიტომ რამდენია, რამდენი უნდა იყოს საწყისი ინვესტიცია, ასეთი რაღაცები არის [კარგად] დასათვლელი პირველ რიგში.
მე ზოგადად არ ვარ მომხრე პირდაპირი მიყიდვის წესით ქონების გადაცემის. ჩემთვის უფრო განსაკუთრებული პირობები იქნებოდა თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა, მაგალითად, თუკი ინვესტორი 50 მილიონს დებს და ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს ან რობოტების ქარხანას აკეთებს, ჩემთვის ეს იქნებოდა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თანხობრივი მარჟა”, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის არსებული პრაქტიკის ცვლილებაზე ირაკლი კობახიძემ პირველად გასული წლის ივნისში პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა და განაცხადა, რომ არსებული პრაქტიკა მათ შორის კორუფციის რისკებს შეიცავდა. 8 სექტემბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისმა კაბინეტმა პრაქტიკულად სრულად უარი თქვა პირდაპირი ფორმით ქონების პრივატიზაციაზე და ამ საკითხს მოწესრიგება კანონის დონეზე სჭირდებოდა.




























