მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი მილიარდი ლარის გადასახადი აკრიფა მთავრობამ იანვარ-თებერვალში?

ფული

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ დღეს 2025 წლის იანვარ-თებერვლის საგადასახადო შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ცენტრალურ ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 3.46 მილიარდ ლარს შეადგენდა. ეს თანხა მთლიანად 3 თვის საგადასახადო გეგმის შესრულების 65%-ია. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში მიღებული საგადასახადო შემოსავლები 437 მილიონი ლარი იყო, შესაბამისად მთლიანობაში ბიუჯეტში იანვარ-თებერვალში 3.9 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა. ეს თანხა 2024 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 9.5%-ით მეტია.

ცენტრალური ბიუჯეტის საგადასახადო შესრულება იანვარ-თებერვალში ასე ნაწილდება:

  • დღგ - 1.26 მილიარდი ლარი, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დღგ-ის შემოსავლების ჩათვლით - 1.58 მილიარდი ლარი, 2024 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით მატება 5.4%;
  • საშემოსავლო გადასახადი - 1.26 მილიარდი ლარი, კვარტალის გეგმის 68%, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით - 1.37 მილიარდი ლარი, 2024 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით მატება 15%;
  • მოგების გადასახადი - 398 მილიონი ლარი, კვარტალის გეგმის 47%, 2024 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით მატება 12.2%;
  • აქციზის გადასახადი - 258 მილიონი ლარი, კვარტალის გეგმის 46%, 2024 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით კლება 22.5%.

ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან შესული თანხის კლება სავარაუდოდ დაკავშირებულია თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გაძვირებასთან, რის გამოც თამბაქოს იმპორტიორმა კომპანიებმა 1 იანვრამდე რამდენიმე თვის მსხვილი მარაგები გააკეთეს, რათა აქციზის მატებისგან დროებით დაეზღვიათ თავი.

რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლების სხვა კომპონენტებს, პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 17.4 მილიონი ლარი შევიდა, რაც კვარტალის გეგმის 25%-ია; იმპორტის გადასახადის მობილიზებამ კი 19.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც კვარტალის გეგმის 55.8%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები