PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის მე-4 კვარტალში ჯამში ხელფასს მილიონამდე ადამიანი იღებდა, წლიურად ამ ადამიანების რიცხვი 4%-ით არის გაზრდილი. მე-4 კვარტალში ყველაზე მეტ ადამიანს (34%) 2400 ლარი და მეტი ხელფასი ჰქონდა. ანუ 341 ათასზე მეტი ადამიანი ამ კატეგორიაში იღებდა ხელფასს. დასაქმებულების 32%-ს 1200-2399 ლარის კატეგორიაში აქვთ ხელფასი. 600 ლარამდე ხელფასი 14%-ს ჰქონდა, ეს ნიშნავს, რომ მე-4 კვარტალში 140 ათასზე მეტი ადამიანი 600 ლარამდე ხელფასს იღებდა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 8.5%-ით 2 217 ლარამდე გაიზარდა.
საქმიანობის მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებშია:
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 008.3 ლარი;
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 373.5 ლარი;
⦁ მშენებლობა - 3 361.8 ლარი;
⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 259.1 ლარი;
საშუალო ხელფასი ასე გამოითვლება: საქსტატი კვარტალური კვლევებისათვის მონაცემებს აგროვებს 16 ათასამდე სხვადასხვა ზომის საწარმოდან. კვლევაში მონაწილე საწარმოები უწყებას აწვდიან შემდეგ მონაცემებს: დარიცხული შრომის ანაზღაურების ფონდს ანუ ჯამურ თანხას, რაც ხელფასებზე იხარჯება. ეს ძირითად ხელფასთან ერთად ასევე მოიცავს პრემია-დანამატსაც. ამის შემდეგ, სახელფასო ფონდი ჯერ იყოფა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობაზე, შემდეგ 3-ზე ან 12-ზე, იმის მიხედვით კვარტალურია კვლევა თუ წლიური. ამას გარდა, საშუალო ხელფასი დარიცხული თანხაა და მას 20% აკლდება.