რამდენად რეალისტურია ანაკლიის პორტით ინვესტორების დაინტერესება და 2023 წელს პორტის მშენებლობის დაწყება, როდესაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და სახელმწიფოს შორის დავა საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს? - ეს კითხვა BM.GE-მ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დაუსვა.
ლევან დავითაშვილის თვლის, რომ საარბიტრაჟო დავა ახალ ინვესტორებზე ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს.
„ინვესტორის მოზიდვის კუთხით სურათს ოპტიმისტურად ვუყურებთ, რადგან საარბიტრაჟო დავა სახელმწიფოსთან მიმდინარეობს და არ ეხება პროექტს, შესაბამისად ინვესტორები ამ რისკისგან დაზღვეულები არიან. ჩვენ ამ კუთხით ინვესტორების გადაწყვეტილებებს არ დაველოდებით და პროექტის სწრაფად განხორციელებას დავიწყებთ“, - განაცხადა მინისტრმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, სახელმწიფოს პროექტში მონაწილეობა თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელიც გუნდს გააჩნია.
„გუნდის წარმომადგენლებს არაერთხელ უსაუბრია იმაზე, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები სახელმწიფოს თანამონაწილეობით უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ გვქონდეს კონტროლი, რათა გრძელვადიან პერიოდში შევინარჩუნოთ მაქსიმალურად კონკურენტული გარემო, რომელიც ამა თუ იმ სექტორის კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს. ეს მკაფიო ხედვაა, რომელიც ჩვენი უცხოელი პარტნიორების მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერაა გაზიარებული, კონკრეტული ფლაგმანი პროექტები ცალკე განხილვის საკითხია“, - თქვა დავითაშვილმა.
დავითაშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას 2023 წლიდან აანონსებს
ხოლო კითხვაზე - რა სახით ჩაერთვება პროექტის განხორციელებაში სახელმწიფო, დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს პროექტის დაფინანსებას გულისხმობს.
„თანხა შეფასებითად გვაქვს, უბრალოდ ამაზე ინფორმაციას დღეს არ გავაჟღერებთ“, - განაცხადა მან BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. მისი თქმით, პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენი წილი კი ტენდერის გზით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემათ.